Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადაიდო ქართული ასეულის გაგზავნა ერაყში?


2 თებერვალს ერაყში ქართველ მშვიდობისმყოფელთა რიგით მეორე, ამჯერად 150 კაცით გაზრდილი ქვედანაყოფი უნდა გამგზავრებულიყო. სამხედრო მედიკოსების, გამნაღმველებისა და სპეცდანიშნულების

მებრძოლებით დაკომპლექტებულ კონტინგენტს, ერაყის ქალაქ ტიკრიტში იქ მყოფი ქართული ასეული უნდა ჩაენაცვლებინა. მაგრამ სამშვიდობო ნაწილის როტაცია ერაყში გაურკვეველი ვადით გადაიდო, რის მიზეზებსაც თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ როტაციის შეყოვნების მიზეზი გახდა ახალი ქვედანაყოფის მეთაურთან დაკავშირებული სკანდალი, რაც ერთ თვეზე მეტია გრძელდება.


74 სამხედრო მოსამსახურისაგან შემდგარი პირველი ქართული ქვედანაყოფი ერაყში აგვისტოში გაემგზავრა. სამხედრო მედიკოსი ქალების, გამნაღმველებისა და კოჯრის სწრაფი რეაგირების ოცეულისგან დაკომპლექტებული კონტინგენტი საბრძოლო დავალებას უშუალოდ ერაყელი დიქტატორის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში ასრულებს. ერაყში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სექტებრის დასაწყისში, საავიაციო ბომბის გაუვნებელყოფის დროს, 4 ქართველი გამნაღმველი მსუბუქად დაიჭრა. თუმცა, ეროვნული გვარდიის სარდლის გენერალ კობა კობალაძის თქმით, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იმყოფებოდა ერაყში, ქართული კონტინგენტის საქმიანობას კოალიციის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

[კობა კობალაძის ხმა] "ჩვენ შევხვდით კოალიციის ჯარების სარდლობას, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მისცეს ჩვენს ჯარისკაცებს. თვითონ ჩვენი ჯარისკაცები განლაგებული არიან ჩრდილოეთის მიმართულებით და, კერძოდ, ტიკრიტის მიმდებარე ტერიტორიაზე და საკმაოდ კარგად არიან ადაპტირებულნი ადგილობრივ პირობებთან."(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა საქართველოს ხელისუფლებისა და კოალიციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, 220 კაცამდე გაზრდილიყო ქართული სამშვიდობო კონტინგენტი ერაყში. წინასწარი შეთანხმებით, როტაცია ერაყში 2 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქართული კონტინგენტის გამგზავრების თარიღი გადაიდო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ შეფერხდა კოალიციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნა.
თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ სამშვიდობო ნაწილის მეთაურად დანიშნა პოლკოვნიკი მალხაზ ჩიხლაძე, რომელიც რუსი ოფიცრის ცემის გამო თავის დროზე ჯორჯ მარშალის სამეთაურო ცენტრიდან გარიცხეს. ამ მოსაზრებას იზიარებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად ძიძიგური, რომელსაც კულუარებში თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობას უწინასწარმეტყველებენ.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] "რაღაცა პრეტენზიები არის მაგ პიროვნების მიმართ, რომ არის უდისციპლინო. და ახლა, როცა ამერიკული პროგრამით და ამერიკელების დახმარებით მიდიხარ, ამერიკელები უნდა იყვნენ თანახმა და წინააღმდეგები არიან!"

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოფიცერი უკვე დაისაჯა უდისციპლინობის გამო. კერძოდ, ჩიხლაძეს შეუჩერდა გენერლობის წოდებაზე წარდგენა და, საბრძოლო დავალების შესრულებით მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, მას საშუალება ეძლევა, ბრძოლის ველზე გამოისყიდოს დანაშაული. მაგრამ ქართული ასეულის გაგზავნის შეყოვნებას ერაყში,შესაძლოა, უფრო სხვა,პოლიტიკური საფუძველიც ჰქონდეს. ერთ კვირაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი, სამოქალაქო, თავდაცვის მინისტრის ვინაობა უნდა დაასახელოს და საქართველოს ხელისუფლებას სურს, გაფართოებული სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის ცერემონიას სწორედ ახალმა მინისტრმა უხელმძღვანელოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG