Accessibility links

logo-print

დატოვებენ თუ არა ლოთი ქობალია და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები საპყრობილეს?


საქართველოს ახალი ხელისუფლება არა მხოლოდ იჭერს ხალხს, არამედ ათავისუფლებს კიდეც. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 26 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში ხელმოწერილი ეროვნული შეთანხმების

აქტის საფუძველზე, სამშაბათს საპყრობილეებიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეების გათავისუფლება უნდა დაწყებულიყო. თუმცა ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო საკითხი ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის ვახტანგ, იგივე ლოთი, ქობალიასი, რომელსაც სამშობლოს ღალატისა და ექვსი ადამიანის, მათ შორის, ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობისთვის 24 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. წინა დღით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქობალია შეწყალებულთა სიიდან ამოიღეს.


ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედრო პირების საპყრობილეებიდან გამოშვება და ამით დიდი ეროვნული შეთანხმების პროცესის დაწყება, ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი დადგენილება გახლდათ. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტის დადგენილების განხორციელება სწორედ 4 თებერვალს უნდა დაწყებულიყო და იგი 40-მდე ე.წ. ზვიადისტს უნდა შეხებოდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას განმარტებით, მათ მოამზადეს ყველა სათანადო დოკუმენტაცია, რაც მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად არის საჭირო. დარჩა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერა:

[გიგი უგულავას ხმა] "ჯერჯერობით ჩვენ ყველა დოკუმენტი გავუშვით, რაც გვთხოვეს. რა იქნება უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსაძებნი, მაგ საკითხებზე გურამ აბსანძეა საქმის კურსში, ჯობია აბსანძეს დაურეკო."

რაც შეეხება ეროვნული თანხმობის კომისიის ხელმძღვანელსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს გურამ აბსანძეს, იგი სამშაბათს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ელოდა აუდიენციას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მოულოდნელად ზუგდიდში ჩაფრინდა, რათა ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყება მოსახლეობისთვის უშუალოდ ოპერაციის ზონიდან ეცნობებინა. გურამ აბსანძე გაურკვევლობაში იმყოფებოდა და სატელეფონო შეკითხვას, თუ როდის დაიწყებოდა შეწყალებულთა გათავისუფლება, გაღიზიანებული პასუხობდა:

[გურამ აბსანძის ხმა] "არაფერი ჯერჯერობით, ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით, სულ სხვა სიტუაცია ტრიალებს და მე ვერაფერი ვერ გავიგე."


ეროვნული თანხმობის სამთავრობო კომისიაში არ მალავენ, რომ მათი გაღიზიანების მიზეზი იყო წინა დღით პრეზიდენტის კანცელარიიდან გაჟონილი ინფორმაცია, რომ შესაწყალებელთა სიიდან ამოიღეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის სარდალი ვახტანგ, იგივე ლოთი, ქობალია, რომელსაც სამშობლოს ღალატისა და ექვსი გვარდიელის, მათ შორის, ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის დახვრეტის გამო უზენაესმა სასამართლომ 1994 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ კი ქობალიას სასჯელი 24 წლის პატიმრობით შეეცვალა. ამჟამად ხონის კოლონიაში მყოფმა ლოთი ქობალიამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მასთან არავინ მისულა გათავისუფლების უწყებით, მაგრამ მიაჩნია, რომ შესაწყალებელი არაფერი სჭირს:
[ლოთი ქობალიას ხმა] "არაფერი არ ვიცი აბსოლუტურად, მატყუებენ. როგორც კამფეტით ბავშვს ატყუებენ, ისეა საქმე. თანაც, თუ შეწყალებაზეა ლაპარაკი, არასოდეს არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. როგორც მაგათთან ვიყო მართალი, ისე გაუმარჯოს ჩემს ოჯახს."

ლოთი ქობალიას საპატიმროდან გათავისუფლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მოკლული ჟურნალისტისა და გვარდიელების ოჯახის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მძიმე დანაშაულის გამო გასამართლებული პირების გათავისუფლებით, რასაც ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე ზვიად გამსახურდიას მომხრე პოლიტიკური ძალები ითხოვენ, ეროვნული თანხმობის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
XS
SM
MD
LG