Accessibility links

logo-print

როგორ უნდა დაიცვან თავი ჟურნალისტებმა ერაყში?


აშშ-ის ტელეკომპანია CNN-ის ორი თანამშრომლის დაღუპვამ ისევ აქტუალური გახადა აქამდეც მრავალგზის წამოჭრილი კითხვები:

რამდენად უსაფრთხოა ერაყში ჟურნალისტებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკთა საქმიანობა? უნდა ზრუნავდნენ თუ არა მათ ხელშეუხებლობაზე შეიარაღებული მცველები?

სამშაბათს განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველი და სასწაულით გადარჩენილი, CNN-ის კორესპონდენტი მაიკლ ჰოლმსი ამტკიცებს, რომ თავდასხმელთა სამიზნე რომელიმე კონკრეტული პირი არ ყოფილა და მათ არც ვინმეს გაძარცვა სურდათ. ჰოლმსი დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელებისთვის სულ ერთი იყო, ვის მოკლავდნენ, ოღონდ კი მსხვერპლი უცხოელი ყოფილიყო.

ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ერაყში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისევ მწვავედ დადგა საკითხი: დაიქირავონ თუ არა შეიარაღებული მცველები, სანამ ბაღდადისა და ერაყის სხვა ქალაქების ქუჩებში კოალიციის სამხედრო მოსამსახურეები და ადგილობრივი ხელისუფლება წესრიგს დაამყარებდნენ.

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" - ასე ჰქვია პარიზში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მთელს მსოფლიოში ჟურნალისტთა უფლებების დაცვაზე ზრუნავს. მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა სევერინ კაზმა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან მისი ორგანიზაცია ეძებს გზებს ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კაზი იხსენებს, რომ შარშან აპრილში, გახურებული ომის დროს, CNN-ის ავტომანქანას, რომელიც შესაბამისი წარწერითაც იყო აღჭურვილი, ცეცხლი დაუშინეს ერაყელმა ჯარისკაცებმა. მგზავრები მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ საპასუხო ცეცხლი გახსნეს ჟურნალისტებთან ერთად მანქანაში მყოფმა და ავტომატებით შეიარაღებულმა სამხედრო მრჩევლებმა.

მაშინ CNN-ი კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა სხვა ჟურნალისტური ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც აშშ-ის ტელეკომპანიას იმისთვის საყვედურობდნენ, რომ მან სერიოზულად შელახა პრესის მუშაკების, როგორც შეუიარაღებელი და მიუკერძოებელი მეთვალყურეების იმიჯი.

[სევერინ კაზის ხმა] "რეპორტიორებს უსაზღვრებოდ არაერთხელ უთქვამთ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მთელს პროფესიას, რადგან როცა პრესის ავტომანქანაში ჟურნალისტის გვერდით შეიარაღებული მცველი ზის, დანარჩენი ჟურნალისტებიც ხიფათში ვარდებიან: ხომ შეიძლება, ხალხს ტვინში გაუჯდეს აზრი, რომ ჟურნალისტთა ნებისმიერ მანქანაში შეიარაღებული მცველი იმყოფება."

მაგრამ იმავე სევერინ კაზის თქმით, თანდათან სულ უფრო ძნელი ხდება, ჟურნალისტს უსაყვედურო, რატომ მიმართავ შეიარაღებული მცველის დახმარებასო. პირიქით, "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ახლა თურმე მოუწოდებენ კიდეც მასმედიის წარმომადგენლებს, საკუთარ უსაფრთხოებაზე თვითონვე იზრუნონ. ხოლო ის, თუ როგორ მოახერხებენ ამას, მათივე საქმეაო, დასძენს სევერინ კაზი.

მას კატეგორიულად არ ეთანხმება ჩვენი მეორე რესპონდენტი, ლონდონის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანამშრომელი ჰივა ოსმანი, რომელიც ამჟამად ბაღდადში იმყოფება და ერაყელ ჟურნალისტებს სემინარებს უტარებს. ოსმანი ამბობს, რომ ის და მისი თანამშრომლები სარგებლობენ მოძველებული, უწარწერო ავტომანქანებით, რომლებიც გამვლელ-გამომვლელთა ყურადღებას არაფრით იპყრობენ. ოსმანი დარწმუნებულია: სხვებიც ასე რომ იქცეოდნენ, თავდასხმების რიცხვი ნაკლები იქნებოდა. მაგრამ საქმეც ის არის, რომ მსხვილი სამაუწყებლო კომპანიებისა თუ გავლენიანი ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტები, როგორც წესი, საუკეთესო საავტომობილო ფირმების ძვირადღირებულ მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას.

[ჰივა ოსმანის ხმა] "ისინი დაქრიან ფეშენებელური მანქანებით, რომლებიც უზარმაზარი ფული ღირს. თავდასხმების დიდი ნაწილი უბრალო ყაჩაღობაა და პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. თუმცა, ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, პოლიტიკური მიზეზებიც ედოს საფუძვლად. არიან ისლამისტი ექსტრემისტები, რომლებიც გაიძახიან, ეს უცხოელები ჩვენს წმიდა მიწას რყვნიანო."

და მაინც, ჰივა ოსმანი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანს უსაფრთხოების თვალსაზრისით ბაღდადში აშკარად გაუმჯობესდა ვითარება. ამასვე ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკა: თუ ჯერ კიდევ ნოემბერში ერაყში ყოველდღიურად საშუალოდ 40-მდე თავდასხმა აღირიცხებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ოცსაც არ აღწევს.
XS
SM
MD
LG