Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო


5 თებერვალს საქართველოს პარლამენტი შეუდგა ხელისუფლების მიერ მომზადებული იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემოღებასა და

პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. რიგგარეშე პლენარული სხდომა პირველი წუთებიდანვე ოპოზიციონერი პარლამენტარების მძაფრი კრიტიკის ქვეშ მიმდინარეობდა. ოპოზიცია განსაკუთრებით გააძლიერა მათ რიგებში კობა დავითაშვილის გადასვლამ, დავითაშვილისა, რომელმაც სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი პროტესტის ნიშნად თქვა უარი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის პოსტზე. მიუხედავად დეპუტატთა წინააღმდეგობისა, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წარდგენილი პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღება, პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებათა გაზრდა, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის დათხოვნის უფლების ჩათვლით, ორმაგი მოქალაქეობის შემოღება, პარლამენტარებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა, - ასეთი გახლდათ ძირითადი დებულებები იმ საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ფრანგულ მოდელს უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და რეფორმების გატარება. ხუთშაბათს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა კანონმდებლებს მხარი დაეჭირათ წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილებებისათვის.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ გვინდა ძლიერი ხელისუფლება იმისათვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ. ერთ მუშტად შეკრული ხელისუფლება - ეს არის ქართველი ხალხის მანდატი. რას ვღებულობთ ჩვენ ამ მოდელით? არა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერებას, ჩვენ ამ მოდელით ვიღებთ ერთიან შეკრულ გუნდს, კოორდინირებულ ხელისუფლებას. ეს არის სწორედ ის, რაც აკლდა საქართველოს. ამიტომ კონსტიტუციური ცვლილება იძლევა ასეთი მოდელის საშუალებას და სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ინტერესებს."

თუმცა, ერთიანობის ნაცვლად, საკონსტიტუციო ცვლილებებმა ბზარები სწორედ ხელისუფლების დასაყრდენ "ნაციონალურ მოძრაობაში" წარმოშვა. ამ მოდელს საჯაროდ დაუპირისპირდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი კობა დავითაშვილი, რომელმაც ორი დღის წინ პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა. კობა დავითაშვილი ამბობს, რომ, არსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველო უკონტროლო აღმასრულებელ ხელისუფლებას და ფიქტიურ პარლამენტს მიიღებს.

[კობა დავითაშვილის ხმა] " კატეგორიულად მიუღებელი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპსა და ურთიერთკონტროლზე უარის თქმა. ანუ დღეს ჩვენ ვიღებთ, ფაქტობრივად, უკონტროლო აღმასრულებელ ხელისუფლებას, ჩვენ დღეს ვიღებთ ფიქტიურ საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომელიც ვერ შეასრულებს საკანონმდებლო საქმიანობას."

ფრაქცია "სოციალისტის" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი საკონსტიტუციო ცვლილებათა ძირითადი ნაკლოვანება ჩვენთან საუბარში ასე განსაზღვრა:

[ზაქრო ქუცნაშვილის ხმა] "თუ აქამდე საქართველოს ხელისუფლებას ეკრძალებოდა პარტიის სათავეში ყოფნა (ის უნდა ყოფილიყო მთელი საქართველოს პრეზიდენტი, მათ შორის, იმათიც, ვინც მის პოზიციებს არ იზიარებს), ამ პროექტით, ის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი იქნება. თუ აქამდე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, ახლა ის ნიშნავს ყველა დონის მეთაურს, თუ აქამდე საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისა, ახლა მას აქვს უფლება ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს იმ უცხოელებს, ვინც უკეთ დააფინანსებს მის საარჩევნო პროგრამას."

საკონსტიტუციო ცვლილებების წარმოდგენილ პროექტზე დებატები პარლამენტში ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. ოპოზიციამ მოახერხა რამდენიმე არსებითი ცვლილების შეტანა წარმოდგენილი კანონპროექტის ტექსტში. კერძოდ, პარლამენტს უფლება ეძლევა ხმათა სამი მეხუთედით უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, სამაგიეროდ, იზღუდება პრეზიდენტის უფლება, მთავრობას გადააყოლოს პარლამენტიც. ასევე დაკმაყოფილდა პარლამენტართა ნაწილის მოთხოვნა, საკანონმდებლო ორგანოსთან შეუთანხმებლად არ მოხდეს დეპუტატისთვის იმუნიტეტის გაუქმება.
საქართველოს პარლამენტმა, 169 ხმით 7-ის წინაღმდეგ, პირველი წაკითხვით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. მეორე და მესამე მოსმენა კი 6 თებერვალს განახლდება.
XS
SM
MD
LG