Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ შეიძლება იდგეს ქურთისტანში კვირას მომხდარი აფეთქებების უკან


კვირას ერაყის ჩრდილოეთში, ქურთისტანში, დედაქალაქ ირბილში, თვითმკვლელებმა ორი აფეთქება მოაწყვეს - 65 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა. ერაყში ეს იყო პირველი ასეთი მასშტაბის აქტი,

რომელიც პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ იყო მიმართული. ნაწილობრივ ავტონომიური ქურთისტანის პარლამენტმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ქურთულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა თავდამსხმელებმა, ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობით, მოახერხეს შეეღწიათ ქურთისტანის დემოკრატიული პარტიისა და ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ბიუროებში. ორივე პარტიის სამ-სამი წამყვანი წარმომადგენელი დაიღუპა თავდასხმის დროს. აქტები ყურადღებას იქცევს იმითაც, რომ თვითმკვლელები, ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობით, ერაყში დღემდე არ მოქმედებდნენ. თუ ვინ დგას, კონკრეტულად, ამ თავდასხმების უკან, არ არის ცნობილი. ქურთისტანში ვარაუდობენ, რომ ეს მაჰმადიანთა შეიარაღებული ჯგუფების ნამოქმედარი უნდა იყოს. ტერორისტები დაგვესხნენ თავს, ამბობს ეთნიკური ქურთი, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი, რომელიც, ამავე დროს, ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიაში ირიცხება. ზებარი ასახელებს ორ გაერთიანებას - ალ ყაიდას და ანსარ ალ ისლამს. ეს უკანასკნელი ქურთისტანის ქურთ ისოლამის ფუნდამენტალისთა ორგანიზაციაა, რომელიც ალ ყაიდასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი რაჰიმ მოჰამედ ამინი ანსარ ალ ისლამზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ქურთთა ავტონომიის საზღვრების გახსნის შედეგადაა, რომ ასეთი რამ იქაც შეიძლება მოხდეს: [ამინის ხმა] "ქურთისტანის რეგიონში ჩვენ უსაფრთხოების დამცველები გვყავს. 12 წელია ამ რეგიონს ვმართავთ და, რაც ერაყი გაიხსნა, ტერორისტებს ერაყის ყველა ნაწილში შესვლა შეუძლიათ. მას მერე ხდება ასეთი რამ, რაც ერაყის ნაწილი გავხდით". ერაყის ჩრდილოეთი მშვიდობიანი არეალი იყო დღემდე. იქ რამდენიმე ასეული ამერიკელი სამხედროა. მათთან ერთად წესრიგს ამყარებს პოლიცია და ეგრეთ წოდებული ქურთთა შეიარაღებული ფაშმერგა.
ქურთისტანიდან მიღებული ცნობებით, თავდასხმების განხორციელება მოახერხეს იმის გამო, რომ პარტიების ბიუროებში შემსვლელთა შემოწმება არ ხდებოდა, რათა ისინი არ შეეწუხებინათ.
ქურთი პოლიტიკოსები ახლა აცხადებენ, რომ მათი მცდელობა, მიაღწიონ ავტონომიას და სტაბილურობას რეგიონში, ამ თავდასხმებით არ განელდება. ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ბაღდადის ოფისის უფროსის მოადგილე მოჰამედ ამინ ალდელავეს მოუსმინეთ:
[ალდელავეს ხმა]
"ეს ტერორისტული აქტი მიმართულია ქურთისტანში ნორმალიზაციისა და დემოკრატიზაციის წინააღმდეგ. ეს ერთი ტერორისტული აქტთაგანია, მაგრამ უწინდელი თავდასხმები ამ მასშტაბისა არ იყო. ასეთი აქტები ვერ შეცვლის ჩვენს პოლიტიკას და ჩვენს ნებას, მივაღწიოთ პოლიტიკურ მიზნებს, დავამყაროთ ქურთისტანში და მთელ ერაყში დემოკრატია".
ჩვენი რადიოს ერაყის რედაქციის თანამშროლის სამი შორეშის აზრით, თავდასხმები, ალბათ, პოლიტიკურად მეტად გააერთიანებს ქურთთა რიგებს რეგიონში, მაგრამ, მისი თქმით, გამორიცხულია ამან დამოუკიდებელი ქურთისტანის მოთხოვნა გააძლიეროს. იმდენად რთულია ერაყის პოლიტიკური ვითარება, ამბობს შორეში, რომ ორ თავდასხმას, რა მასშტაბისაც უნდა იყოს, რადიკალურად მისი შეცვლა არ შეუძლია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG