Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის დეპუტატის შიმშილობის აქცია ჩეჩნეთისადმი ყურადღების მისაპყრობად


უკვე ორი კვირა გავიდა მას მერე, რაც ევროპის პარლამენტის დეპუტატი ოლივიე დიუპუი შიმშილობს. შიმშილობს ჩეჩნეთის გამო. პარლამენტარის მიზანია ჩეჩენი ხალხის ტრაგედიას მეტი ყურადღება მიექცეს.

ჩვენი კორესპონდენტი დიუპუის მისი შიმშილობის მე-12 დღეს ესაუბრა. შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რომელიც ტრაგიკულად შეიძლება დასრულდეს, თუკი მოშიმშილის მოთხოვნები არ შესრულდა. შიმშილობას მიმართავენ მაშინ, როცა სამართლის მეშვეობით ვერაფერს ხდებიან და ძალით კი ან არ სურთ იმოქმედონ, ან ვერ მოქმედებენ. ევროპის პარლამენტის დეპუტატი რომ შიმშილობის აქციას იწყებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ამბავია. ცხადია, იმედი იმისა, რომ მოსკოვს მისი პროტესტის ხმა მისწვდება და ომი დასრულდება, ოლივიე დიუპუის არა აქვს. ეს ევროპელი ფიქრობს მხოლოდ, რომ ასეთი აქციით საზოგადოებამ შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციოს ჩეჩნეთის ტრაგედიას. დიუპუი ამბობს, რომ შიმშილობა, ცხადია, იმედგაცრუების ნიშანია:
[დიუპუის ხმა] "ეს დიდი იმედგაცრუების ნიშანია. გულწრფელად რომ ვთქვა, მომბეზრდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩეჩნეთის ზოგად პრობლემებზე არ ვრცელდება. ეს პრობლემები ერთობ რთულია. მოგვბეზრდა მეც და ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც ჩეჩნეთის გამო იბრძვიან, ისეთი მარტივი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილთა საკითხი, ვიზები მასხადოვის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებისთვის, ყოველდღიური ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევა."

ევროპარლამენტის დეპუტატი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ორკვირიანი შიმშილობის შემდეგ მან, ცხადია, წონა დაკარგა, მაგრამ ყოველდღიურად სამი ფინჯანი სუსტი ყავა, ვიტამინები და წყალი მას საშუალებას აძლევს გონებრივი სიფხიზლე შეინარჩუნოს. მან ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ მისი აქციის მიზანია ევროპის კავშირზე, ასევე მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებზე - აშშ-ზე, იაპონიაზე, ავსტრალიასა და სხვებზე გაიზარდოს ზეწოლა, რათა "შეწყვიტონ ჩეჩენი ხალხს გენოციდი". პარლამენტარის თანახმად, მხოლოდ პოლიტიკოსების დადანაშაულება არ იქნება სწორი იმაში, რომ ჩეჩნეთის საკითხი ამ ფაზაშია. ჩემი პროტესტით, ამბობს ევროპარლამენტის წევრი, ამ საკითხში მცირე წვლილი შემაქვს. დიუპუის წინა აქციებმა შედეგი გამოიღო. მაგალითად, მან მიაღწია იმას, რომ დამოუკიდებლობის მომხრე მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის ილიას ახმადოვის სამშვიდობო გეგმა, რომელიც გაეროს ადმინისტრაციის მიერ ჩეჩნეთის მართვას ითვალისწინებს, პარლამენტართა გარკვეული ნაწილისთვის მისაღები გამხდარიყო. ეს ნაწილი მცირეა, დაახლოებით მეხუთედს წარმოადგენს, მაგრამ, დიუპუის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველდღე ჩეჩნეთზე არ ფიქრობენ, ისიც საქმეა, რომ მათთვის მიუღებელია, რაც ამ ქვეყანაში ხდება. დიუპუი ამბობს, რომ ის, რაც ჩეჩნეთში ხდება, ბევრად უარესია, ვიდრე ბოსნიასა და კოსოვოში დატრიალებული ამბები, თუმცა ევროკავშირმა იმ ამბებს მაშინ მეტი ყურაღება მიაქცია. ევროპის პარლამენტის დეპუტატი განაგრძობს: [დიუპუის ხმა] "მე ვცდილობ ეს საკითხები დავსვა ევროკომისიაში და ევროსაბჭოშიც. რუსეთში, ჩემი აზრით, ძალიან რთული ვითარებაა. 1999 წლის შემდეგ, რაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის საქმე უკან წავიდა. ყველგან სერიოზული ვითარებაა, მაგრამ ჩეჩნეთში მდგომარეობა ტრაგიკულია."
ევროპის კავშირის მოშიმშილე წევრის აზრით, მსოფლიოს შეუძლია რუსეთზე გავლენა მოახდინოს: [დიუპუის ხმა]
"თუკი მართლა გვსურს რუსეთში დემოკრატია, ევროპამ მის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ვფიქრობ, ძალზე გრძელია ეს გზა, უფრო გრძელი, ვიდრე 1999-ში იყო. მაგრამ მისი გავლა შესაძლებელია. რუსეთს ევროპა მეტად სჭირდება, ვიდრე ევროპას რუსეთი. ეს ასეა. და იგივე ეხება ამერიკასაც."
დიუპუის შიმშილობის აქციის თაობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა ჩვენმა კოლეგამ, ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიის რედაქციის თანამშრომელმა რუსლან შამაევმა:
"... ცხადია, მას ესმის, რომ ასეთი მეთოდით ომს ვერ შეაჩერებს, მაგრამ ის მაინც ცდილობს ამ გზით გავლენა მოახდინოს, პირველ რიგში, თავის კოლეგებსა და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებზე, რომელთაც უმაღლეს დონეზე მოლაპარაკების დროს შეეძლებოდათ რუსეთის ხელისუფლებაზე ემოქმედათ და ჩეჩნეთში ვითარება შეცვლილიყო. მით უმეტეს, რომ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის 66 პროცენტი სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრე და საომარი მოქმედების გაგრძელების წინააღმდეგია."
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG