Accessibility links

logo-print

მინისტრთა დაპატიმრების პროცესი, სავარაუდოდ, გაგრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ადეიშვილი პირველი აღმოჩნდა იმ მინისტრებს შორის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ახალი ხელისუფლების მიერ

გამოცხადებული კორუფციასთან ბრძოლის ულმობელი პოლიტიკა. გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვის გულისხმობდა გენერალური პროკურორი?

ვის მოუწევს საკუთარი ფეხით თუ სპეცრაზმის მებრძოლებთან ხელკავით გენერალურ პროკურატურაში მისვლა, ამას ირაკლი ოქრუაშვილი ერთი მიზეზით არ ამხელს - არ სურს, მაღალჩინოსანი მოხელეები უცხო ქვეყნებში საძებნელი გაუხდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას კიდევ არაერთხელ მოუწევს ტელეეკრანებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავების ეფექტური სანახაობრივი სცენების ხილვა.
ერთი კია - 3 თებერვლის შემდეგ დღეს ჯერ კიდევ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები თავს დაიზღვევენ და სახელმწიფო კანცელარიას აღარ გაეკარებიან, თუნდაც თათბირზე დაბარების შემთხვევაში. მერაბ ადეიშვილი ხომ სწორედ ამ საბაბით მიიტყუეს სახელმწიფო კანცელარიაში.
გავრცელებული ცნობებით, გენერალური პროკურატურა ეჭვმიტანილთა სიის შედგენისას სარგებლობს კონტროლის პალატის დოკუმენტებით, რომლებიც წლების განმავლობაში ინახებოდა პროკურატურაში. ანუ კონტროლის პალატის მიერ რამდენიმე წლის წინ გამორკვეულ და შესწავლილ ფაქტებს მხოლოდ ახლა მიეცა მსვლელობა. შეგახსენებთ: სწორედ კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა წამოსწია წინ ენერგეტიკის სფეროში გამოვლენილი დარღვევები. დარღვევები, სხვათა შორის, არა მხოლოდ ელექტროენერგეტიკას, არამედ გაზმომარაგების საკითხებსაც ეხებოდა.
ვის მოუწევს პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლა? - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. 4 თებერვალს გავრცელებული ცნობებით, გენერალური პროკურატურა თავდაცვის უწყებაში არსებული დარღვევების გამოძიებას იწყებს . ასეთი თხოვნით მიმართა პროკურატურას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა. კომიტეტის აპარატის უფროსმა სააგენტო "კავკაზ-პრესს" განუცხადა, რომ დარღვევები მძიმე და მრავალმხრივია და რომ პროკურატურაში გადაგზავნილი დოკუმენტები ეფუძნება კონტროლის პალატისა და უშიშროების სამინისტროების მასალებს.
სავარაუდოდ, პროკურატურაში ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწევს განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ალეკო კარტოზიას, რომლის მიმართაც "გამარჯვებული პარტიების" დამოკიდებულება არავისთვის საიდუმლო არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ განათლების სამინისტროში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 60 მილიონიანი პროგრამა ხორციელდება, სურვილის შემთხვევაში, კარტოზიას მიმართ კითხვების სიმცირე ნამდვილად არ იქნება.
ისევ და ისევ კონტროლის პალატის გამოძიებას თუ გავიხსენებთ, გამორიცხული არ არის, პროკურატურაში უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძესაც მოუხდეს. როგორც გახსოვთ, კონტროლის პალატა აპროტესტებდა ჯანდაცვის მინისტრობისას ავთანილ ჯორბენაძის გადაწყვეტილებას საღეჭი რეზინის სამედიცინო საშუალებად გამოცხადების შესახებ, რის შედეგადაც, საღეჭი რეზინა შეღავათიანი დაბეგვრის პროდუქციის ჩამონათვალში აღმოჩნდა. მოკლედ, პროკურატურაში მისვლა, ალბათ, ბევრს მოუწევს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბრძოლა მაფიასთან კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმებს მიიღებს. ის მხარე, რომელსაც მაფიას უწოდებენ, ჯერჯერობით წინააღმდეგობის გარეშე ბარდება ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG