Accessibility links

მოსალოდნელი ცვლილებები მმართველობასა და თვითმმართველობაში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები ჯერჯერობით მხოლოდ იდეების დონეზეა ცნობილი. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ იდეებიდან ისინი ძალიან მალე იქცევიან კანონპროექტებად,

ხოლო პროექტებიდან - ასევე სწრაფად - კანონებად. ასე მოხდა, მაგალითად, სახელმწიფო დროშის შეცვლისას. რამდენიმე საკანონმდებლო სიახლე დღესაც ზოგადი პრინციპების სახით არის ცნობილი. ოფიციალურად, როგორც კანონის პროექტი, ისინი ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. ეს არ აბრკოლებს ოფიციალურ პირებს, გამოეხმაურონ მოსალოდნელ ნოვაციებს. დღეს ვისაუბრებთ ხელისუფლების განზრახვაზე, შეცვალოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმართველობის სისტემა ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი გახდება.

კანონპროექტები ხელისუფლებას შეუძლია არც გამოაქვეყნოს - კანონი ამას არ ავალდებულებს. უბრალოდ, გამჭვირვალობისა და დემოკრატიის განმტკიცების ლოზუნგებით ხელისუფლებაში მისული ადამიანებისაგან ბუნებრივი იქნებოდა, საჯაროდ გაემხილათ, როგორ აპირებენ ქვეყანაში დემოკრატიის ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, განვითარებას. პრეზიდენტის ხელმოწერით საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა ერთი კანონპროექტი ამ საკითხზე. შესაბამისად, მას საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. კანონპროექტის პრობლემურ ასპექტებზე კომენტარი ვთხოვე ტრადიციონალისტთა კავშირის წევრს ირაკლი მელაშვილს.

კანონპროექტის მიხედვით, რაიონებისათვის განკუთვნილი ფული ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაეცემა პრეზიდენტის რწმუნებულს ამა თუ იმ რეგიონში. რწმუნებულს ენიჭება უფლება, გაუნაწილოს ფული რაიონებს. მანამდე, ცხადია, ხდება პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის კონსტიტუციური დაკანონება. ირაკლი მელაშვილი რწმუნებულის მიერ ტრანსფერებისა და დახმარების განაწილებას ერთი სიტყვით ახასიათებს და განმარტავს:

[მელაშვილის ხმა] "ეს საგიჟეთია. ფაქტობრივად, თვითმმართველობას მთლიანად ეცლება საქმიანობის ფინანსური საფუძველი. კანონპროექტი გამოიწვევს ძალიან დიდ კორუფციულ გარიგებებს ადგილებზე. ერთი კაცის ხელში თავს მოიყრის საკმაოდ დიდი სახსრები და მის სუბიექტურ მიდგომაზე იქნება დამოკიდებული, რომელ რაიონს რამდენი თანხა მიაწოდოს".

ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ასეთი პრაქტიკა წინააღმდეგობაში იქნება დღეს არსებულ სხვა კანონებთან. გარდა ამისა, ამ ინიციატივის რეალიზებით ხელისუფლება ცდილობს, დასაჯოს თვითმმართველობის "ურჩი" ან ისეთი ორგანოები, რომელთა შემადგენლობა, უბრალოდ, არ მოსწონს. რწმუნებული თანხას არ მისცემს კონკრეტულ რაიონს, ხოლო მის მკვიდრთ განუმარტავენ: ხელფასი და პენსია არ არ არის იმიტომ, რომ საკრებულო ჰყავთ უვარგისი.

[მელაშვილის ხმა] "ფაქტობრივად, თვითმმართველობის იდეის საბოლოოდ დასამარება ხდება. არადა, იყო დაპირება, რომ თვითმმართველობა დამკვიდრდებოდა ქვეყანაში და მოეწყობოდა ნორმალურად."

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ცვლილება მოსალოდნელია თბილისშიც. თბილისის მერი უნდა აირჩიონ, თუმცა, მოქმედი მერის ვანო ზოდელავას განცხადებით, მერისთვის იმდენად მცირე უფლებამოსილება ემეტებათ, რომ, საეჭვოა, ვინმემ ისურვოს ამ თანამდებობის დაკავება. სამაგიეროდ, იზრდება დედაქალაქის პრემიერის ძალაუფლება.

პარლამენტის წევრი ალეკო შალამბერიძე, რამდენიმე წელია, თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს. შალამბერიძე ახლოა "ნაციონალურ მოძრაობასთან". მისი აზრით, ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერი უნდა იყოს და პრემიერის არსებობა აუცილებელი არ არის.

[შალამბერიძის ხმა] "საერთოდ, მე მომხრე ვარ, საკრებულო ირჩევდეს მერს და არ იყოს პირდაპირი არჩევნები. აუცილებელია, წარმომადგენლობით ორგანოს მივცეთ მერის გადარჩევის ფუნქციაც."

მე ვკითხე ალეკო შალამბერიძეს, რამდენად დემოკრატიულად მიაჩნია ის იდეები, რომელთა რეალიზება თბილისში მმართველობის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

[შალამბერიძის ხმა] "დემოკრატიულია თუ არადემოკრატიული - მე ვერ ვიტყვი. საერთოდ, ჩემთვის დემოკრატია არის მაშინ, თუ კონსტიტუციაში განსაზღვრულია არჩეული პირის ან მთავრობის გადარჩევის მექანიზმები. თუ გადარჩევა არ არის - მაშინ არადემოკრატიულია."

პრობლემა უფრო ცხადი გახდება, როცა კანონპროექტები ჩამოყალიბდება და დღის სინათლეს იხილავს.
XS
SM
MD
LG