Accessibility links

logo-print

რა აინტერესებთ დღეს ევროპაში საქართველოს შესახებ


დღეს, დაპირებისამებრ, გესაუბრებით შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს

პრეზიდენტის ბერლინში ვიზიტისას გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ მოაწყო და რომელსაც ასეულობით ადამიანი დაესწრო. ამ შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა თუ რა აინტერესებთ დღეს საქართველოს შესახებ ევროპაში.

სასტუმრო "ადლონში" გამართულ შეხვედრაზე პირველი სიახლე ჩემთვის საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის ბიოგრაფიის ერთი დეტალი იყო: მიხეილ სააკაშვილის ახალგაზრდობისდროინდელ გატაცებათა შორის შეხვედრის წამყვანმა პარაშუტით ხტომაც დაასახელა.

გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რასაკვირველია, გაცილებით სერიოზულ საკითხებს დაეთმო. მას ესწრებოდნენ როგორც გერმანიაში მცხოვრები ქართველები, ასევე ჟურნალისტები, მათ შორის - რუსეთის პრესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები. მიუხედავად პუბლიკის ასეთი მრავალფეროვნებისა, იქ ყველაზე დასამახსოვრებელ სტუმრად მოულოდნელად გამოჩენილი ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპულიკის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი შეიძლება მივიჩნიოთ. როგორც ჩანს, მისი გამოჩენა არათუ შეხვედრაზე, ბერლინშიც, მოულოდნელი იყო თავად ორგანიზატორებისთვისაც, რაც მოგვიანებით წამყვანის არც თუ კეთილმოსურნე კომენტარშიც აისახა.

მიხეილ სააკაშვილის მოხსენება სახელწოდებით " საქართველოს ახალი მიმართულებები" დიდწილად წინა დღით, 28 იანვარს სტრასბურგში გამოსვლის გამეორება იყო. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, რომ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების გადაუდებელ ამოცანას კორუფციის დაძლევა წარმოადგენს და ა.შ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მოხსენებისას სააკაშვილმა ხაზი გაუსვა მის პიროვნულ მსგავსებას რუსეთის პრეზიდენტთან, რაც 11 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის წინ გაკეთებულ ჟესტად უნდა მივიჩნიოთ.

[სააკაშვილის ხმა]
"მეეჭვება, რომ ამ დარბაზში მყოფთა დიდ ნაწილს მიაჩნდეს, რომ მე ბევრი მაქვს საერთო ბატონ პუტინთან. და მაინც, არის რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს: ორივე ჩვენგანი ღრმა პატივისცემით უყურებს სახელმწიფოს, მის როლსა და ძლიერებას, ორივე ჩვენგანს სწამს კანონის უზენაესობის იდეისა, ორივეს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ორივეს გვსურს, რომ გავაძლიეროთ და ავაშენოთ ჩვენ-ჩვენი ქვეყანა და ორივე ვართ პრაგმატიკოსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

პირველივე შეკითხვა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებმა დამოუკიდებელმა ქართველმა ჟურნალისტმა დასვა, შეეხებოდა ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ. როგორც ჩანს, ამ საკითხის მიმართ ახალი ხელისუფლება არაფერს შეცვლის. სააკაშვილმა განმარტა, რომ საქართველო კვლავაც მზად არის შეძლებისდაგვარად დაეხმაროს ლტოლვილებს, მაგრამ არ დაუშვებს შეიარაღებული პირების ყოფნას საკუთარ ტერიტორიაზე და აღმოჩენის შემთხვევაში ხელს შეუწყობს მათ ექსტრადიციას შესაბამის ქვეყანაში:

[სააკაშვილის ხმა]
"საქართველო არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე არც ერთ ელემენტს, ვინც უნდა იყოს ის: რუსი, ჩეჩენი, ქართველი, არაბი, განსაკუთრებით კი ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ელემენტებს. საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რომ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საკუთარი საზღვრების დასაცავად და ინფორმაციის გაცვლისთვის. და თუკი ასეთ ელემენტებს აღმოვაჩენთ ჩვენს ტერიტორიაზე, მოხდება მათი ექსტრადიცია იქ, სადაც ამას საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს".

ამ საკითხზე შეხვედრის დასრულებისთანავე კომენტარი ვთხოვე ახმედ ზაკაევს, რომელმაც გამოხატა დიდი სიმპატია საქართველოს ახალი პრეზიდენტის მიმართ, განაცხადა რომ თუკი გერმანია არის ევროპის გული, საქართველო კავკასიის გულია. სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას კი ზაკაევმა მითხრა:

[ზაკაევის ხმა]
"მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები. სადაც უნდა იყვნენ, ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაარღვიონ კანონი, უნდა იყვნენ ლოკალიზებულნი და მე ამაში საქართველოს პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები".

დამსწრეთა შორის გახლდათ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი მარკუს მეკელი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარებაში გერმანიის შესაძლო როლით დაინტერესდა. თუმცა, ბუნებრივია, გაცილებით დიდი იყო ინტერესი ამ კონფლიქტებში რუსეთის როლის მიმართ და ზოგადად - საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მიმართ. როგორც უკვე ითქვა, საქართველოს პრეზიდენტს პუტინის პრაგმატულობისა და იმის იმედი აქვს, რომ სტაბილურობა საქართველოში რუსეთის რეალურ ინტერესებში შედის. მას მიაჩნია, რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს აგრესიული. საზოგადოება ძალიან გაამხიარულა სააკაშვილის ხუმრობამაც, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მისთვის პრეზიდენტობის დაგვიანებით მილოცვას უკავშირდებოდა:

[სააკაშვილის ხმა]
"მე მესმის, რომ ეს რუსული ბიუროკრატიის ბრალია. მათ მითხრეს, რომ ოფიციალურ შედეგებს ელოდებოდნენ, ანუ ცდილობდნენ გაერკვიათ 96 პროცენტს მივიღებდი, თუ 98-ს, რომ გადაეწყვიტათ მოელოცათ, თუ - არა. მაგრამ რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ პუტინი თავად იყოს პასუხისმგებელი ამ პოლიტიკაზე. ეს არის არსებითი."

გასაკვირი არ არის, რომ ბერლინში, სასტუმრო "ადლონში" გამართულ შეხვედრაზე უმთავრეს საკითხს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა წარმოადგენდა, რადგან უმთავრესი პრობლემები, იქნება ეს საშინაო, თუ საგარეო, რომელთა წინაშეც საქართველო დგას: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია, თუ სტაბილურობა რეგიონში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG