Accessibility links

logo-print

გადასახადის როგორი გადამხდელია საქართველოს ბიუჯეტი


საქართველოს ბიუჯეტი არასდროს გამოირჩეოდა გასავლითი ნაწილის შესრულების მაღალი მაჩვენებლებით იმის მიუხედავად, რომ ხშირად შემოსავლითი ნაწილი გადაჭარბებითაც კი სრულდებოდა ხოლმე.

ასეა ახლაც, ფინანსთა სამინისტრომ იანვრის თვის ბიუჯეტი 97 პროცენტით შეასრულა და მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს იმედი აქვს, რომ ციფრების დაზუსტების შემდეგ ბიუჯეტის შემოსავლები 99 პროცენტს მიუახლოვდება. ამ მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ბიუჯეტი კვლავ ცუდ გადამხდელად რჩება, რაც, ეკონომისტების განმარტებით, სულაც არ უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებას.

ხელფასებისა და პენსიების რამდენიმეთვიანი დავალიანების გარდა, საქართველოს ბიუჯეტს დავალიანებები დაუგროვდა სხვადასხვა საწარმოებისა თუ ფირმების მიმართ. უხელფასოდ და უპენსიოდ დარჩენილი მოქალაქეებისგან განსხვავებით, მეწარმეები ორმაგად ზარალდებიან. საქმე ისაა, რომ მათ გადასახადების გადახდა უწევთ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, იმის მიუხედავად, მიიღეს თუ არა გაწეული სამუშაოს შესაბამისი თანხა. ასეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია, რომლის მიმართაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს ბოლო 4 თვის მანძილზე 7 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდათ.

2 თებერვალს თელასის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გააფრთხილა, რომ, თუ დღის ბოლომდე დავალიანების თაობაზე მოლაპარაკება არ დაიწყებოდა, 3 თებერვლიდან დავალიანების მქონე ყველა სახელმწიფო უწყება ელექტროენერგიის გარეშე დარჩებოდა. თელასის ამ ულტიმატუმის ფორმის მქონე განცხადების კომენტირება ჟურნალისტებმა ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს 2 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე სთხოვეს.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "7 მილიონი შეიძლება იყოს, შეიძლება არც იყოს, შარშანდელი გადასახადების სახით... არ მაინტერესებს, თელასი რას ითხოვს- მეთქი, ვერ გაგაგებინეთ, ქართულად რასაც ვლაპარაკობ, კაცო?! საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვს. მე გეუბნებით, მე რას გავაკეთებ."

ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია ნოღაიდელის ასეთი გაღიზიანება, მით უმეტეს, რომ ის სულაც არ ყოფილა გულგრილი თელასის დირექტორის განცხადებების მიმართ. ეს ოდნავ მოგვიანებით გაირკვა - მაშინ, როდესაც ფინანსთა მინისტრმა მშვიდად განაცხადა, რომ თელასის დირექტორის განცხადებით მაშინვე დაინტერესდა და სატელეფონო მოლაპარაკებაც გამართა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "მქონდა მასთან, თელასთან, სატელეფონო საუბარი. ვკითხე, ერთი რას გულისხმობდით-მეთქი თქვენს დღევანდელ განცხადებებში, და ცუდს არაფერს არ ვგულისხმობდითო, ასე მიპასუხეს. ვნახოთ, აბა, ხვალ თუ გამორთავენ ელექტროენერგიას."

შეიძლება თელასის ულტიმატუმი, მართლაც, ჩაიშალოს, რადგან ნოღაიდელი ამ კომპანიასთან მიმართებაში იმის გაკეთებით იმუქრება, რასაც მისი წინამორბედებიც დაუფიქრებლად აკეთებდნენ, ანუ თელასს დენის საფასურს არ უხდიან, თავად კი გადასახადების გადახდას მოითხოვენ:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "ჩვენ ვაპირებთ და არ მგონია, აქ თელასმა რაიმე პრობლემა შექმნას, პირიქით, თვითონაც არიან დაინტერესებული თავიანთი საბიუჯეტო ვალდებულებების დროზე გადახდაში, იმიტომ რომ, ჩვენი ვალდებულებებისგან განსხვავებით, მათ ვალდებულებებს საჯარიმო სანქციები ემატება და საკმაოდ მკაცრი, სხვათა შორის. ამიტომ მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ თანხების გადახდა, ვიდრე ჩვენთვის."

თუ რა შედეგით დამთავრდება ეს ორმხრივი მუქარა, 3 თებერვალს გამოჩნდება. თუმცა კი ერთი ცხადია, რომ ბიუჯეტის ამგვარი მეთოდებით შესრულება თვიურ საბიუჯეტო მაჩვენებლებს ზრდის, ბიზნესს კი გაკოტრებით ემუქრება.
XS
SM
MD
LG