Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სამოქალაქო საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ


5 თებერვალს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ერთმანეთისგან განსხვავებულ ატმოსფეროში, ერთმანეთისგან განსხვავებულ საზოგადოებაში განიხილებოდა - პარლამენტსა და სასტუმრო "მერიოტში",

არასამთავრობო ორგანიზაცია "საკონსტიტუციო პრობლემათა სტრატეგიული კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე. სასტუმრო "მერიოტში" თავმოყრილნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური ექსპერტები, იურისტები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები - საერთო ჯამში, ის ადამიანები, რომელთა კომპეტენტურობაშიც ეჭვი არავის ეპარება, რომლებსაც ახალი სახელისუფლებო ელიტა ცოტა ხნის წინ უსმენდა, დღეს კი ნაკლებად უსმენს. სასტუმრო "მერიოტში" ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ჩაიდო.

" საკონსტიტუციო პრობლემათა სტრატეგიული კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილმა ექსპერტებმა დეტალურად ახსნეს, რა და რამდენად გაუმართლებელი ცვლილებები შემოგვთავაზა დემოკრატიული პროცესების გაღრმავების დაპირებებით ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ. სასტუმრო "მერიოტში" შეკრებილ ადამიანებს მეც იმ საფრთხეებზე ვესაუბრე, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ჩაიდო და რომლებმაც საქართველო, მრავალი ექსპერტის აზრით, დიდი შანსია, დიქტატურამდე მიიყვანოს. საქმე ეხება საკანონმდებლო ხელისუფლების აშკარა დასუსტებას, პრეზიდენტის უფლებამოსილებების განუზომლად გაზრდას, ისე, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციებშიც კი უნდა შეიჭრას - ძალიან მოკლედ, ფრანგულ-ხორვატიულად მონათლული მოდელის სახით, საქართველოში ისეთი მოდელის ამოქმედებას, რომელსაც ექსპერტები ჯიბის პარლამენტის, კუთხეში მიყენებული პრემიერისა და განუზომელი უფლებების მქონე, ამავდროულად, უპასუხისმგებლო პრეზიდენტის მოდელად განიხილავენ. დავიწყოთ იმით, თუ ზუსტად რა ტიპის მოდელთან გვაქვს საქმე:

[ავთანდილ დემეტრაშვილის ხმა] " თუკი ქვეყნებს მივაბამთ, ეს არის პოსტსოციალისტურ ქვეყნებში დამკვიდრებული სუპერსაპრეზიდენტო მოდელი. სიტყვასიტყვით არის ამ პროექტში დებულებები, რომლებიც გადმოღებულია რუსეთის კონსტიტუციიდან. მაგალითად, ძალოვანი სტუქტურების გადაყენების უფლება პრეზიდენტის მიერ რუსეთშიც იგივე არის. არის სხვა დებულებებიც, რომლებიც მიუთითებს ამ მოდელის მსგავსებას რუსეთის მოდელთან, აზერბაიჯანის მოდელთან, უკრაინის მოდელთან." (სტილი დაცულია)

ეს იყო "საკონსტიტუციო პრობლემათა სტრატეგიული კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის ავთანდილ დემეტრაშვილის შეფასება. ავთანდილ დემეტრაშვილი არ ეთანხმება აზრს, რომლის მიხედვით, 1995 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ საკუთარი თავი ამოწურა. ის ხელისუფლებას ხელს უშლის რეფორმების გატარებაში და ამიტომ გახდა საჭირო მისი შეცვლა. "ცვლილებები პოლიტიკური კონიუნქტურით არის ნაკარნახევი და მორგებულია კონკრეტულ პიროვნებებზეო," ამბობს ის. ამ აზრს ეთანხმება "კავკასიური ინსტიტუტის" თანამშრომელი დავით დარჩიაშვილიც. ის, რასაც ფრანგულ-ხორვატიული მოდელი უწოდეს, მას მმართველობის აღმოსავლურ მოდელს აგონებს:


[დავით დარჩიაშვილის ხმა] "ესეთი ცვლილებები ჩვენ გვაახლოებს აღმოსავლური სახელმწიფოს მოდელთან, სადაც არის დიდი უფლებების სახელმწიფო მეთაური და დიდი ვეზირისმაგვარი პიროვნება, რომელსაც შეიძლება აღმოაჩნდეს ისეთი პიროვნული შარმი, რომ მან მართოს ქვეყანა. თუმცა, მას, როცა უნდა, მაშინ მოიშორებს სახელმწიფოს მეთაური. ეს არ არის ხელისუფლების დანაწილება. "


დავით დარჩიაშვილის მიერ ხსენებულ დიდი ვეზირისმაგვარ პიროვნებაში პრემიერ-მინისტრი უნდა წარმოვიდგინოთ. "იმ ვარიანტით, რომლის რეალიზაციაც ხელისუფლებამ ისურვა, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვერ მიაღწევენ მთავრობის ეფექტურ მუშაობასო, "- ფიქრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის " წარმომადგენელი თინა ხიდაშელი.

[თინა ხიდაშელის ხმა] " კონსტიტუციაში არაფერი არ დევს იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ეფექტური. ყველაფერი დევს იმისთვის, რომ პროცედურა იყოს დამძიმებული, დუბლირებული. ჩემი წუხილი არის ამაში და არა იმაში, რომ სააკაშვილი დიქტატორი გახდება და ყველას დაგვიჭერს. მე ამის ჯერჯერობით არ მეშინია. მე მეშინია იმის, რომ ამ ვარიანტით ხელისუფლების მიზანი მიუღწევადია და ამას რატომღაც ვერ აცნობიერებენ. "

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ გაუცნობიერებელი თუ კარგად გაცნობიერებული ჩანაფიქრით, საქართველოში იქმნება ყველა პირობა ერთპიროვნული მმართველობის რეჟიმზე გადასასვლელად. ამერიკის შეერთებული შტატების "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" თბილისის წარმომადგენლობის დირექტორს მარკ მალენს უჭირს თქვას, რა რეჟიმი შეიძლება დამყარდეს საქართველოში, თუმცა, მისი აზრით, ეს ცვლილებები, აშკარად, გარკვეული პიროვნებების ინტერესებზე მორგებულად გამოიყურება.

[მარკ მალენის ხმა] " არ ვიცი, რა რეჟიმის დამკვიდრებაზეა ლაპარაკი. ეს ცვლილებები სერიოზულად ცვლის ქვეყანაში ხელისუფლების გადანაწილებას. ძლიერდება აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ხელისუფლების ხარჯზე. ეს ისეთი ცვლილებებია - მათი მოთხოვნა ადამიანებს არ გაუჩნდებოდათ, რომ არ ჰქონდეთ გარკვეული ინტერესები. მცდელობაა, მოქმედმა პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები - პარლამენტმა, რომელიც შედგება ისეთი ძალებისგან, როგორიც არის: "აღორძინება", "მოქალაქეთა კავშირი"," მრეწველები", რომლის მიერ დამტკიცებულ ჩინოვნიკებსაც იჭერენ."

მარკ მალენის აზრით, მას შემდეგ, რაც ეს კონსტიტუციური ცვლილებები იქნება მიღებული და ძალაუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. შეეცდება გააკონტროლოს, რამდენად სწორად გამოიყენებს ის ძალაუფლებას.
XS
SM
MD
LG