Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


524-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 524-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით იმ კრიტიკულ შენიშვნებზე, რომლებიც ახალი ხელისუფლების მიმართ გამოითქმის სამოქალაქო სექტორის მხრიდან; შევეხებით აფხაზეთის კონფლიქტის თემას; ვისაუბრებთ იმაზე, გაითვალისწინებენ თუ არა პარტიები საარჩევნო სიის შედგენისას ევროსაბჭოს რეკომენდაციას; ჩვენი დღევანდელი სტუმარია კინორეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი; გადაცემას დავასრულებთ სიუჟეტით გამოჩენილი კინოხელოვანის, ჰელმუტ ნიუტონის შესახებ, რომელიც ამ დღეებში დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


კრიტიკული შენიშვნები ახალ ხელისუფლებას

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოს სამოქალაქო სექტორი არასოდეს ეპუებოდა ქვეყნის ხელისუფლებას და ყოველთვის ჰქონდა საფუძველი მისი საბუთიანი კრიტიკისათვის. დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ის ადამიანები არიან, რომელთაც სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ. მიუხედავად ამისა, ახალი ხელისუფლებაც შეიძლება გახდეს ამ სექტორის წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი. დავით პაიჭაძემ თავი მოუყარა პირველ პრეტენზიებსა და შენიშვნებს ახალი ხელისუფლების მისამართით.

დავით პაიჭაძე:
ორ თვეზე ცოტა მეტი გავიდა, რაც შევარდნაძე აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირაც არ არის, შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობათა შესრულებას. ახალი მმართველობის ამ მართლაც მცირე დროის მიუხედავად, შენიშვნები, პრეტენზიები თუ შეკითხვები ხელისუფლების მისამართით სამოქალაქო სექტორში უკვე დაგროვდა.

ღვთისმეტყველმა და პუბლიცისტმა, ნოდარ ლადარიამ ასე ჩამოაყალიბა საფრთხე, რომელიც, ხელისუფლების საქმიანობამ, შეიძლება, რეალობად აქციოს.

[ლადარიას ხმა] ?მე ძალიან მეწყინება, თუ ახალი ხელისუფლება ? და ამის ნიშნები უკვე არის ? ისევე მიიჩნევს ქართველ ხალხს იდიოტად, როგორც ამას წინა ხელისუფლება მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ ქართველი ხალხის ყიდვა შეიძლება რაღაც იაფი სიმბოლიკით ? ვგულისხმობ დღესასწაულების დამთხვევებს. ძალიან დამაფიქრებელია, თუ არ მოიხსნება ტაბუ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაზე პრესაში, თუ წინა პლანზე წამოიწევს შუასაუკუნეობრივი საკრალური აქტები ეროვნული შერიგებისა და ა.შ.?...

ე.წ. შერიგების პროცესს გაუგებარსა და ნაუცბათევს უწოდებს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ექსპერტი დავით დარჩიაშვილიც. მისი აზრით, შერიგება ფართო მსჯელობისა და მუშაობის საგანი უნდა გამხდარიყო. ამის ნაცვლად

[დარჩიაშვილის ხმა] ?რამდენიმე კაცი უცებ წყვეტს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და დავივიწყეთ. სანაპიროს ერქმევა სახელი და თან ერთ-ერთი მხარე მიიჩნევს, რომ მთლიანად მართალია, სარეაბილიტაციო არაფერი სჭირს, ხოლო მეორე ბოდიშებს იხდის. ვერ გავიგე, რა ხდება, რა ღირებულებებია დომინანტური ახალ ელიტაში, რომელიც ახლა ყალიბდება?.

დავით დარჩიაშვილს ეჭვს უჩენს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაც: 2 ნოემბერს არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების საგრძნობი ნაწილი რეგიონული და რაიონული მასშტაბის კლანების წევრია, ახალმ ხელისუფლებამ კი ისინი შეიწყნარა და პარლამენტში დატოვა.

[დარჩიაშვილის ხმა] ?ასევე არ ვიცი, რა ფუნქციას ანიჭებენ უშიშროების საბჭოს და ვანო მერაბიშვილი რამდენად შესაფერისია ამ თანამდებობისთვის. გააჩნია ? თუ მისი ფუნქცია ქვეყნის სტრატეგიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დაგეგმვის კოორდინაციაა, მაშინ ცოტა სხვა სპეციალისტი უნდა იყოს აქ. თუ სხვა ფუნქციას ანიჭებენ ამ ორგანოს, მაშინ ჯერ ფუნქცია განესაზღვრათ და ადამიანი მერე შეერჩიათ. საერთოდ, არ ჩანს, რომ კადრებს არჩევენ ფუნქციის მიხედვით. ხშირად კადრებს ნიშნავენ იმიტომ, რომ არიან ახლოს და არიან პოლიტიკურად ერთგულები ახალი ხელმძღვანელობის?.

დავით დარჩიაშვილი აკრიტიკებს პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკას: შეგახსენებთ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღალ სახელმწიფო თანამდებობას ვერ დაიკავებს ის პირი, რომელმაც ან რომლის შვილმაც არ გაიარა სამხედრო სამსახური. დარჩიაშვილის თქმით, ცხადია, ჯარში გაწვევის დროს სოციალური სამართლიანობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს, მაგრამ მამისა და შვილის ბრალეულობის გადაბმა უფრო მონღოლურ ტრადიციულ სამართალს ეხმიანება.

ცალკე საკითხია საკონსტიტუციო ცვლილებები. ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგე, გიგი თევზაძე ამბობს, რომ საჭირო და არაპოპულარული კანონების შეტანა პარლამენტში სწორედ ახლა უნდა ხდებოდეს. განათლების, ეკონიმიკის, სახელმწიფო მართვის სფეროში მკვეთრად რეფორმისტული კანონების დამტკიცებაზე პარლამენტი უარს ვერ იტყვის.

[თევზაძის ხმა] ?ამის მაგივრად ახალი ხელისუფლება გადაყვა კონსტიტუციური მოდელის ცვლილებას. თან, ბევრი მცდელობის მიუხედავად, კარგად ვერ აუხსნა საქართველოს საზოგადოებას, რა უპირატესობა აქვს ამ კონსტიტუციურ ცვლილებას. სიკეთის დანახება საზოგადოებისათვის ვერც ერთმა მათმა ?ტვინმა? ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან მკვეთრად და მკაცრად აწვებიან ერთი მხრივ, საზოგადოებას და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ ელიტას, რათა ეს ცვლილება განხორციელდეს. ამას, რა თქმა უნდა, ცუდი შედეგი მოჰყვება როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე ხელისუფლებისათვის, რაც ძალიან მალე გამოვლინდება ხელისუფლების არაეფექტიანობაში?.

შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს იურისტი დავით უსუფაშვილი, რომელსაც დაუშვებლად მიაჩნია პარლამენტის დასუსტება. რეფორმატორულ მთავრობას სჭირდება ძლიერი პარლამენტი, რომელიც არ მისცემს მთავრობას საშუალებას, ხშირად დაუშვას შეცდომები.
დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


გაითვალისწინებენ თუ არა პარტიები საარჩევნო სიის შედგენისას ევროსაბჭოს რეკომენდაციას

ბიძინა რამიშვილი:
უახლოეს მომავალში პარტიები საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ, რაც, პირველ რიგში, საარჩევნო სიების დაკომპლექტებას გულისხმობს. ექსპერტთა ვარაუდით, უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ სიაში ძალიან მოკრძალებულად ან სულ არ იქნებიან წარმოდგენილი ქალები. შესაბამისად, 4 წლის მანძილზე საქართველოში პოლიტიკა ისევ მამაკაცების სარბიელად დარჩება. არადა, ევროსაბჭოს რეკომენდაციით, აუცილებელია საქართველომ სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საარჩევნო სიებში ქალთა წარმომადგენლობისთვის კვოტა დააწესოს. თამარ ჩიქოვანი შეგახსენებთ, რა რეაქცია გამოიწვია ამ რეკომენდაციამ საქართველოს პარლამენტში.


თამარ ჩიქოვანი:
თავდაპირველად რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი: ყველაზე მეტი პარლამენტარი ქალი სკანდინავიის ქვეყნების პარლამენტებშია - ქალები შვეციის პარლამენტის 42 პროცენტს, დანიის 38 და ნორვეგიის 36 პროცენტს შეადგენენ. კვოტირების პრინციპი არსებობს არა მხოლოდ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ იქაც, სადაც დემოკრატიული ფასეულობები დიდი ხანია, ცხოვრების წესად იქცა. მაგალითად, 1999 წლის საკონსტიტუცი ცვლილებით საფრანგეთში დაკანონდა, რომ საარჩევნო სების 50 პროცენტი ქალებს ეკუთვნით.

საქართველოში ქალთა წარმომადგენლობისთვის კვოტირების პრინციპის შემოღების ინიციტივით 2 ნოემბრის არჩევნების წინ პარლამენტარი ადა მარშნია გამოვიდა. მისი ინიციტივა ჩავარდა - სხვათაშორის, კვოტირების წინააღმდეგ გამოვიდნენ არა მხოლოდ მამაკაცი პარლამენტარები, არამედგ პარლამენტში წარმოდგენილი მანდილოსნებიც - ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ქალები მხოლოდ 7 პროცენტს წარმოადგენენ. ადა მარშანია გეგმავს, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე კვლავ წამოაყენოს ქალებისთვის კვოტების გამოყოფის საკითხი:

[ ადა მარშანიას ხმა] ? მე კიდევ ერთხელ შემოვალ პარლამენტში ამ კვოტირების საკითხით. კიდევ ერთხელ მოვიტან ჩემს არგუმენტებს, აგრეთვე, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს. არა მაქვს ნამდვილად იმედი, რომ პარლამენტი გაიზიარებს ამ ჩემს ინიციტივას, მაგრამ თავად ფაქტი, რომ პარლამენტი ამ თემაზე იმსჯელებს მეორედ - უკვე თავისთავად ძლიან დადებითი და პოზიტიური იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის.?

პოლიტიკური გაერთიანების ?ქალთა დაცვის კავშირის? თავმჯდომარის ნარგიზა გვალიას თქმით, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის თვალსაზრისით ვითარება საქართველოში კი არ უმჯობესდება, უარესდება:

[ ნარგიზა გვალიას ხმა] ? მე გავაკეთე ასეთი სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ქალი მონაწილეობდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში და ძლიან ცუდი სუტიაციაა. ძალიან ცოტაა ახალი სახე.?

სიტუაციის წარმოსადგენად ასეთი მონაცემიც იკმარებს - უკვე არჩეულ 80 მაჟორიტარ დეპუტატს შორის მხოლოდ ორია ქალი - ქუთაისის მაჯორიტარი დეპუტატი ნინო ბურჯანაძე და ყვარლის მაჟორიტარი კანდიდატი ნანა პატარკაციშვილი. 28 მარტის არჩევნების წინ ნარგიზა გვალიას ახალ მმართველ პარტიასთან ბლოკში გაერთიანება სურს, თუმცა კონსულტაციების გამართვა ჯერ ვერ მოახერხა:

[ ნარგიზა გვალიას ხმა] ? სადაც არ ვრეკავთ, ყველა ლიდერი მიუღწევადია. ამბობენ, რომ კარი ღიაა - სად არის ეს კარი ღია??

როგორ შეიძლება ქალებმა აღმოაჩინონ ის კარი, რომელიც მათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას მისცემს - ფსიქოლოგ ლელა გაფრინდაშვილის აზრით, ქალთა პოლიტიკაში დაწინაურების ერთერთი შემაფერხებელი ფაქტორია ქალთა დაბალი თვითშეფასება:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ? ფაქტიურად, ისინი თვლიან, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორიც არის პოლიტიკა - მათ არ გამოუვათ მამაკაცებზე უკეთესად. და ეს არის, ელემენტარულად, ილუზია, იმიტო,. რომ ჯერ ერთი, არა აქვთ გამოცდილება და მეორე - რასაც აკვირდებიან, წარმატებული მამაკაცები ძირითადად არიან მამაკაცები. ეს ველი დაკავებულია მამაკაცების მიერ და იქმნება ილუზია, რომ ეს მათი საქმეა.?

ფსიქოლოგი გააგ ნიჟარაძე ქართული საზოგადოების მასკულუზმზე საუბრობს და ამბობს, რომ დღემდე საქართველოში ქალთ მიმართ სტერეოტიპები მოქმედებს:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ? სპეციფიკა აქვს ასეთი - არის ნორმატიულად მსკულინური ქვეყანა, რადგან დამკვიდრებულია აზრი ქალებშიც და კაცებშიც, რომ კაცი უფრო კარგი ტიპია - უფრო ჭკვიანია, უფრო ნებისყოფის მქონე და ა.შ. ქალიც მაინც ძირითადად არის ოჯახთან და დედობასთან ასოცირებული.?

მისივე აზრით, საზოგადოებრივი აზრის შეცვლა ნელა, მაგრამ მაინც ხდება. თუმცა, რამდენად აღიქვამს საზოგადოება ქალს მამაკაცთნ თნაბარი შესაძლებლობების მქონე ადამიანად - ეს მაინც ქალებზეა დამოკიდებული.
თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ბიძინა რამიშვილი:
28 იანვარს სააგენტო ?იტარ-ტასმა? გაავრცელა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის მეთაურის ვლადისლავ არძინბას განცხადება, სადაც გამოთქმულია მზადყოფნა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. ამასთან არძინბა აფრთხილებს თბილისს, რომ აფხაზეთი არ აპირებს თავისი დამოუკიდებლობის დათმობას. მისი თქმით, უკანასკნელ ხანს საქართველოს ოფიციალური ხელსუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ გაუკეთებიათ განუცხადებები, რომლებიც ეჭვს ბადებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ თბილისის მისწრაფებაში.

გარდა ამისა, აფხაზეთის მეთაურმა გამოთქვა შეშფოთება, რომ მთელი რიგი ქვეყნები და, უპიველესად, აშშ, მასშტაბურ სამხედრო დახმარებას უწევენ საქართველოს.

არძინბა მოუწოდებს გაეროს, რუსეთსა და გაეროს გენერალური მდივნის მეგობრების ჯგუფს, რომ გამოიყენონ თავისი გავლენა და ბოლო მოუღონ საქართველოს მხარის განცხადებებსა და მოქმედებებს, რაც, მისი თქმით, ?ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს, რომლებიც თბილისმა მოლაპარაკებების მსვლელობისას იტვირთა?. რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე ქართველი ექსპერტები. გიორგი კაკაბაძე გაგაცნობთ მათ მოსაზრებებს.

გიორგი კაკაბაძე:
ჩვენი რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ არძინბას განცხადებაში თავისთავად ახალი არაფერია. ამასთან პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარეს რატომღაც ავიწყდება 1994 წლის 4 აპრილს მოსკოვში დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, აფხაზეთი ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოიაზრება. მისივე თქმით, ?ვინაიდან აფხაზეთში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ გარკვეული ნდობა გაჩნდა, ამიტომ აფხაზეთის მხარესთან მოლაპარაკებები აუცილებელია, თან ეს პროცესი, ასე ვთქვათ, ნულიდან უნდა დაიწყოს?.

[ზაქარეიშვილის ხმა] ?ჩვენს მხარეზე არის ყველა რესურსი, აფხაზეთის მხარეზე კი არანაირი რესურსი არ არსებობს. ერთადერთი რესურსი რუსეთია. თუ ჩვენ დავსხდებით აფხაზებთან მოსალაპარაკებლად და ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ მათ ინტერსებს ვიცავთ, ეს რუსეთის რესურსიც ჩვენ მხარეზე გადმოვა.?

პაატა ზაქარეიშვილი აქვე ამბობს, რომ მისთვის გასაგებია აფხაზური მხარის შეშფოთება. პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის საინაუგურაციო ღინისძიებების დროს არერთი სიმბოლო მიანიშნებდა ხელისუფლების გარკვეულ აგრესიულობაზე.

[ზაქარეიშვილის ხმა] ?ასეთი სომბოლოები იყო: მაგალითად, პრეზიდენტმა დაშნა აათამაშა და თქვა, რომ ამ დაშნით მტრებს მოვერევიო. მერე ბათუმში იყო და კატარღებზე როცა საუბრობდნენ, თქვა, - ეს კატარღები აფხაზეთში გამოგვადგებაო.?

?რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტს აქვს იმის დრო და შეუძლია დაარწმუნოს კიდეც აფხაზური მხარე იმაში, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება მის პრიორიტეტს წარმოადგენს?, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

[ზაქარეიშვილის ხმა] ?და როცა არ წამოვიდოდნენ დიალოგზე, მერე უკვე შეიძლება იარაღის ჟღარუნიც და გარკვეულად კუნთებზე ყურებაც. ეს აბსოლუტურად არ არის აკრძალული და ყველას აქვს ამის უფლება?.

კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილის თქმით, ბუნებრივია, რომ სოხუმი შეშფოთებულია იმ დახმარებით, რომელსაც საქართველოს სამხედრო სფეროში აშშ და დასავლეთი უწევს. მაგრამ, როგორც იგი ამბობს, მთავარი ისაა, რომ საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა დაიწყო ქვეყანაში ახალი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, აფხაზეთის პრობლემის მიმართაც. ?ეს პოლიტიკა სულაც არ გულისხმობს კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას?, -ამბობს იგი.

[ხუციშვილის ხმა] ?იმისათვის, რომ აფხაზეთის საკითხის დარეგულირებაში ჩვენ გარკვეული წინსვლა მივიღოთ, რა თქმა უნდა, ახალი პოლიტიკაა საჭირო, ახალი ნაბიჯებია საჭირო. თუ ამაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ აგვიბეს მხარი და არ დაგვეხმარნენ, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ თავის მანდატში გამოცხადებულ ფუნქციას ისინი ვერ ასრულებენ?.

გიორგი ხუციშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის პოლიტიკა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით დაფუძნებული იქნება არა აგრესიულობაზე, არამედ კონსტრუქციულ მიდგომაზე. ეს კი, მისი თქმით, სათანადოდ აღიქმება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ და საკმაოდ კარგ პერსპექტრივებს დასახავს კონფლიქტის დარეგულირებაში.
გიორგი ხუციშვილის აზრით, ამაში თავის როლს შეასრულებს საქართველოს პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი კატეგორიულობა და არა აგრესიულობა:

[ხუციშვილის ხმა] ?ეს კატეგორიული ტონი არის მიმართული იმისკენ, რომ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს რაღაც პოლიტიკური ნება, რაც აქამდე არ იგრძნობოდა?.
გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ინტერვიუ მიხეილ კალატოზიშვილთან

ბიძინა რამიშვილი:
დღეს "მეათე სტუდიის" სტუმარია კინორეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი. მასთან საუბრის საბაბიც და თემაც ბაბუამისი ? დიდი მიხაილ კალატოზოვი გახლავთ. საქმე ის არის, რომ ამ დღეებში მთელი კინემატოგრაფიული სამყარო აღნიშნავს გამოჩენილი საბჭოთა კინორეჟისორის, "მიფრინავენ წეროებისა" და "ჯიმ შვანთეს" ავტორის მეასე წლისთავს. მის შვილიშვილს, კალატოზიშვილების კინოდინასტიის მესამე თაობის წარმომადგენელს, მოსკოვში დაურეკა დავით კაკაბაძემ. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს და წინასწარვე გიხდით ბოდიშს სატელეფონო კავშირის დაბალი ხარისხისთვის.

იხ. აუდიოვერსია.


გარდაიცვალა ჰელმუტ ნიუტონი

ბიძინა რამიშვილი:
გასულ კვირაში საავტომობილო კატასტროფაში 83 წლის ასაკში დაიღუპა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფოტოხელოვანი ჰელმუტ ნიუტონი, რომლის სკანდალური სურათები ერთობ ამბივალენტურ რეაქციას იწვევს.

ჰელმუტ ნოიშტედტერი, ასეთია მისი ნამდვილი გვარი, 1920 წელს დაიბადა ბერლინში შეძლებული ებრაელი მეწარმის ოჯახში. როგორც თავის მოგონებებში წერს, სიყმაწვილიდანვე იზიდავდა გოგონები, ცურვა და ფოტოსურათების გადაღება. პირველი ფოტოაპარატი თორმეტი წლისამ მიიღო საჩუქრად. 16 წლის ასაკში კი, მამამისის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდის ცნობილ ბერლინელ ფოტოგრაფ ქალს, ივას დაუდგა შეგირდად. მაგრამ უკვე ორი წლის შემდეგ იძულებული გახდა, ნაცისტების დევნას გაქცეოდა. ივა კი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.

