Accessibility links

logo-print

რეგულარულ მისიასთან ერთად სავალუტო ფონდი თბილისში თავის მაღალჩინოსანს გზავნის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დღეიდან თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ჯულიან ბერენგაუტის 2 დღიანი ვიზიტი დაიწყო,

რომელიც ფონდის რეგულარული მისიის სტუმრობას ემთხვევა. მისიამ, თავის მხრივ, საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაცია უნდა შეაფასოს და თანამშრომლობის ახალი სამწლიანი პროგრამის მომზადების საკითხები განიხილოს. ხელისუფლება ვაშინგტონელი სტუმრების ამჟამინდელ ვოიაჟს, წინა წლებისაგან განსხვავებით, გაცილებით ოპტიმისტურად ხვდება.

პაოლო ნოიჰაუზის რეგულარული მისიის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თბილისში თავის მაღალჩინოსანს გზავნის. შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ჯულიან ბერენგაუტის სამუშაო შეხვედრები თბილისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ირაკლი მანაგაძესთან სტუმრობით იწყება. ამ უწყების მიმართ ფონდს შენიშვნები, ტრადიციულად, არა აქვს. შესაბამისად, პრობლემები ამ სფეროში არც ამჟამად არის მოსალოდნელი.

ცენტრალური ბანკის გარდა, ბერენგაუტი ფინანსთა მინისტრს, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრსა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.

გაცილებით მეტი საზრუნავი და ხანგრძლივი განხილვებია მოსალოდნელი საბიუჯეტო სფეროსთან მიმართებაში. ამ საკითხებთან დაკავშირებით უკვე პაოლო ნოიჰაუზის მისიას უფრო კონკრეტული მოლაპარაკებები ექნება ფინანსთა სამინისტროში.

მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანაში საბიუჯეტო პრობლემები კვლავინდებურად მწვავედ დგას, ხელისუფლება გაცილებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, რის საფუძველს მას, ზოგადად ახალი ქართული მთავრობის მიმართ დასავლეთის და სხვა დონორების კეთილ დამოკიდებულებასთან ერთად, ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ფონდის დირექტორთა საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვის შედეგებიც აძლევს. დირექტორებს შესაძლებლად მიაჩნიათ პროგრამის დაფინანსების აღდგენის გაგრძელება და კონსტრუქციულად არიან განწყობილნი ქვეყნის მიმართ. თუმცა მათ არც წინა წლების ტრადიცია ავიწყდებათ, როდესაც ხელისუფლება სრულ უუნარობას ავლენდა ეკონომიკური რეფორმების გატარებისათვის.

მოლაპარაკებათა წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რისი ალბათობაც ერთობ მაღალია, საქართველო დაახლოებით 36 მილიონი აშშ დოლარით შეივსებს თავის სავალუტო რეზერვს.

სსფ-ს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოსათვის აუცილებელია ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისა და, "პარიზის კლუბის" ფარგლებში, კრედიტორებთან ურთიერთობის მოგვარებისათვის, აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კრედიტორებთან მოლაპარაკებებში სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსათვის, რადგან თუ ვალების რესტრუქტურიზაცია ვერ მოხერხდა, მარტო თურქმენეთისათვის 240 მილიონი დოლარი, ხოლო 12 კრედიტორისათვის კიდევ 115 მილიონის გადახდა მოგვიწევს, რისი საშუალებაც ქვეყანას, ბუნებრივია, არა აქვს. ფონდთან ორწლიანი დაძაბული ურთიერთობის პირობებში დეფოლტის საშიშროება სრულიად რეალური პერსპექტივა იყო ქვეყნისათვის, მაგრამ ნოემბრის მოვლენების შემდეგ ჩვენ მიმართ შეცვლილი დამოკიდებულება ხელისუფლებას აფიქრებინებს, რომ ამჯერად საქართველო დეფოლტს გადაურჩა.
XS
SM
MD
LG