Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელმა მეცნიერმა აღიარა ჩადენილი დანაშაული


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს ისლამაბადში, ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას,

პაკისტანელმა მეცნიერმა აბდულ ქადირ ხანმა, რომელსაც მისი თანამემამულენი ქვეყნის ბირთვული პროგრამის მამამთავრად მიიჩნევენ, აღიარა, რომ სხვა ქვეყნებს მიჰყიდა ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებული საიდუმლო ტექნოლოგიები და საჯაროდ ბოდიში მოიხადა პაკისტანელი ხალხის წინაშე.


აბდულ ხანი გასულ კვირაში გაათავისუფლეს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან, როცა ორთვიანმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული საუკუნის 80-იანსა და 90-იან წლებში, პაკისტანელმა მეცნიერმა ირანს, ლიბიასა და ჩრდილოეთ კორეას მიჰყიდა ბირთვული ტექნოლოგია. 4 თებერვალს, ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, ხანმა ხსენებული ინფორმაციის ჭეშმარიტება დაადასტურა [აბდულ ქადირ ხანის ხმა]: "გამოძიებამ ბირთვული ტექნოლოგიების გადაცემის ფაქტები დაადასტურა და ისიც, რომ ყოველივე ეს, უდავოდ, ჩემი მითითებით მოხდა. მთავრობის წარმომადგენლებთან ინტერვიუს დროს მაჩვენეს გამოძიების დასკვნა, და მე ვაღიარე, რომ მასში მოყვანილი ფაქტები ზუსტია და სინამდვილეს შეესაბამება."

აბდულ ხანმა ღრმა სინანული გამოთქვა თავისი ნამოქმედარის გამო და თან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის ადმინისტრაციას წარმოდგენა არ ჰქონდა ბირთვული ტექნოლოგიების საიდუმლოდ გაყიდვის შესახებ. ხანმა აღუთქვა ამასთანავე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება [აბდულ ქადირ ხანის ხმა]: "მინდა დაგარწმუნოთ, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება მომავალში. მინდა მოვუწოდო ამასთანავე პაკისტანის ყველა მოქალაქეს, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ შემდგომი სპეკულაციისაგან და არ დაუშვან ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის პოლიტიზაცია".

ამ სკანდალურმა ისტორიამ ჩრდილი მიაყენა პრეზიდენტ მუშარაფის ადმინისტრაციას. ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მუშარაფი არ იყო ინფორმირებული აბდულ ხანის საქმიანობის შესახებ.

როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი გერი სამორი აღნიშნავს, მუშარაფი ალბათ იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც აბდულ ხანმა საჯაროდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ბოლო მოეღება საეჭვო ვარაუდებს; და რაც მთავარია, აღარ გახდება საჭირო ღია სასამართლო პროცესის მოწყობა, რომლის მსვლელობისას შესაძლოა მუშარაფისათვის ბევრ არასასიამოვნო ფაქტს მოეფინოს შუქი.

ვინაიდან დასავლეთის ქვეყნები, და განსაკუთრებით შეერთებული შტატები ფერვეზ მუშარაფს რეგიონში სტაბილურობის გარანტად, აგრეთვე ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ერთგულ მოკავშირედ მიიჩნევენ, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ვაშინგტონმა ისეთივე ზეწოლა მოახდინოს პაკისტანზე, როგორც ეს ეგრედ წოდებული "არასაიმედო" რეჟიმების, ირანისა და ჩრდილოეთი კორეის მიმართ ხდება.
XS
SM
MD
LG