Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო სოციალიზმის უკანასკნელ გადმონაშთს


ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში დღე ისე არ გავა, რომ რომელიმე, ყოფილი თუ მოქმედი, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე არ დააკავონ. დაპატიმრებებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო,

რომ თბილისელები ნახევრად ხუმრობით კითხულობენ: დაიტევს კი ამდენ პატიმარს ქართული ციხეები? ეს კითხვა, პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარი ირონიის გარეშეც აქტუალურია. ანტისანიტარია და უხარისხო საკვები იქით იყოს - პატიმრებს, ხშირ შემთხვევაში, იმის გამო რომ არ ჰყოფნით საწოლები, მორიგეობით უწევთ ძილი. რა ვითარებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მდგომარეობიდან გამოსავლის რა გზებს ხედავს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა?


იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა საქართველოში მოქმედ 13-ივე კოლონიას, სადაც სასჯელს 6 ათას 500 პატიმარი იხდის, საბჭოთა სისტემის გადმონაშთად მიიჩნევს. სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ საჭიროა განხორციელდეს დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულ საკნის ტიპის სასჯელაღსრულების სისტემებზე ეტაპობრივი გადასვლა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პენიტენციალური სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მომზადდა და რომლის ძირითადი დებულებების გასაცნობად საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიიწვიეს. კონცეფციის დეტალების გაცნობის გარდა, კოლონიაში სტუმრობას სხვა პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა: ნანახმა სტუმრები რეფორმის აუცილებლობაში დაარწმუნა.

რუსთავის კოლონიაში შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი დაწესებულების დირექტორს თემურ მაისურაძეს ვთხოვე.

[თემურ მაისურაძის ხმა] "საცხოვრებელი კორპუსები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საავადმყოფო, მართალია, ფუნქციონირებს, მაგრამ ძალიან სავალალო მდგომარეობაშია - არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს... ასე რომ პრობლემები გვაქვს."

პრობლემებზე საუბრობენ თავად მსჯავრდებულები:

[მსჯავრდებულის ხმა] "იმდენად პატარა ფართობია, რომ ადამიანს გავლაც კი უჭირს. აი, ფართობები რომ შეიცვალოს და გაკეთდეს უფრო მეტი, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, რომ თავისუფლად იყოს. წლების განმავლობაში... მთელი ცხოვრება აქვს ზოგს მისჯილი, ზოგს ოცი, ზოგს თხუთმეტი აქვს მისჯილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ექვსი კაცი და ხუთი კაცი ცხოვრობს რაღაც სამ კვადრატულ მეტრ ფართობში." (სტილი დაცულია)

გაუსაძლის პირობებზე ჩივიან პატიმართა ნათესავები:

[ქალბატონის ხმა] "კარგით, ჩემი შვილის პირობებს თუ ვერ გააუმჯობესებენ, მომსახურე პერსონალის პირობები გააუმჯობესონ მაინც. ექიმის კაბინეტი მაინც რომ ჰგავდეს ექიმის კაბინეტს. აქ ყველა პატიმარი ექიმს უყურებს, როგორც ღმერთს, და ნახეთ ერთი, რა პირობებში უწევს ექიმს სამსახური."

ცუდი საცხოვრებელი პირობების გარდა, პატიმართა მდგომარებას შემდეგი გარემოებაც ამძიმებს: მათ არ იციან, რითი დაკავდნენ.

[მსჯავრდებულის ხმა] "შვიდზე ავდგებით, მერე ჩავიცვამთ, დავიბანთ და "პრავერკაზე" გავდივართ. პრავერკის მერე მოვდივარ, მერე სადილი იწყება... და საღამოს ისევ პრავერკა. სამუშაო არაფერი არ გვაქვს. გავზარმაცდით."

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორიოდე თვეში გაიხსნება რუსთავის ნომერ მეშვიდე, ეგრეთ წოდებული საკნური ტიპის საპყრობილე, რომელიც ორი ათას ტუსაღზეა გათვლილი. რეფორმის თანახმად, კიდევ ერთი საპყრობილე უახლოეს მომავალში დასავლეთ საქართველოშიც აშენდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG