Accessibility links

ედპ-ტრადიციონალისტები საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პროექტს ამზადებენ


ედპ-ტრადიციონალისტები ქვეყნის პარლამენტს უახლოეს ხანში წარუდგენენ კანონპროექტს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შესახებ.

აღნიშნული კანონპროექტი, საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამისათვის კი, ედეპე-ტრადიციონალისტების აზრით, საარჩევნო კომისიებში პარტიული პროპორციის შეცვლაა საჭირო. ეს პრინციპი, პროექტის მიხედვით, წარმმართველი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება.

28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობის მოწესრიგების საკითხი, უდავოდ, დგას დღის წესრიგში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომზადდა საარჩევნო კოდექსის შესწორებათა პაკეტი, რომელიც, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია პირდაპირ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ორგანოდ არც მოიაზრება. რაც შეეხება ამ უფლების მქონე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძოდ, პარლამენტს და იუსტიციის სამინისტროს, მათ ჯერჯერობით საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტზე საფუძვლიანად არც უმუშავიათ. ასეთ ფონზე ედეპე-ტრადიციონალისტების კოალიცია პირველი ალაპარაკდა კოდექსის შესწორებებზე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლის მიმართულებით. ძნელი სავარაუდოა, ქვეყნის პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საბაზისო დოკუმენტად სწორედ ეს პროექტი განიხილოს, მაგრამ დოკუმენტი პრაქტიკულად უკვე არსებობს და იგი მომავალი კვირის ბოლოს წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს. ედეპე-ტრადიციონალისტები საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ორ ვარიანტს სთავაზობენ-პროფესიულს და პარტიულს. ამ ვარიანტებს ედპ-ტრადიციონალისტების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი განმარტავს:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] "ერთი პრინციპი ის არის, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია კომპლექტდება პროფესიონალური ნიშნით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და ძალიან მკაცრად შემოისაზღვრება ის უფლებამოსილებანი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექნება. ოღონდ საუბნო კომისიები ისევ რჩება პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული, ოღონდ უნდა შეიცვალოს ის პრინციპები, რომლითაც არის. ანუ არც ერთ პარტიას, არც ერთ ორ პარტიას, ერთად, არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის შანსი და გარიგების შედეგად უზურპაციის შანსი საუბნო კომისიებში. მეორე პრინციპი არის ის, როდესაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დაწყებული, მთელი ვერტიკალი, საარჩევნო, კომპლექტდება პარტიული პრინციპით." (სტილი დაცულია)

მეორე პრინციპის მიხედვით, პარტიული გარიგებების საშუალება მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ ორ პოლიტიკურ პარტიას, ერთად, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ უნდა ჰქონდეს. ანუ სადავო საკითხები ხმათა ორი მესამედით უნდა გადაწყდეს.

ირაკლი მელაშვილის თქმით, საარჩევნო კომისიებში ბურჯანაძე-დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობით წარმოჩენამ თავისი კვალი დაატყო 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებსაც. ამ არჩევნების შედეგებით, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება ეჭვქვეშ არ დგება, მაგრამ, ამის მიუხედავად, დარღვევები საკმარისზე მეტი იყო. მელაშვილი ამტკიცებს, რომ ედეპე-ტრადიციონალისტებმა თბილისის 396 -ვე უბნის მონაცემები შეისწავლეს და ერთ არასახარბიელო დასკვნამდე მივიდნენ: გამოყენებული ბიულეტენების ჯამი გაცემული ბიულეტენების ჯამის ტოლი არც ერთ უბანზე არ აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG