Accessibility links

პრეზიდენტი მასობრივი განადგურების იარაღის საკითხის დამოუკიდებელ გამოძიებას აპირებს


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ გასცემს გნკარგულებას

- დამოუკიდებლად იქნეს გამოძიებული, თუ რას ემყარებოდა სადაზვერვო უწყების დასკვნები იმის თაობაზე, რომ ომის დაწყებამდე, ერაყი, მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა.


მას შემდეგ, რაც ერაყში მომუშავე ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ კეიმ გასულ კვირაში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა "მცდარი ინფორმაცია" მიიღო ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ, პრეზიდენტი ბუში ზეწოლას განიცდის მასთან ოპოზიციაში მყოფი დემოკრატების, აგრეთვე მას მედიის მხრიდან, რომ დამოუკიდებელმა კომისიამ გამოიძიოს ხსენებული საკითხი.

ორშაბათს თეთრ სახლში დევიდ კეისთან შეხვედრის შემდეგ ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად, ნამდვილად ფლობდა თუ არა სადამ ჰუსეინი ომამდე მასობრივი განადგურების იარაღს, ერაყის დიქტატორს მაინც გააჩნდა ამ იარაღის წარმოების უნარი [ჯორჯ ბუშის ხმა]: "მინდა ვიცოდე სიმართლე. ვიცით, რომ სადამ ჰუსეინს განზრახული ჰქონდა და კიდევაც შეეძლო დიდი ზიანი მიეყენებინა ჩვენთვის. ვიცით, რომ ის იყო სახიფათო. იგი საფრთხეს უქმნიდა არა მარტო თავისუფალ სამყაროს, არამედ საკუთარ ხალხსაც".

ხოლო გასულ წელს თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ბაღდადიდან სერიოზული საფრთხე მომდინარეობს, რასაც დროზე უნდა გაეცეს პასუხი, რათა ამერიკამ თავიდან აიცილოს თავდასხმა, რომლის დროსაც "მასობრივი განადგურების იარაღი იქნება გამოყენებულიო".
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სკოტ მაკკლენანმა თქვა, რომ ჯორჯ ბუში სულ მალე გამოაცხადებს 9-წევრიანი დამოუკიდებელი კომისიის დაარსების შესახებ.

დემოკრატების ლიდერმა სენატში ტომ დეშლმა განაცხადა, რომ ხსენებული კომისია ვერ იქნება დამოუკდებელი, თუკი ბუში დანიშნავს მის ყველა წევრს და თავადვე განსაზღვრავს, რა ვითარებაში უნდა წარიმართოს კომისიის მუშაობა [ტომ დეშლის ხმა]: "ვფიქრობ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი კომისიის დაარსება, რის შესახებაც არაერთგზის განვაცხადე. მაგრამ კომისია - ჭეშმარიტად დამოუკიდებელი უნდა იყოს. მექმნება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი თავად აპირებს კომისიის თვითოეული წევრის დანიშვნას და თავადვე განსაზღვრავს, თუ რა ვითარებაში უნდა წარიმართოს მათი საქმიანობა".

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხსენებული კომისიის დასკვნა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ გამოქვეყნდება, რასაც კრიტიკა მოჰყვა დემოკრატების მხრიდან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იცის, დაუჭერდა თუ არა მხარს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას, თუკი ეცოდინებოდა, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს არ ფლობდა.
XS
SM
MD
LG