Accessibility links

ნაციონალური მოძრაობისა და დემოკრატების ერთ პარტიად გაერთიანება, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს შედგება


ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების ერთობლივი ყრილობის ნაცვლად, 4 თებერვალს ამ პარტიათა წარმომადგენლებმა სამუშაო თათბირი გამართეს.

შეიქმნა სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომლის ძირითადი ფუნქცია 25 თებერვლისათვის დანიშნული გაერთიანებული ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება და ფორმალურად გაერთიანებული პარტიების საარჩევნო რიტმში გადაყვანა იქნება. გაერთიანებული დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთპარტიული თანაარსებობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაფორმებულა. ეს ფაქტი თავისებური პრევენციული ღონისძიება აღმოჩნდა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ. საარჩევნო ვადების ამოწურვის გამო, ახალი პარტიის დაფუძნებით, ნაციონალები და დემოკრატები, ფაქტობრივად, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას კარგავდნენ.

ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების ერთობლივი გამაერთიანებელი ყრილობის მოწვევის გადავადება, გარკვეულწილად, დაუკავშირდა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური მდივნის კობა დავითაშვილის სკანდალურ განცხადებას, ერთი მხრივ, გაერთიანების, მეორე მხრივ კი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების წინააღმდეგ. თუმცა ნაციონალებისა და გაერთიანებული დემოკრატების ერთ პარტიად გამოცხადების პირობითი ხელის შემშლელი მიზეზი იურიდიულ ნონსენსს უფრო უკავშირდება, ვიდრე იურისტ დავითაშვილის დემარშს. საქმე ისაა,რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა დემოკრატებმა ახალი პარტიით არჩევნებში მონაწილეობის საარჩევნო ვადები დაარღვიეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი მათთვის გამონაკლისი არ დაუშვა და ახალ პარტიას რეგისტრაციის პრობლემა შეუქმნა. მართალია, დაუჯერებელია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენის თეორიული შანსი, მართლაც, არსებობდა. ცხადია, ამოქმედდებოდა სამართალმემკვიდრეობის პრინციპი და არჩევნებში მონაწილეობისათვის ბრძოლა იურიდიულ სფეროში გადაინაცვლებდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნაციონალებისა და დემოკრატების ახალი პარტიის სახელით თვითლიკვიდაცია ამ პარტიებს გარკვეულ უსიამოვნებებს ნამდვილად შეუქმნიდა. განმარტავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი:

[ზურა ჭიაბერაშვილის ხმა] "პარტიები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთი არის, რომელსაც ჰყავს პარლამენტში წარმომადგენელი არჩევნების დანიშვნის დღისთვის და მეორე არის პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს. ახლა, მოდი, შევხედოთ ასე: ახალი პარტია შეიქმნებოდა არჩევნების დანიშვნის დღის შემდეგ. ანუ, ბუნებრივია, ის, როგორც პარლამენტში წევრების მქონე პარტია, ვერ დარეგისტრირდებოდა. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის ის, რომ, ვთქვათ, როგორც ისეთ პარტიას, რომელიც ახალი პარტიაა, მაგის ვადაც გაშვებული იყო. ეგ შაბათს გავიდა. ამდენად, იდგნენ საშიშროებაზე, რომ, საერთოდ, თუკი ახალი პარტია შეიქმნებოდა, ის ვერ გაივლიდა რეგისტრაციას."(სტილი დაცულია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საპროცედურო კალენდრის მიხედვით, 4 თებერვალს პარტიების მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვადა ამოიწურა; უფრო ადრე, 31 იანვარს, ამოიწურა იმ პარტიების საბუთების წარდგენის ვადა, ვისაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს. 14 თებერვალს იწურება ეგრეთ წოდებული დაბლოკების ვადა, 26 თებერვალს კი - პარტიული სიებისა და ბლოკების სიების წარდგენის ვადა.
შექმნილ ვითარებაში გაერთიანებული დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში ან ბლოკის სახით წარდგებიან, ან ერთიანი სიით. ანუ ერთ-ერთი პარტია რეგისტრაციას მოიხსნის. გადაწყვეტილებას საორგანიზაციო ჯგუფი უახლოეს დღეებში, 10 თებერვალს, მიიღებს. საუბრობენ ბლოკის, და მომავალში უკვე პარტიის, სავარაუდო სახელზეც - დემოკრატიული ნაციონალური მოძრაობა.
XS
SM
MD
LG