Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი საარჩევნო დავის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში თითქმის პერმანენტულად მიმდინარეობს საარჩევნო დავები სასამართლოში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ზოგჯერ შედეგიანია. ასე მაგალითად, სასამართლოს ძალით,

საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრის უფლებამოსილება აღიდგინა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ; სასამართლოში იპოვა სამართალი 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში გამარჯვებულმა დავით სახვაძემ, რომლის გუნდმაც მთლიანად დააკომპლექტა დაბა ხარაგაულის საკრებულო. სასამართლოში ცდილობს თავისი სიმართლის დამტკიცებას სოსო ენგურელი, რომელიც იმავე თვითმმართველობის არჩევნებში წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარის გამგებლად იყრიდა კენჭს. ამ დავებზე თვალის გადავლება აჩვენებს, ჯერ კიდევ რაოდენ მოუქნელად მუშაობს სამართალდამცავი და საარჩევნო სისტემები საქართველოში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დედაქალაქში ძველებურად აქტუალური აღარ არის, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეთა ყურადღება და პრეტენზიები სწორედ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებზე ვრცელდება.

2002 წლის 2 ივნისს ქალაქ ჯვარში გამგებლის არჩევნები ჩაიშალა. ხელახალი არჩევნები 16 ივნისს ჩატარდა. გამგებლის თანამდებობას ერთმანეთს, ძირითადად, ორი კანდიდატი ეცილებოდა: სოსო ენგურელი და ბორის შენგელაია. სოსო ენგურელი უპარტიო იყო, ბორის შენგელაიას აღორძინება და ახალი მემარჯვენეები უჭერდნენ მხარს. საარჩევნო დღის დასასრულს სოსო ენგურელი ასე იხსენებს:

[ენგურელის ხმა] "დაიწყეს ბიულეტენების დათვლა და გამოდის, რომ ვიგებ 7 ხმით. ამ დროს წამოხტა ერთი პიროვნება, რაიონული საარჩევნო კომისიის წევრი აღორძინებიდან, მივარდა ჟურნალისტ მურად ჭანტურიას და ეუბნება, ტყვიით უნდა გაგიხვრიტო შუბლიო. ეს ყურადღების გადასატანად გააკეთა. ამ დროს ბიულეტენები დაუმატეს შენგელაიას ბიულეტენებს, რაც შეამჩნია ჩემმა დამკვირვებელმა. სიყალბე ჩაიდინა მაკა ციმინტიამ, კომისიის წევრმა, რომელიც შენგელაიას ნათესავია."

ასეთ ვითარებაში ერთი სამართლებრივი გამოსავალი არსებობს: ჩივილი. სოსო ენგურელმაც იჩივლა, რათა ხმების ხელახალი გადათვლისათვის მიეღწია. ჯერ წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა:

[ენგურელის ხმა] "საოლქო კომისია დაგვპირდა, რომ მშვიდ ვითარებაში გადაითვლიდა ხმებს, მაგრამ, საბოლოოდ, უარი გვითხრა. გავასაჩივრე ცესკოში. ცესკომაც უარი გვითხრა. გავასაჩივრე უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა ძალაში დატოვა ცესკოს შემაჯამებელი ოქმი. ამის შემდეგ რაიონის პროკურატურას მივმართე გაყალბების თაობაზე".

პროკურატურამ სამი თვის შემდეგ და, ისიც, რაიონის სასამართლოს ბრძანებით, დაადგინა, რომ ხმები საოლქო კომისიას გადაეთვალა. პროკურორის ზედამხედველობით, ხმები ხელახლა დათვალეს და

[ენგურელის ხმა] "გამოვიდა, რომ 164 ცალი ბიულეტენია ყალბი. ეს ნიშნავს, რომ 17 ცალი ბოლოს დაუმატეს, თორემ მანამდეც აკეთებდნენ ამ სიყალბეს".

მიუხედავად ამისა, პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს. სოსო ენგურელი ამბობს, რომ 164-ვე ბიულეტენი გაყალბებული იყო შენგელაიას სასარგებლოდ. ბიულეტენების გაყალბება, მათზე არასათანადო პირთა ხელმოწერების მეშვეობით, დაადასტურა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტმაც. 4 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლო იმსჯელებს, არსებითად განიხილავს თუ არა გაყალბების გამო სოსო ენგურელის საჩივარს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG