Accessibility links

logo-print

ამომრჩეველთა როგორი სია იქნება 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე


თუ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა სიების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, სრულიად შესაძლებელია ეს მექანიზმი 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე კვლავ ამოქმედდეს.

ამის თქმის საფუძველს გასული საპარლამენტო არჩევნების პრაქტიკა და თავად სიების შედგენის წესი იძლევა. ამ წესის მიხედვით, ამომრჩეველთა რეგისტრაცია უშუალოდ არჩევნების დღეს ხელით შედგენილ სიაში ხდება. ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისია გაყალბების ამ მექანიზმის გაუქმებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით მისი სრული ნეიტრალიზება ვერაფრით ხერხდება.

3 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ელექტრონული საარჩევნო სიების შედგენის პრეზენტაცია მოაწყო. ეს ის ელექტრონული მონაცემთა ბაზაა, რომლის შექმნასაც საერთაშორისო ორგანიზაცია "აი-ეფ -ი-ესი" (IFES) ჯერ კიდევ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცდილობდა. მაშინ ამომრჩეველთა სიაში 1800 წელს დაბადებულ ამომრჩეველთა სიმრავლემ ცენტრალური საარჩევნო კომისია აიძულა ელექტრონულ სიებზე უარი ეთქვა და არჩევნები ხელნაწერი სიებით ჩაეტარებინა.

ელექტრონული ვერსიის მომზადება ვერც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოხერხდა და სიების სრულყოფილი კომპიუტერული ვერსია არც 28 მარტის არჩევნებისთვის იარსებებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აღრიცხვა განხორციელდება როგორც ელექტრონული, ასევე ხელნაწერი სიებით:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "საარჩევნო უბნებზე სიებში ცვლილებები და დამატებები განხორციელდება ხელნაწერების სახით."

ცნობილი კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ხელნაწერი სიების კვლავ დატოვება არჩევნების გაყალბების საფრთხის მატარებელია:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "თუ პრეზიდენტის არჩევნების დროს საფრთხე იმისა, რასაც ჰქვია კარუსელები და მიწერები სიებში, ნაკლებად იყო, რადგან კონკურენცია არ იყო, ეხლა უკვე ჩნდება პრობლემა, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენცია დიდია და ის, რაც ხდებოდა ადრე, ხელნაწერი სიების არსებობის შემთხვევაში, აი, ამ კარუსელების ალბათობა იზრდება მკვეთრად."(სტილი დაცულია)

ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ რადგან დამატებით სიებს საერთოდ არ იცნობს საარჩევნო კოდექსი, უმჯობესი იქნებოდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 28 მარტამდე წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით მოეხერხებინა საარჩევნო სიების დაზუსტება და კენჭისყრის პროცესს ელექტრონული სიებით შეხვედროდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი 28 მარტისთვის სრულყოფილი სიების არარსებობის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ესენია საზღვარგარეთისა და აჭარის სიების მოუწესრიგებლობის პრობლემა:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "აჭარაში რეგისტრაცია არ ჩატარებულა. ჩვენ რეგისტრირებულად ვთვლით მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც იმ დღეს მოვიდა და ჩაეწერა სიებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ 300 ათას კაცს ავტომატურად ვერ მივათვლით რაოდენობას. აჭარაში ვინც არ არის რეგისტრირებული, ანუ ვინც არის ამ 70 ათას თუ 80 ათასს ზემოთ, ის ადამიანები, როდესაც მარტის პირველ ნახევარში იქნება რეგისტრაცია, ის ადამიანები მაშინ გაივლიან რეგისტრაციას."(სტილი დაცულია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიისვე ინფორმაციით, საარჩევნო სიების კომპიუტერიზაცია ზაფხულისთვის დამთავრდება, ე.ი. იმ დროისთვის, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე გარკვეული იქნება.
XS
SM
MD
LG