Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხს "სანახაობა" მოსწონს, მაგრამ არც "პურს" ივიწყებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში დაწყებული ანტიკორუფციული ღონისძიებების,

პრეზიდენტის წარმატებული საგარეო ვიზიტებისა და მორიგი დახმარებების ფონზე, ეკონომიკური თემატიკა ბოლო პერიოდში, ძირითადად, ანტიკრიმინალური და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების კონტექსტში შუქდება. ის, რომ ახალი ხელისუფლება არა მარტო ლაპარაკობს კორუფციული სქემების დაშლაზე, არამედ რეალურ ნაბიჯებსაც დგამს ამისათვის, მისასალმებელია, მაგრამ თუ, პარალელურად, ქვეყანამ არ დაიწყო სიტუაციის რადიკალურ გამოსწორებაზე ზრუნვა, მხოლოდ "პირდაპირ ეთერში განხორციელებული დაჭერების" სანახაობით ფონს ნამდვილად ვერ გავალთ. გასაგებია, რომ ხელისუფლება ჯერ ძალთა გადანაწილებით და ლეგიტიმაციის პრობლემით, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვით არის დაკავებული, მაგრამ ისიც ცხადია, რომ, გარდა ცალკეული ლოზუნგებისა, ჯერჯერობით ბუნდოვანია ახალი მთავრობის ეკონომიკური კონცეფციის დეტალები.

გარკვეული ტიპის გადასახადების გაუქმებისა და პრინციპულად ახალი შინაარსის ბეგარის შემოღების შესახებ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები, რომელთაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ეკონომიკურ ექსპერტებს შორის, ამ ეტაპზე აღარ განიხილება. დღის წესრიგში დგას საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის შეთავაზება საკანონმდებლო ორგანოსათვის, თუმცა ამ საკითხის მიმართაც მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ არსებობს. "ნოემბრის რევოლუციიდან" გასული მცირე დროის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილში - განსაკუთრებით კი, სოციალურად დაუცველ ფენებში - მდგომარეობის გამოსწორების დიდი მოლოდინია და ხალხი უკვე "სანახაობასთან" ერთად "პურსაც" ღიად ითხოვს.

შექმნილ სოციალურ ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბიუჯეტო პროცესის მოწესრიგებას. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროში ზურაბ ნოღაიდელის "მეორედ მოსვლის" შემდეგ საბიუჯეტო სფეროში სახარჯო პოლიტიკა, აშკარად, გაჯანსაღდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხაზინა ვერც ამჟამად დაიტრაბახებს სიუხვით, ის, რაც ოფიციალურად არის დაფიქსირებული ქაღალდზე, წინა წლებისგან განსხვავებით, რეალური ფულია და ადრე აპრობირებული "მიწერების" შედეგად არ არის შეკოწიწებული. თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა საპენსიო დავალიანებების კუთხით.

1998 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მარტო პენსიონერებისა 135 მილიონი ლარი მართებს. სახელმწიფო ამ ეტაპზე უძლურია პენსიონერებს დავალიანების დაფარვის გრაფიკი შესთავაზოს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მხოლოდ მიმდინარე თვის პენსიების დაფინანსებაა შესაძლებელი. უკვე გავრცელდა ცნობა სექტემბერ-ოქტომბრის პენსიების "გაყინვის" შესახებ. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ქვეყანა ბიუჯეტის გარეშე ცხოვრობს და ამჟამად ხარჯების გაწევა, კანონის შესაბამისად, მხოლოდ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მეთორმეტედის ფარგლებში ხდება.

საფინანსო უწყება ბიუჯეტის პარლამენტში შეტანას არ ჩქარობს. ფინანსთა სამინისტრო 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას დაახვედრებს.

ბიუჯეტის პარამეტრები ფონდის მისიასთან შეთანხმდება და პარლამენტს დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნება.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის საქართველოს მთავრობასთან ახალი პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ჩვენ ფონდის მისიას ველით და პროგრამაზე წარმატებული მოლაპარაკების იმედი გვაქვს", - აცხადებს ნოღაიდელი.

მისია კი თბილისს უკვე მომავალ კვირას, 4 თებერვალს, ეწვევა და საქართველოში 16 თებერვლამდე დაყოფს. მას სსფ-ს ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელი პაულო ნოიჰაუსი უხელმძღვანელებს.

ფონდი შეაფასებს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას, განიხილავს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სამწლიანი პროგრამის მომზადების საკითხებს. მისიონერთა ძირითადი პრიორიტეტი კვლავ საბიუჯეტო სფერო იქნება, რომელიც, ტრადიციულად, "აქილევსის ქუსლად" ითვლება ქართული ეკონომიკისათვის.

სსფ-ს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოსათვის აუცილებელია ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისა და "პარიზის კლუბის" ფარგლებში კრედიტორებთან ურთიერთობის მოგვარებისათვის, აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

თბილისში სტუმრობამდე ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან პროგრამული დაფინანსების გაგრძელების საკითხებზე ვაშინგტონში 4 საათის განმავლობაში იმსჯელა. დასავლეთის მიერ ბოლო პერიოდში "ვარდების მთავრობის" მიმართ გამოხატული კეთილგანწყობის აურა ამ შეხვედრასაც ახლდა თან და ფონდის დირექტორები, როგორც ჩანს, დაფინანსების განახლებისათვის სრულ მზადყოფნას გამოხატავენ, თუმცა მათ არც წინა წლების ტრადიცია ავიწყდებათ, როდესაც ხელისუფლება სრულ უუნარობას ავლენდა ეკონომიკური რეფორმების გატარებისათვის და არც მათ რეკომენდაციების მიმართ იჩენდა დიდ გულისყურს. ამას, როგორც დაფინანსების შეწყვეტა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის მკვეთრი შედეგი, ამ და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორების მხრიდან გაუარესება მოჰყვა. ეს მწარე გაკვეთილი საქართველომ უკვე მიიღო და, იმედია, ახალი ხელისუფლება, რომელიც მკვეთრად უპირისპირდება წინამორბედის მართვის სტილს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენს მიმართ ამჟამად არსებული საყოველთაო მხარდაჭერის მუხტს არ გაანელებს და ჯერჯერობით ავანსად გაცემული კრედიტებისა და გრანტების მიზნობრიობასა და ეფექტურობას ეჭვქვეშ არ დააყენებს.
XS
SM
MD
LG