Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკომანია შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელმაც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა საკონდიტრო ყაყაჩოს თესლის განადგურების კამპანიით დაიწყო,

პოლიციის ნარკომან მაღალჩინოსნებსა და მათ შვილებსაც გადასწვდა. თუმცა კონტრნარკოტიკული ბრძოლის ეს მეორე ეტაპი გაცილებით უფრო სარისკო და რთული აღმოჩნდა. ნარკოტიკების ხმარებაში შემჩნეული პოლიციის თანამშრომლები ნარკოლოგიური ტესტირების დროს საკუთარ კოლეგებს ემუქრებიან და ზოგ შემთხვევაში შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ. ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ შემდგომში ურჩი პოლიციის თანამშრომლების ნარკოლოგიურ ცენტრში მიყვანა სპეცრაზმის თანხლებითაც მოუხდეს.

თბილისში მცხოვრებ ყველა, მეტნაკლებად ცნობილ, ნარკოტიკის გამსაღებელს პოლიცია მფარველობს და ამ ინფორმაციას უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, სადაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარების გამო ორგანოდან 30-მდე თანამშრომელი დაითხოვეს. ამ სტატისტიკაში ყველაზე დამაფიქრებელი ის არის, რომ ნარკოტიკის მომხმარებელთა შორის აღმოჩნდნენ პოლიციის ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ნარკომანიის წინაღმდეგ ბრძოლა თანამდებობრივადაც ევალებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის ირაკლი კლდიაშვილის თქმით, ნარკოლოგიური შემოწმებისას სისხლში მორფინის შემცველობა აღმოაჩნდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილეს ალექსანდრე მეტრეველს, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, როდესაც საკუთარ კაბინეტში თანამშრომლებთან თათბირს ატარებდა.

ტესტირებამ ნარკოტიკების შემცველობა დაუდგინა ამავე ბიუროს უფროსის მოადგილის მურად მაისურაძის ვაჟს, დავით მაისურაძეს, რომლის შემოწმება ნარკოლოგიურ ცენტრში, მეტი დამაჯერებლობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფმა ვიდეოფირზე აღბეჭდა და ჟურნალისტებს გააცნო. აღსანიშნავია, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ნარკოტიკის მომხმარებელი მაღალი თანამდებობის პირის შვილი აღმოჩნდა. პირველი იყო თბილისის ყოფილი პროკურორის თენგიზ მახარაძის შვილი, რომელიც ერთ-ერთ რაიონში საპასპორტო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
იმერეთის სამხარეო პოლიციაში 9 შემოწმებული თანამშრომლიდან 6-ს სისხლში ნარკოტიკის შემცველობა აღმოაჩნდა. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თქმით, ნარკოტიკების ხმარებაში შემჩნეული პოლიციის თანამშრომლები ნარკოლოგიური ტესტირების დროს საკუთარ კოლეგებს ემუქრებიან და ზოგჯერ შეიარაღებულ წინააღმდეგობასაც არ ერიდებიან.

[ირაკლი კლდიაშვილის ხმა] "ქუთაისში გვქონდა შემთხვევა: როდესაც ჩვენ შემოწმება მოვთხოვეთ სისხლის სამართლის განყოფილების ერთ-ერთ თანამშრომელს, მან იარაღი მომართა, შუბლზე დაგვადო და გაიქცა განყოფილებიდან. გუშინწინ კი, როდესაც ნარკოლოგიურ ცენტრში მეტრეველის შემოწმება დავასრულეთ, მან დაამსხვრია იქაურობა - მათ შორის, თავისი ანალიზი - და მიიმალა. ჩვენ მას დავაკავებთ და იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის დანაშაულზე." (სტილი დაცულია)

ცალკე პრობლემაა პოლიციის მაღალჩინოსნების კრიმინალური თანამშრომლობა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან, რამაც ბოლო 6 წლის განმავლობაში განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია. ნარკოტიკებით კი რეალიზატორები კვლავ უხვად მარაგდებიან მეზობელი ქვეყნებიდან და კონფლიქტური ზონებიდან, რომლებიც დიდი ხანია კრიმინალურ ოაზისებად გადაიქცნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიის წინაღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსის ალეკო ტაბატაძის თქმით, მხოლოდ გასულ კვირაში რამდენიმე დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი იქნა გამოვლენილი.

[ალეკო ტაბატაძის ხმა] "კვირაში დაახლოებით 5-6 რეალიზატორს მაინც ვავლენთ. გუშინ ეროვნულმა ბიურომ დააკავა ვინმე ეკა ქავთარაძე, რომელსაც 100 ამპულა ტრამალი აღმოაჩნდა. შემდეგ, გავყევით ამ ღონისძიებას, მან დაგვისახელა პიროვნების სახლი, რომელსაც 150 ამპულა ნარკოტიკი აღმოაჩნდა. ასევე მის ბინაში 950 კაფსულა აღმოჩნდა. ნარკოტიკული საშუალება რუსეთიდან აღმოჩნდა შემოტანილი ." (სტილი დაცულია)

საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ბრუნვა განპირობებულია მომხმარებელთა რიგების ზრდით. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ნარკომანთა რაოდენობა საქართველოში არ კლებულობს. უცვლელი რჩება ნარკომანიის სოციალური და ფსიქოლოგიური საფუძველი: უმუშევრობა, სასოწარკვეთა, ქურდული ტრადიციებისადმი ლტოლვა და კრიმინალური გზით გამდიდრების სურვილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG