Accessibility links

logo-print

რეალურია თუ არა აფხაზეთის საზღვაო ბლოკადა


რამდენიმე კვირის წინ, საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევით მცურავი უცხო სახელმწიფოების გემების დაპატიმრების მიზნით, ქართველმა მესაზღვრეებმა აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაზე კონტროლი გაამკაცრეს.

ამგვარი რეიდებით საქართველოს მხარე ცდილობს აღკვეთოს აფხაზეთის საზღვაო პორტებიდან ხე-ტყისა და ნახშირის კონტრაბანდა თურქეთის მიმართულებით. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კი ეს ქმედება საზღვაო ბლოკადად შეაფასა და ადეკვატური ზომების მიღებით დაიმუქრა. რამდენად რეალურია აფხაზეთის საზღვაო ბლოკადა და რას გეგმავს სეპარატისტული ხელისუფლება თბილისის გადაწყვეტილების საპასუხოდ?

ფოთის პორტში ბაზირებული ქართველი მესაზღვრეები, როდესაც კი ფინანსური საშუალება ამის შესაძლებლობას აძლევთ, საქართველოს საზღვაო საზღვრის გასაკონტროლებლად ტერიტორიულ წყლებში რეიდებს ატარებენ. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირველი მოადგილის გენერალ დავით გულუას განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქართველმა მესაზღვრეებმა სოხუმისა და გაგრის პორტებში რამდენიმე ათეული, მეტწილად, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. ზოგიერთი ხომალდის მეთაურს კი შესაბამისი საჯარიმო თანხის გადახდაც მოუხდა საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევის გამო. გულუა განმარტავს, რომ ასეთი რეიდები გაგრძელდება იქამდე, სანამ აფხაზეთის აკვატორია საბოლოოდ არ ჩაიკეტება საქართველოს საზღვრის დარღვევით მცურავი ყველა გემისათვის:

[დავით გულუას ხმა] "ოთხი გემი დავაკავეთ. ერთმა შემოიტანა 50 000, მეორემ - 100 000, მესამემ დადო დეპოზიტზე და სასამართლოში აქვს. შენ ხო იცი ჩვენი ამბავი - რაც აფხაზეთს ეხება, იმას არ დავთმობთ. სანამ არ ჩავკეტავთ აფხაზეთს, არ მოვეშვებით."(სტილი დაცულია)

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ამ მკაცრ განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს საპასუხო რეაქცია მოჰყვა. აფხაზეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა მიიღო ბრძანება არ დაუშვას ქართული მხრიდან აფხაზეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა, თუკი ამას შეეცდებიან ქართველი მესაზღვრეები. თუმცა, როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ განაცხადა, ქართული გემები სადამსჯელო ღონისძიებებს ნეიტრალურ წყლებში ახორციელებენ და აფხაზეთის პორტებს მხოლოდ დურბინდით აკვირდებიან, 60 მილის დაშორებით.

[გარი კუპალბას ხმა] "ჩვენთვის ცნობილია, რომ უკანასკნელ ხანს ნეიტრალურ წყლებში თურქეთის თევზმჭერი გემების დაკავების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი. საპასუხოდ, მივიღეთ ზომები, რათა ჩვენი საზღვაო საზღვრები სათანადოდ იქნეს დაცული. ამისთვის აფხაზეთს საკმარისი პოტენციალი აქვს. საერთოდ, ნეიტრალურ წყლებში ყველა სახელმწიფოს ხომალდს აქვს ცურვის უფლება, ასე რომ, საქართველომ თავად უნდა განსაზღვროს, ვინ უნდა დააკავოს და რა გააკეთოს."

გარი კუპალბას თქმით, თბილისის მუქარებზე უფრო მეტად სოხუმს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის მიერ 1997 წელს შემოღებული ეკონომიკური ბლოკადა აფიქრებს, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის მიმართ ფორმალურად ჯერ კიდევ განაგრძობს ინერციით მოქმედებას. თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ, თუ სააკაშვილ-პუტინის შეხვედრის შემდეგ სოჭის 2003 წლის ოქტომბრის მოლაპარაკების პრინციპები ძალაში დარჩება, მაშინ აფხაზეთის ბლოკადა რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, ოფიციალურადაც გაუქმდეს.
XS
SM
MD
LG