Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ბიუჯეტი უსაფრთხოების საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ვიდრე საშინაო პროგრამებს


ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კონგრესს წარუდგინა 2005 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი,

რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის საერთო მოცულობა თითქმის ორნახევარი ტრილიონი დოლარია. თავდაცვის სფეროს, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 400 მილიარდ დოლარზე მეტი მოხმარდება. ექსპერტების აზრით, ახალი ბიუჯეტი ნათლად მიუთითებს შეერთებული შტატების პოლიტიკურ ორიენტაციაში უკანასკნელ ხანებში მომხდარ ცვლილებებზე.

ახალი ბიუჯეტის პროექტით შეიარაღების სფეროში ხარჯების 7 და საშინაო უსაფრთხოების პროგრამების თითქმის ათი პროცენტით გაზრდა არის გათვალისწინებული.

როგორც "ნიუ იორკ ტაიმსი" შენიშნავს სამშაბათის ნომერში, ბუშის ბიუჯეტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არის აშშ-ს პოლიტიკა და პოლიტიკური ორიენტაცია მიმართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და შეიარაღების გაძლიერებაზე.

ბიუჯეტით გათვალისწინებულია 500 მილიარდი დოლარი დეფიციტი. როგორც ორშაბათს განუცხადა ბუშმა კაბინეტს, ბიუჯეტი ასე გაუწონასწორებელი არის წინა დემოკრატიული მთავრობისგან მემკვიდრეობით მიღებული რეცესიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ომის გამო:

[ბუშის ხმა] "დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიუჯეტს მეტად სერიოზული ვითარება განსაზღვრავს. ვაწარმოებთ ომს ტერორიზმის წინააღმდეგ და, თანაც, იძულებული გავხდით, მოგვემკა 2001 წლის ეკონომიკური ვარდნის შედეგებიც. წარმოდგენილი ბიუჯეტი ყველა ამ მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს - და თან მისი სადეფიციტო ნაწილი ორჯერ შემცირდება."

ბუშმა თქვა, რომ იგი მომავალი ხუთი წლის მანძილზე დეფიციტის განახევრებას გეგმავს, მისი სიტყვებით, "საბიუჯეტო ასიგნებათა პროცესში ფისკალური დისციპლინის დამყარებით".
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოხსენებულ კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის ის 50 მილიარდი დოლარი, რომელიც ე.წ. "დამატებითი ასიგნების" სახით მოითხოვა ბუშის ადმინისტრაციამ ერაყსა და ავღანეთში ომის საწარმოებლად.

შეგახსნებთ, რომ ფისკალური წელი შეერთებულ შტატებში ოქტომბრიდან შემდგომი წლის სექტემბრამდე გრძელდება. ბიუჯეტის ორშაბათს წარმოდგენილი პროექტი 2005 წლის საფინანსო წლისთვის არის განკუთვნილი, ანუ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მომავალი წლის სექტემბრამდე.

როგორც მოსალოდნელია, ისევე როგორც ყოველთვის, კონგრესში ამჯერადაც გაიმართება ბრძოლები ბიუჯეტთან დაკავშირებით და საბოლოო კანონი განსხვავებული იქნება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტისაგან. მაგრამ ექსპერტების აზრით, თავდაცვის სფეროში პრეზიდენტის წინადადებები დიდ ცვლილებას არ განიცდის. ოპოზიციური დემოკრატიული პარტია პრეზიდენტის პროექტს აკრიტიკებს პირველ რიგში იმის გამო, რომ იგი მომავალი ათი წლის განმავლობაში გადასახადების ერთი ტრილიონი დოლარით შემცირებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG