Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა აჭარაში - ბრალეულები და განმუხტვის გზები


დავით პაიჭაძე, თბილისი აჭარაში ისევ დაძაბულობაა. ასლან აბაშიძემ ქუჩაში სამოქალაქო ფორმით შემოსილი და ავტომატებით შეიარაღებული პოლიცია გამოიყვანა. საზოგადოებაში გრძელდება საპროტესტო დუღილი,

რასაც აჭარის ხელისუფლება მხარდამჭერი მოქალაქეების კონცენტრაციით უპასუხებს. თბილისში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე ალაპარაკდნენ. თავად ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება აჭარაზე იერიშს ამზადებს და, ამასთანავე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს იხსენებს. პარლამენტის წევრი და აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგენელი თბილისში, ჰამლეტ ჭიპაშვილი, სამოქალაქო დაძაბულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს:

[ჭიპაშვილის ხმა] "დღეს ავტონომიურ რესპუბლიკაში, არ არის გამორიცხული, ისეთი გაუთვალისწინებელი ნაბიჯები გადაიდგას, უარესად მძიმე შედეგი გამოიწვიოს. მე ამას არ ვამბობ არც დაშინების და არც არავითარი სხვა მიზნით, გარდა გაფრთხილებისა. მოგეხსენებათ, როცა სპექტაკლში კედელზე თოფი ჰკიდია, ის თოფი გაისვრის."

ჯერჯერობით, თუ ვინმეს თოფი ჰკიდია, ეს ბათუმში ასლან აბაშიძის მხარდამჭერი თუ დამცველი ადამიანები არიან. ჰამლეტ ჭიპაშვილი აბაშიძეს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს და მოქალაქეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საჭიროა საზოგადოებამ მშვიდობიანად მიაღწიოს 28 მარტის არჩევნებამდე.

ასლან აბაშიძის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის სასარგებლოდ გამოდის გაერთიანება "მშვიდობიანი კავკასიის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე. კაცმა რომ თქვას, იარაღის ძალით აბაშიძის დამხობაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. მისი რადიკალური პოლიტიკური ოპონენტებიც კი ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ მშვიდობიან გზებზე საუბრობენ. განსხვავება ერთია: შეურიგებელ ოპონენტებს საამისოდ მაინცდამაინც არჩევნები არ მიაჩნიათ საჭიროდ. ისინი აბაშიძის გადადგომას მოითხოვენ.

რაც შეეხება აჭარაში შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს, მამუკა არეშიძე აღნიშნავს:

[არეშიძის ხმა] "აჭარა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და არ გამოვრიცხავ, რომ, ასლან აბაშიძისა და ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, იქ დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიება, რომელიც სისხლს მოიტანს. ადამიანები, ქუჩებში სამოქალაქო ტანსაცმლით რომ დადიან, ზოგჯერ საერთოდ არ არიან ქართველები და გარეულები არიან მომიტინგეებში - გინდა ასლან აბაშიძის მომხრეთა, გინდა მის მოწინააღმდეგეთა რიგებში."

მამუკა არეშიძის განმარტებით, ეს ადამიანები, მეტწილად, მუშაობენ ბათუმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაში.

იურისტი დავით უსუფაშვილი კრიტიკულად ეკიდება აჭარაში ადამიანის ძირითად უფლებათა შეზღუდვას და პირადად აბაშიძის მიერ ჟურნალისტების დევნის გამართლებას. ის მიიჩნევს, რომ, უწინარესად, სწორედ ასლან აბაშიძე აგებს პასუხს აჭარაში მიმდინარე პროცესებზე. თუმცა დავით უსუფაშვილიც არჩევნებს მიიჩნევს აჭარაში ხელისუფლების შეცვლის ყველაზე მისაღებ გზად.

[უსუფაშვილის ხმა] "პირადად ჩემთვის ასლან აბაშიძის ხელსუფლებაში ყოფნა გარკვეული დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, აჭარის ტერიტორიაზე პირველივე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ასლან აბაშიძე და მისი დღევანდელი პარტია თუ გუნდი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას."

დავით უსუფაშვილი დასძენს, რომ თბილისში მცხოვრები მოქალაქის განწყობა განსხვავდება ბათუმის მკვიდრის მოლოდინისაგან. მას ერთი სული აქვს, გათავისუფლდეს აბაშიძის რეჟიმის წნეხისაგან, რომლის წარმავალობაზე თითქოს აჭარის მეთაურის ბოლო რეპლიკაც მიანიშნებს:

[აბაშიძის ხმა] "მე ვაკეთებ და ვტოვებ."
XS
SM
MD
LG