Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა შეთანხმებულია სააკაშვილს, ჟვანიასა და ბურჯანაძეს შორის


ხელისუფლება ჩქარობს კონსტიტუციის შეცვლას, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოქვეყნებას აჭიანურებს. პარლამენტართა დიდმა ნაწილმა საკონსტიტუციო ცვლილებების

გეგმის თაობაზე უწინდებურად გადმოცემით იცის. არადა, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს შორის ეს გეგმა უკვე შეთანხმებულია. მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან კონსულტაციის შემდეგ ნინო ბურჯანაძე აღიარებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იდეალური არ არის, თუმცა ამის გამო პრეზიდენტთან ღია დაპირისპირებაში არ შედის. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში უნდა შედგეს.



საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს. პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სახელმწიფო მინისტრს შორის 2 თებერვალს შეთანხმებულ პროექტზე უკვე იმსჯელა საკონსტიტუციო საბჭომ, რომელსაც მესამე სექტორის 2 წარმომადგენელი - იურისტები დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი ესწრებოდნენ. სააკაშვილს, ჟვანიასა და ბურჯანაძეს შორის შეთანხმებული პროექტის არსებითი სიახლე არის ის, რომ პარლამენტს ექმნება მთავრობის უმოტივაციოდ დათხოვნის საშუალება, ხმათა სამი მეხუთედით. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ის დათმობა, რამაც პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტთან და სახელმწიფო მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ ათქმევინა: "პროექტი იდეალური არ არის, თუმცა, მუშაობის საგანგებო პირობების გათვალისწინებით, საუკეთესოაო."

დეპუტატები ამ პროექტს ძალიან მალე გაიცნობენ. საკონსტიტუციო საბჭოზე მისი მუხლობრივი განხილვის შემდეგ დავით უსუფაშვილმა გვითხრა, რომ ეს აღარ არის მთლად რუსულ ან, კიდევ უარეს, თურქმენულ მოდელთან დაახლოებული ვარიანტი, არის უფრო უკეთესი, თუმცა, უსუფაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე, არა ისეთი, როგორადაც წარმოაჩენენ. პრეზიდენტი და სახელმწიფო მინისტრი ირწმუნებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს პარლამენტის დასუსტებას, პირიქით, აძლიერებს მას. 2 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები იზღუდება. დავით უსუფაშვილის აზრით, პროექტის მიხედვით, პარლამენტი, აშკარად, სუსტდება და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, ბუნდოვანია პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პარლამენტარის იმუნიტეტის მკვეთრ შესუსტებას. იყო გეგმაში მოსამართლის იმუნიტეტის შეზღუდვაც, თუმცა, როგორც ჩანს, ამ გეგმაზე დროული უარი ითქვა. როგორც უკვე ვთქვით, საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა პარლამენტს სთავაზობს მთავრობის დათხოვნის უფლებას, პრეზიდენტს კი - დასათხოვებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას.
თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს ბიუჯეტს ან მთავრობას, ზედიზედ სამჯერ, პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას ან პარლამენტს. პროექტის სხვა დეტალები მალე გახდება ცნობილი.

დეპუტატებს სთხოვენ დააჩქარონ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ამ პროექტით პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის მოთხოვნას სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ხსნიან:

[მაია ნადირაძის ხმა] "იმ პრეზიდენტს, რომელსაც ამხელა ნდობა აქვს, უფლებებს ვერ შევუკვეცთ, ეს გამოვა ხალხის ნდობის უგულებელყოფა."

როგორც ვხედავთ, პრეზიდენტის უფლებების გაზრდა ხალხის სახელით ხდება. მაია ნადირაძის აზრით, რომ არა მიხეილ სააკაშვილისთვის გამოცხადებული 96 პროცენტიანი მხარდაჭერა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. კონსტიტუციის ახალი მოდელი, რომელსაც ავტორები ფნაგულ-ხორვატულს უწოდებენ, ექსპერტები კი - რუსულ მოდელზე ცოტათი უკეთესს, მასში მცირეოდენი ცვლილებების შეტანის შემდეგ, ხალხის არცთუ მაღალი ნდობით აღჭურვილმა მოქმედმა პარლამენტმა უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG