Accessibility links

logo-print

უზბეკი მომღერალი საერთაშორისო ასპარეზზე


დღეს გიამბობთ მომღერალზე, რომელიც სამშობლოში

რახანია ნამდვილი ვარსკვლავია, ბოლო წლებში კი უცხოეთშიც სულ უფრო მეტ თაყვანისმცემელს იძენს. სევარა ნაზარხანის მუსიკალური ენა, როგორც ჩანს, შთაბეჭდილებას ახდენს იმათზეც, ვისთვისაც უცხოა მომღერლის მშობლიური უზბეკური ენა და უზბეკეთის მუსიკალური ტრადიციები. შთაბეჭდილება იმდენად დიდია, რომ სევარა ნაზარხანს წელს მიენიჭა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის პრესტიჟული ჯილდო - "მსოფლიო მუსიკის პრემია", როგორც საუკეთესო მომღერალს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან.

[მუსიკა]
ოთხი წლის წინ სევარა ნაზარხანმა ტაშკენტი-ლონდონის თვითმფრინავის ბილეთი შეიძინა და ჩავიდა ფესტივალზე "WOMAD", რომლის ორგანიზატორებმა არათუ ნაზარხანის ჩასვლის, საერთოდ მისი არსებობის შესახებაც არაფერი იცოდნენ. ნაზარხანი უბრალოდ რისკზე წავიდა. მერე რაც მოხდა, მან ჩვენი რადიოს თანამშრომელ კეტლინ ნოქსთან საუბარში გაიხსენა. [სევარა ნაზარხანის ხმა] "ვიყავით მე, ჩემი მეგობარი და, რასაკვირველია, ჩემი ინსტრუმენტი - დუტარი. გავიცანი "WOMAD"-ის ორგანიზატორები. უბრალოდ მკითხეს: შეგიძლია, სცენაზე გამოხვიდე - ერთი მუსიკოსი ავად გახდა და ფესტივალზე ვერ მოდისო? მე, რასაკვირველია, დავთანხმდი. მაგრამ მერე ცოტა შემეშინდა, მაინც მარტო ვიყავი, ჩემი ანსამბლის გარეშე. მერე ბარში მუსიკოსები გავიცანით: ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. ზოგი დაგვთანხმდა, რომ დაუკრავდა - ყველა პოპულარული, ცნობილი მუსიკოსი იყო. პატარა რეპეტიცია გავიარეთ, ასე, 15-წუთიანი. მომდევნო დღეს კი 40-წუთიანი პროგრამით გამოვედით. მგონი, კარგი კონცერტი იყო. ერთი-ორი სიმღერის შემდეგ ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი შემოიკრიბა: იყო ცეკვა, შეძახილები, ტაში. ძალიან გამიხარდა" [მუსიკა]

ნაზარხანით აღტაცებულებს შორის სახელგანთქმული პიტერ გაბრიელიც აღმოჩნდა - ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, რომლის ჰიტები მსმენელისთვის უთუოდ ცნობილია. თუნდაც ეს ჰიტი ... [მუსიკა sledgehammer]

მაგრამ მოდით, ისევ სევარა ნაზარხანს დავუბრუნდეთ: [სევარა ნაზარხანის ხმა] "პიტერ გაბრიელს არ ვიცნობდი. ჩვენი კონცერტის შემდეგ კულისებში მოვიდა, გამეცნო და თავის სტუდიაში "Real World Record"-ში დამპატიჟა. მეორე დღესვე წავედით და იქ ფირფიტის ჩაწერა შემომთავაზეს. მერე ტაშკენტში ჩავედით. ბევრი ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ და ერთ წელიწადში ჩავწერეთ ფირფიტა ცნობილ ფრანგ პროდუსერთან, ექტორ ზაზუსთან ერთად. ზუსტად ასეთი კაცი მჭირდებოდა - ძალიან უცნაური ვინმეა, მაგრამ მე ასეთები მომწონს."

ასე ჩაწერეს "იოლ ბოლსინი", შარშან გამოსული ფირფიტა, რომელიც უზბეკური ფოლკლორისა და პოპის ელემენტებს აერთიანებს [მუსიკა]

ახალი ალბომით ნაზარხანმა მსმენელთა ფართო წრე დაიპყრო: მის ხმას უცხოელი კრიტიკოსები "ზეციურს", "დაუვიწყარს" უწოდებენ. თანამემამულეებს კი ისიც სიამოვნებთ, რომ სცენაზე მომღერალი ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი გამოდის. ჩვენი ტაშკენტელი კორესპონდენტი რამდენიმე გამვლელს გამოელაპარაკა: [გამვლელების ხმები] "ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ სევარა სამშობლოზე მღერის." "ის გამოირჩევა სიმღერების ტექსტით, ქცევით. ძალიან მომწონს სევარას ჩაცმულობაც. მისი მუსიკაც უფრო ეროვნულია. კარგია, რომ ეროვნულ სიმღერებს იღებს და მათ თანამედროვე ჟღერადობას აძლევს". "სევარა დანარჩენ ახალგაზრდა მომღერლებს შორის გამორჩეულია. სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, მის სახელს კი უკვე იცნობენ - უზბეკეთშიც და უცხოეთშიც. ეს კარგია. ყველა ვერ ახერხებს".

[მუსიკა] ბოლო დროს უცხოელი მსმენელის ყურადღება კიდევ ერთმა უზბეკმა მომღერალმა მიიპყრო: მუნაჯათ იულჩიევამ. ისიც იყო წარდგენილი BBC-ის პრემიაზე. თუმცა ბოლოს BBC-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც წეღანაც ითქვა, სევარა ნაზარხანს ერგო: [სევარა ნაზარხანის ხმა] "ძალიან მიხარია, რომ პრემიაზე მარტო მე კი არა, კიდევ ერთი უზბეკი მუსიკოსი წარადგინეს. იმედია, ჩვენგან სულ უფრო მეტი ხელოვანი მოიპოვებს პოპულარობას". ნატრობს უზბეკი პოპვარსკვლავი სევარა ნაზარხანი, რომელსაც ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში წელს ბევრი კონცერტი მოელის.

დაბოლოს, ერთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს მსმენელს, ვფიქრობ ძალიან გაახარებს: ბრიტანეთშივე მრავალ კონცერტს მართავს ქეთი მელუა, ჩვენი თანამემამულე, რომელიც 8 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ბრიტანეთში გადასახლდა. ქეთის შესახებ რამდენიმე კვირის წინ საგანგებო პროგრამა შემოგთავაზეთ, ახლა კი შეგვიძლია გამცნოთ, რომ მისი ალბომი " Call of the search" მეორე კვირაა ლიდერობს ბრიტანეთის ჰიტების სიაში. დაგემშვიდობებით სიმღერით სწორედ ამ ალბომიდან, რომელიც სულ ცოტა 300 000 ეგზემპლარად არის გაყიდული...
[მუსიკა]
XS
SM
MD
LG