Accessibility links

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან


საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპაში

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის ერთგვარი გაგრძელება იყო. ის ხომ ინაუგურაციიდან სულ რაღაც სამ დღეში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტიცა და ევროპელი მასპინძლებიც კი ჯერ კიდევ ე.წ. "ვარდების რევოლუციის" სურნელით ტკბებოდნენ. სტრასბურგი-ბერლინის სამი - შეხვედრებითა და გამოსვლებით გადატვირთული დღე არათუ თვალყურისმადევნებელს, თავად მიხეილ სააკაშვილსაც არ მისცემდა მოვლენებში ჩაღრმავების საშუალებას.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ევროპული ტურნეს უმთავრეს პოლიტიკურ აქცენტს წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობა. ეს დიდად განაპირობა იმან, რომ სააკაშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი უახლოესი ოფიციალური ვიზიტი სწორედ მოსკოვშია დაგეგმილი და საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა საჭიროდ მიიჩნია სტრასბურგსა და ბერლინში ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლებისას ერთგვარი ნიშანი მიეცა ვლადიმირ პუტინისთვის. ამ თემას მომავალ კვირაში დავუბრუნდები. ახლა კი ისევ ბერლინის შესახებ.

ბერლინში ვიზიტის ყველაზე საინტერესო ღონისძიება გახლდათ გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ მოწყობილი შეხვედრა, კერძოდ - მისი კითხვა-პასუხის ნაწილი. ეს დიდწილად დამსწრე საზოგადოების მრავალფეროვნებამ განაპირობა. ახლო მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ შეხვედრის ფრაგმენტებსაც. დღეს კი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან ბერლინში საქართველოს საელჩოში გამართული მიღებისას ჩავწერე. პროგრამის დატვირთულობის გამო ეს იყო ერთადერთი შეკრება, სადაც პრეზიდენტთან პირისპირ საუბარი იყო შესაძლებელი, თუმცა, დროის სიმცირის გამო აქაც იძულებული გავხდი მისი ვახშმის დრო შემეზღუდა, რაც ინტერვიუს ხანგრძლიობასა და ტემპზეც აისახა:

[ინტერვიუ სააკაშვილთან]
"- შემდეგი დიდი გამოცდა საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის და თქვენი იმიჯისთვის იქნება საპარლამენტო არჩევნები. მე როგორც ვიცი, ევროსაბჭოს მთავარი შიში და ეს რეზოლუციაშიც ჩაიწერა, არის ის, რომ პარლამენტში შეიძლება აღარ იყოს ოპოზიცია...

- იცით, პარლამენტში ოპოზიცია თუ არ იქნება, ეს არ იქნება მთავრობის ბრალი. ეს იქნება ოპოზიციის, უფრო სწორად - იმ პარტიების დამსახურება, რომლებიც შეეკვრნენ შევარდნაძეს. მე ეს არ მინდა, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბარიერის დაწევას იმიტომ, რომ ბარიერის დაწევა ნიშნავს, რომ სხვადასხვა კორუმპირებული ინტერესჯგუფები შეძვრებიან და უბრალოდ დაიწყებენ თავისი კორუმპირებული ინტერესის ლობირებას. ამიტომ პირიქით, მაღალი ბარიერის პირობებში ეს არის სტიმული ოპოზიციისთვის - გაერთიანდეს, შეიკრას, გამსხვილდეს და ეს არის ინტერესი საზოგადოებისაც. ამიტომ, მე მართლაც მიმაჩნია, რომ კატასტროფა იქნება ჩვენთვის ოპოზიციის არყოლა პარლამენტში იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს თვითონ წამყვანი პარტიის დაშლას და დეზინტეგრაციას, მაგრამ ხელოვნურად ვერავის ვერ შევიყვანთ. არჩევნების გაყალბებას ჩვენ არ ვაპირებთ, ამიტომ უნდა იმუშაონ, უნდა დაიმსახურონ, უნდა გაერთიანდნენ და შევიდნენ. მე ამას მხოლოდ მივესალმები.

- რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რა საერთო სტრატეგიული ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს და რუსეთს?

- საზღვრის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, ეს არის საერთო სტრატეგიულ პროექტებში, სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობა, - ყველაფერი ის, რასაც რუსეთი შეიძლება ეჭვის თვალით უყურებდეს დღეს, მაგრამ ხვალ იქნება მისი სარგებლის მთავარი თემა ეს.

- და კიდევ ერთხელ აჭარის თემას დავუბრუნდები. ძალიან შთამბეჭდავი იყო იქ აღლუმის მიღება 25-ში. როგორ მოახერხეთ ეს?

- ჩვეულბრივად, ვთქვი, რომ მივიღებ და... თავიდან იბუზღუნეს, მაგრამ მერე, სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ... თავდაცვის მინისტრმა მიიღო ჩვეულებრივ ბრძანება და მივიღეთ. აქ ორი აზრი არ არსებობს - უმაღლესი მთავარსარდალი იქ ვარ მე და ეს დავამტკიცეთ.

- თქვენი ევროპის ტურნეს დროს გაგრძელდა კიდევ აჭარის ლიდერის მხრიდან განცხადებები აჭარაში სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის სცენარის განმეორების საფრთხის შესახებ.

- აჭარაში ცხოვრობენ აჭარლები. ეს არის განსხვავება ყველა სხვა რეგიონისგან და არაფერი პრობლემა აჭარაში ნამდვილად არ იქნება.

- და ერთი შეკითხვაც: რამდენად რთულია, ან იოლია ოპოზიციონერიდან ხელისუფლების ლიდერად გარდასახვა?

- ძალიან ადვილია იმიტომ, რომ მე მიყვარს საქმის კეთება და ხელისუფლებაში - იქ, სადაც მე ვარ ყველაზე მეტი საშუალება საქმის კეთების.

- ძალიან დიდი მადლობა".

XS
SM
MD
LG