ახალგაზრდა ფოტოგრაფი ჯერ სინგაპურში მუშაობდა გაზეთის ფოტოგრაფად, შემდეგ ავსტრალიის მოქალაქე გახდა და მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა როგორც უბრალო ჯარისკაცი. საბოლოოდ პარიზში დაიდო ბინა.

ნიუტონის კარიერა 60-იან წლებში დაიწყო მოდის ფოტოგრაფიაში, რომელშიც მან რევოლუცია მოახდინა თავისი ეროტული სურათებით. 1961 წლიდან მოკიდებული რეგულარულად თანამშრომლობდა ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა ფრანგული და ამერიკული "ვოგი", "ელი", "მარი კლერი" და სხვ.

80-იან წლებში, სუპერმოდელების ათწლეულში, თავისი კამერით უკვდავყო კლაუდია შიფერი, ნაომი კემპბელი, ტატიანი პატიცი. იმ დროისთვის უკვე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჰონორარებს იღებდა.

დიდი სახელი ნიუტონმა თავისი ნამუშევრების ორი ციკლით, "დიდი შიშელი ქალით" და "თეთრი ქალით" მოიპოვა. შიშველი აქტის ფოტო უცხო ხილი არც ნიუტონამდე ყოფილა, მაგრამ მან ამ ჟანრს სრულიად განუმეორებელი სახე მისცა.

[წიბახაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

ეს გახლდათ ცნობილი ქართველი კინოხელოვანი გურამ წიბახაშვილი.
ჰელმუტ ნიუტონის შემოქმედების საიდუმლო არა მხოლოდ ის იყო, რომ ეროტიკის სფეროში ყოველგვარ ტაბუს უარყოფდა, არამედ ისიც, რომ მან სხვაზე ადრე ამოიცნო სხვა მედიის უპირატესობებიც. მისი ფოტოგრაფია კინემატოგრაფიულია. მისი სცენები კინოს პრინციპითაა დადგმული. ფილმს მოგვაგონებს სასტუმროს ოთახები, რომლებშიც არის გადაღებული მისი შიშველი ქალები. ფილმს მოგვაგონებს მისი ხელოვნურობის ზღვარზე მიყვანილი განათება. ფილმს ჩამოჰგავს სურათზე აღბეჭდილი სიტუაცია, რომელიც, როგორც წესი, ამოუცნობია, თითქოს დაუმთავრებელი, თითქოს რაღაც სიუჟეტიდან არის ამოგლეჯილი.

ეროტიკა არის ის სფერო, რომელმაც ნიუტონს თაყვანისმცემლებიც მოუხვეჭა და კრიტიკოსებიც. განსაკუთრებით განარისხა მან თავისი შიშველი სხეულებით ფემინისტები, რომელთა აზრით, ნიუტონის სურათებზე ქალები შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ პოზებში არიან წარმოდგენილი. პროფესიონალი ფოტოგრაფები უფრო სხვა პრეტენზიებს უყუნებენ მის ხელოვანებას. მათ შორის არის ცნობილი ამერიკელი ფოტოხელოვანი, სტენლი გრინი, რომელმაც გვითხრა:

[გრინის ხმა] "ჩემის აზრით, გვიანდელ პერიოდში შედარებით დაკარგა მნიშვნელობა. მე მგონი იმის პაროდირება დაიწყო, რასაც ადრე აკეთებდა. დღესდღეობით ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითონ უხილავი დარჩეს. მაგრამ მოდის სამყაროში ფოტოგრაფი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე თავად სურათები. ჰელმუტ ნიუტონს რაც შეეხება, ბოლო ხანებში იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე თავად ამბავი, რომელსაც იღებდა. და ეს ერთგვარ პაროდიად იქცა, რაც დასანანია, ვინაიდან ძალიან დიდი ნიჭის პატრონი იყო."

ბერლინში დაბადებული ფოტოგრაფი სიცოცხლის ბოლოს შეურიგდა ქალაქს, საიდანაც იძულებული იყო, გაქცეულიყო. მისი საუკუნო განსასვენებელიც ბერლინი იქნება.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG