Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინადადებები ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს ახალი ხელისუფლების კრიტიკა ძალას იკრებს: 5 თებერვალს ხელისუფლებას პრეტენზიები წაუყენეს არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ადგილობრივი

თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობენ. შესაბამისად, პრეტენზია ეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა რეალიზებამ, შეიძლება, შეზღუდოს თვითმმართველობის განვითარება საქართველოში და გააღრმავოს დემოკრატიის ეროზია. როგორია მესამე სექტორის არგუმენტები?

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] "რატომ არ უნდა მქონდეს მე ჩემი პატარა სოფლის, თემის, რაიონის დონეზე ჩემი ცხოვრების საკითხების გადაწყვეტის უფლება? რატომ უნდა მიწყვიტავდეს ამას ცენტრალური ხელისუფლება? მენტალიტეტი ასეთია: ცენტრალურმა ხელისუფლებამ უფრო კარგად იცის, შენ როგორ უნდა იცხოვრო. ძალიან თვალნათლივ ჩანს: ჩემს უფლებას, ვიყო მოქალაქე და რაღაც ნაწილში - არა საგარეო ურთიერთობების ან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ რაც მე უშუალოდ მეხება ჩემს საცხოვრებელ ერთეულში - ამას მართმევს ხელისუფლება და გადააქვს ცენტრში." (სტილი დაცულია)

ამ სიტყვებით გადმოსცა ხელისუფლების თვითმმართველობითი პოლიტიკის კრიტიკა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც, სხვათა შორის, ბურჯანაძე-დემოკრატების საარჩევნო სიის პირველ ათეულში ეწერა გასული წლის 2 ნოემბრისათვის. დღეს, ჩანს, ისიც აღარ იზიარებს თანაპარტიელთა შეცვლილ მიდგომებს.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ექსპერტი დავით ლოსაბერიძე ხელისუფლებას თვითმმართველობის საკითხში, უწინარესად, არასისტემურ პოლიტიკას უწუნებს. დავით ლოსაბერიძე თვითმმართველობის ცვლილებათა არსებული პროექტის უარყოფით მხარეებს აზოგადებს:

[ლოსაბერიძის ხმა] "პირველი: არ არსებობს კონკრეტული ხედვა, ძირითადი პრინციპები. მეორე: იდგმება ურთიერთსაპირისპირო ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემის აღდგენისაკენ. მესამე: ძალაუფლება კონცენტრირებული იქნება ერთი პიროვნების ხელში."

ორგანიზაცია "Civitas Georgica"-ს წარმომადგენელი დავით მელუა ჩემთან საუბრისას შეეხო ცვლილებათ პროექტის ერთ ასპექტს. ცნობილია, რომ ხელისუფლება განიზრახავს კონსტიტუციაში შეიტანოს დანიშნული სამხარეო რწმუნებულის ინსტიტუტი. რწმუნებული იქნება მოხელე, რომელიც ერთპიროვნულად განკარგავს თბილისიდან რეგიონში რაიონებისთვის გადარიცხულ ფულს. დავით მელუას აზრით, პირს, რომელიც დასთანხმდება რწმუნებულის თანამდებობას, ან წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს, როგორ ხორციელდება ხელისუფლება, ან უნდა იცნობიერებდეს, რომ მიიღებს სუბიექტურ გადაწყვეტილებებს და დაარღვევს კანონს.

[მელუას ხმა] "აქედან გამომდინარე, ან უნდა შემოვიღოთ მორატორიუმი რწმუნებულის დაჭერაზე, რადგან მთავრობის კურსი საჯარო სამსახურში სამართალდარღვევაზე აუცილებლად გულისხმობს დასჯას, ან ეს ადამიანები დასაჭერები გახდებიან. აქ არის სუბიექტურ გადაწყვეტილებათა კასკადი: ადამიანი ანაწილებს ფულს ფორმულისა და ანგარიშის გარეშე. ეს საკმაოდ დიდი რისკია."

დავით ლოსაბერიძე ამბობს, რომ თვითმმართველობის პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს შეუძლია სისტემური ხედვა შესთავაზოს ხელისუფლებას, და რამდენიმე პრინციპს ჩამოთვლის კიდეც:

[ლოსაბერიძის ხმა] "არის ასეთი ხედვა: საქართველოში უნდა არსებობდეს ორდონიანი თვითმმართველობა და არა სამ ან სამნახევარდონიანი, როგორც დღეს და როგორსაც ვერც ერთი პატარა ქვეყანა ვერ გაუძლებს. მეორე: მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად უნდა აღიჭურვონ უფლებებით. ზემოთ, ვერტიკალზე, მხოლოდ ის უფლებები უნდა გადაეცეთ, რომელთა განხორციელება არ შეუძლიათ ადგილებზე. მესამე: უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელშიც - ნებისმიერ დონეზე, სადაც განკარგავენ თანხებს - უნდა არსებობდეს არჩევითი მაკონტროლებელი ორგანო."

რა პერსპექტივა აქვს თვითმმართველობას საქართველოში, გაირკვევა მხოლოდ იმ წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლების სტრუქტურის საკონსტიტუციო ცვლილებას გაუწევენ საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებაში.
XS
SM
MD
LG