Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება სოხუმში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 30 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ გაეროს მისიას მანდატი 2004 წლის 31 ივლისამდე გაუგრძელა.

უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციაში კვლავ აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და, ამ პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის შემუშავების აუცილებლობა. უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ სტატუსი აქამდე ვერ განისაზღვრა და კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, განიხილონ გაეროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი "თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა პრინციპების განსაზღვრის შესახებ". გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციას არც თბილისსა და არც სოხუმში არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. რატომ?

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო, უკვე მეათე წელია რეზოლუციებს იღებს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომის წინ მაინც იქმნებოდა ხოლმე ოპტიმისტური მოლოდინის ატმოსფერო, უკვე რეზოლუციის მიღების შემდეგ კი მაშინდელი ხელისუფლება იმედგაცრუებული საზოგადოებისთვის მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობის განმარტებას იწყებდა. ამჯერად ვითარება შეიცვალა. სხვა პრობლემების მოგვარებით დაკავებული ახალი ხელისუფლება არანაირ კომენტარს არ აკეთებს გაეროს 30 იანვრის რეზოლუციასთან დაკავშირებით. კომენტარებს არ აკეთებს არც აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭო, რომელიც, ბოლო ორი კვირაა, ახალი ხელმძღვანელის არჩევის პრობლემითაა დაკავებული.
უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არც სოხუმის ხელისუფლება ეხმიანება. გაეროს როლი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში სოხუმის ხელისუფლების ლიდერს ვლადისლავ არძინბას უშიშროების საბჭომდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდა, როცა 28 იანვარს განცხადება გააკეთა საქართველოს ახალი პრეზიდენტის ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით. კერძოდ, ვლადისლავ არძინბას შეშფოთება გამოიწვია 23 იანვარს, გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ " რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთთან მიმართებაში, მთელმა მსოფლიომ უნდა გაამართლოს ეს, მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდით უნდა დადგეს".ვლადისლავ არძინბას აზრით, მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება გაეროს ეგიდით მიღებულ ყველა შეთანხმებას.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სოხუმის ხელისუფლების ლიდერს, რომლის ავადმყოფობის შესახებ ხმები კარგა ხანია დადის, საკმაოდ დიდი ხნის პერიოდში არავითარი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, რაც პერიოდულად აძლიერებს ხმებს მისი გარდაცვალების შესახებ. სოხუმის პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა გაზეთ " რესპუბლიკა აბხაზიისთვის" მიცემულ ინტერვიუში არ უარყოფს, რომ ვლადისლავ არძინბა ავადაა, მაგრამ უარყოფს მის არაქმედობაუნარიანობას. "ჩვენს პირობებში პრეზიდენტი 24 საათის მანძილზე უნდა მუშაობდეს, მაგრამ ჩვენ სულგრძელები ვართ, რადგან ვდალისლავი ჩვეულებრივი პრეზიდენტი არ არის. ის ხალხის პრეზიდენტია. და ის, რაც მას ეპატიება, არავის აპატიებდნენ არც აფხაზეთსა და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში," -ამბობს აშუბა.
თუმცა, თუ სოხუმიდან მოსულ ცნობებს ვირწმუნებთ, ვლადისლავ არძინბას მიმართ სულგრძელობის ფიალა აივსო: სოხუმის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო თვითგამოცხადებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის კანონპროეტზე.
XS
SM
MD
LG