Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება რუსეთში რამდენიმე ათეული ჩეჩენი ეროვნების მამაკაცის ექსტრადიციას გეგმავს


ჩეჩნეთიდან საქართველოში დროებით ჩასახლებული ლტოლვილები პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალურ ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში შიშითა და პანიკით ელიან. ვიზიტი 11 თებერვალს უნდა გაიმართოს.

მანამდე კი, ლტოლვილთა ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთში რამდენიმე ათეული ჩეჩენი მამაკაცის ექსტრადიციას განახორციელებს. როგორც კავკასიური სახლის თანამშრომელი, ქისტი ქალბატონი მექა ხანგოშვილი ადასტურებს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე დევს რუსეთის მხარის მიერ მოთხოვნილი ეგრეთ წოდებული ტერორისტების სია. მიუხედავად იმისა, რომ სიაში მოხვედრილი ადამიანების უმრავლესობა ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში, მათი რუსეთისათვის გადაცემის საფრთხე მაინც არსებობს. ამ ვითარების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" საქართველოს პრეზიდენტს გონივრული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის წინ რამდენიმე ათეული ჩეჩენი მამაკაცის რუსეთში შესაძლო ექსტრადიციის საფრთხის შესახებ პირველი კავკასიური სახლი, კერძოდ, ქალბატონი მექა ხანგოშვილი ალაპარაკდა. მას დახმარებისათვის თავად ლტოლვილმა ჩეჩნებმა მიმართეს.

[მექა ხანგოშვილის ხმა] "მეუბნებიან, რომ საკმაოდ ისეთი კონფიდენციალური წყაროა, რომელსაც არასოდეს არ მოვუტყუილებივართ. ამ წყაროს არ ასახელებენ თვითონ ჩეჩნები. ამიტომ მეც ვერ ვაიძულე ისინი, რომ დაესახელებინათ. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება მსგავსი რამე, მაგრამ თვითდაზღვევის მიზნით, მაინც ჩვენ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია."

საქართველოდან რუსეთში ჩეჩენი ეროვნების ადამიანთა ექსტრადიციის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა ამ წელიწად-ნახევრის წინ, სწორედ პრეზიდენტ შევარდნაძის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე, განხორციელდა. საქართველო-რუსეთის საზღვრის დარღვევის მოტივით დაკავებული 13 ადამიანიდან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 ჩქაროსნულად, გამოძიების გარეშე, გადასცა რუს კოლეგებს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამ ადამიანთა სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა. ევროსასამართლოს რეკომენდაციებით, საქართველოსა და რუსეთში უახლოეს ხანში უნდა განხორციელდეს ევროსასამართლოს ფასტ ფაინდ მიშენის მოსამართლეთა ვიზიტი 2002 წელს დაკავებული 13 ჩეჩენის საქმეზე, სახელწოდებით "შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოთა წინააღმდეგ". მაშინ, როცა რუსეთში ექსტრადირებული თუ საქართველოში დარჩენილი ჩეჩნების მდგომარეობაზე მონიტორინგი ევროსასამართლოს დღის წესრიგში ჯერაც დგას, ძნელი დასაჯერებელია, სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩეჩენი ლტოლვილების რუსეთში ექსტრადირების ახალი პრეცედენტი შექმნას. ამ ეჭვს იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატი ნანა კინწურაშვილიც, თუმცა სკეპსისიც საგრძნობია:

[ნანა კინწურაშვილის ხმა] "მე, პრინციპში, ახლა უკვე, ამ ბოლო დროს, არ მიკვირს ასეთი განცხადებები. ისეთები გვესმის ადვოკატებს, საერთოდ. აბსოლუტურად სამართალთან ახლოს არაა ეს განცხადებები, ისეთ განცხადებებს, პროკურატურიდან დაწყებული, დამთავრებული უმაღლესი ეშელონებით, და, პრინციპში, ყველა ადამიანს აქვს უფლება ექსტრადიციის გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ამისათვის არსებობს სასამართლო."(სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში 11 თებერვალს შედგება. მიხეილ სააკაშვილი თავისი პირველი ვიზიტისგან განსაკუთრებულ შედეგებს არ ელის. შედის თუ არა სააკაშვილის ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩეჩენი ლტოლვილების ექსტრადიციის საკითხი, ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი. თუმცა არის უტყუარი რეალობა, რომლის გათვალისწინება ქართულ მხარეს უსათუოდ მოუწევს. თუ პირველი ექსტრადიციის შემთხვევაში რუსეთმა ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ჩეჩნები მოითხოვა, ამჯერად საქმე მშვიდობიან ლტოლვილებს ეხება. მექა ხანგოშვილის თქმით, მათთვის მხოლოდ ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის გამო თუ შეიძლება ბრალის წაყენება.
XS
SM
MD
LG