Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა ბუშმა 2005 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა კონგრესს


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ცივი ომი დამთავრდა,

საგარეო დახმარება, შეერთებული შტატების მთავრობისთვის თავისებური ბერკეტი იყო ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის დასამკვიდრებლად. მაგრამ, რეკორდული საბიუჯეტო დეფიციტის, ერაყსა და ავღანეთში ძვირად ღირებული სამხედრო ოპერაციების, აგრეთვე ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე, ვაშინგტონი ამჯერად იძულებულია 13 პროცენტით შეკვეცოს საგარეო დახმარება.


ფედერალური ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ორშაბათს რომ წარუდგინა დასამტკიცებლად კონგრესს პრეზიდენტმა ბუშმა, თავდაცვის ხარჯები 2005 საფინანსო წელს, რომელიც ოქტომბერში იწყება, 7 პროცენტით გაიზრდება, ხოლო საშინაო უშიშროებისა 10 პროცენტით.

თავის ტრადიციულ რადიომიმართვაში, შაბათს, ჯორჯ ბუშმა განაცხადა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ვინაიდან ტერორიზმის საფრთხე კვლავაც ემუქრება ამერიკელ ხალხს, ჩემი ბიუჯეტი 2001 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის სამჯერ ითვალისწინებს საშინაო უშიშროების ხარჯებს, მათ შორის თითქმის 10 პროცენტით მომავალ წელს, და 30-თნახევარ მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ეს თანხა უშიშროებას განამტკიცებს ჩვენს საზღვრებზე, აეროპორტებსა და ნავსადგურებში, აგრეთვე ჩვენს თავდაცვას სრულყოფს ბიოლოგიური თავდასხმის შემთხვევაში. მე წამოვაყენე წინადადება, რომ 11 პროცენტით გაიზარდოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ბიუჯეტი, ხოლო 357-ტი მილიონი დოლარით, კონტრტერორისტული საქმიანობისათვის გამოყოფილი სახსრები. ტერორის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ამერიკის მხრიდან დაუშვებელია ყურადღების მოდუნება".

შეერთებული შტატების საბიუჯეტო დეფიციტი
მიმდინარე წელს, როგორც ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, 521 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. პრეზიდენტმა ბუშმა, რომელსაც განზრახული აქვს 50 პროცენტით შეამციროს დეფიციტი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, განაცხადა, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 2005 წელს 364 მილიარდ დოლარამდე შემცირდება, რაც ეკონომიკის ზრდით იქნება უწინარესად განპირობებული.

2005 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში, რომელიც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც თეთრი სახლის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ჯოშუა ბოლტონმა განაცხადა, ხსენებული ოპერაციებისათვის სახსრების გამოყოფას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სთხოვს კონგრესს თეთრი სახლი.

"ჩვენი ქვეყანა ომს აწარმოებს. ამერიკა ხანგრძლივ ომში ჩაება ტერორის წინააღმდეგ, და ჩვენ, მის გარდაუვალ დასასრულამდე, ტერორისტების განადგურებამდე მივიყვანთ ამ ომს", - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ჯორჯ ბუშმა წამოაყენა წინადადება, რომ არსებითად შემცირდეს 7 ფედერალური უწყების დაფინანსება. ყველაზე მეტად ამ მხრივ გარემოს დაცვის სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაზარალდებიან. სამუშაო ადგილების გაუქმება მოუხდებათ მომავალ საფინანსო წელს იუსტიციის, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მომსახურების, აგრეთვე ვაჭრობის სამინისტროებს.

ზოგიერთმა დემოკრატმა გააკრიტიკა პრეზიდენტ ბუშის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი და კონგრესს მოუწოდა - არ დაამტკიცოს ეს პროექტი.
XS
SM
MD
LG