Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეწყდა 3 ტელეკომპანიის პოლიტიკური ტოკშოუ ერთდროულად


3 თებერვალს ტელეკომპანია "მზის" პოლიტიკურმა ტოკშოუ "ღამის მზერამ" ეთერში გასვლა გაურკვეველი ვადით შეწყვიტა. 4 თებერვალს კი მისი ბედი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის "ღამის კურიერმა"

და ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ღამის საინფორმაციო გადაცემის პოლიტიკურმა დებატებმა გაიზიარა. ასეთმა თანხვედრამ როგორც მასმედიაში, ასევე საზოგადოებაში წარმოშვა ეჭვი, რომ მედიაზე პოლიტიკური კონიუნქტურის ზეწოლა ხორციელდება. თავად ტელევიზიათა წარმომადგენლები ამ ეჭვს უარყოფენ და პოლიტიკური დებატების შეწყვეტას გადაცემათა ფორმატის შეცვლის სურვილით ხსნიან.

ქართული ბიზნესისთვისაც კი უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაზე მაღალრეიტინგული, ანუ მაღალი შემოსავლის მქონე, გადაცემები ერთდროულად იხურება სამ სხვადასხვა ტელეარხზე. ის, რისი ახსნა ბიზნესის კანონებით შეუძლებელია, ყოველთვის პოლიტიკას უკავშირდება ხოლმე. თუმცა პოლიტიკური ზეწოლით გადაცემის დახურვას კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია "მზის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ინგა დადიანი და ღამის პოლიტიკური ტოკშოუს შეწყვეტას ასეთი მიზეზებით ხსნის:

[ინგა დადიანის ხმა] "რეიტინგი სანამ არის, ის არ უნდა დაეცეს. ესეც არის იმის პირობა, რომ ყველაფერი შეინარჩუნო. შეინარჩუნო რეიტინგი, შეინარჩუნო ვარსკვლავის ფასი და ყველაფერი და ამიტომ გავთვალეთ ყველანაირად, რომ ჯობდა ახლა ეს დამთავრებულიყო და მთლიანად გადართულიყო ახალ ფორმატზე."

გადაცემის ფორმატის შეცვლის სურვილით ხსნის ღამის პოლიტიკური ტოკშოუს დახურვას რუსთავი-2 და მეცხრე არხიც. ამ ყველაფრის, მართლაც, თანხვედრას არ გამორიცხავს ფილოსოფოსი გიგი თევზაძე:

[გიგი თევზაძის ხმა] "არც ის არის გამორიცხული, რომ, დავუშვათ, ხელისუფლებამ სთხოვა ამ არხების მფლობელებს, - ზოგს დაძალებით, ზოგს დაყვავებით, - რომ ცოტა ხნით შეეჩერებინათ დემოკრატიული გადაცემები თავიანთ ეთერში. ესეც არ არის გამორიცხული, პრინციპში, მაგრამ ისიც არის შესაძლებელი, რომ რაღაც უცებ ყველამ ერთად გადაწყვიტა... ასეთი კომიკური ახსნაც ხომ შეიძლება."(სტილი დაცულია)

ტელეარხების მხრიდან თავის მართლების მიუხედავად, საერთაშორისო ექსპერტებისთვისაც კი ნათელია, რომ სატელევიზიო ტელედებატების შეწყვეტა საეჭვოდ დაემთხვა ახალი ხელისუფლებისათვის მტკივნეული თემის, საკონსტიტუციო ცვლილებების, მწვავე კრიტიკას საზოგადოების მხრიდან. აი, რა განაცხადა შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა მარკ მალენმა:




[მარკ მალენის ხმა] "მე ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ამ პარლამენტის პირობებში ხდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და დამტკიცება ასეთ მოკლე ვადებში და ზუსტად ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ღამის საინფორმაციო გადაცემები გაქრა ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს. ქართულმა საზოგადოებამ ბევრი სირთულე გადაიტანა და, როგორც ბოლო მოვლენებიდან ჩანს, ქართველი ხალხი ყველაზე მეტად ინფორმაციის ხელმისაწვდომობას აფასებს."

მინისტრთა კაბინეტის თაობაზე ქვეყანაში დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესებს დემოკრატიის შეზღუდვას უწოდებს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური მდივანი კობა დავითაშვილი:

[კობა დავითაშვილის ხმა] "დღეს საქართველოში იწყება პროცესი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის. მე არა მგონია, რომ სიკეთე მოუტანოს ამან ქვეყანას. და მე არა მგონია, ერთი ადამინის გულისთვის და მისი ამბიციის დაკმაყოფილების გულისთვის დემოკრატია და პარლამენტარიზმი უნდა დასამარდეს ქვეყანაში."
XS
SM
MD
LG