Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ბოლო წლებში, შრომითი რესურსის სახით, დაახლოებით მილიონი მოქალაქე გავიდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის ფულადი გზავნილები ქვეყანაში სავალუტო შემოდინებისა და მოსახლეობის გარკვეული,

არცთუ მცირე, ნაწილის მინიმალური სოციალური გარანტიების უზრუნველყოფისათვის ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ემიგრაციულ პროცესებს იმპულსი 90-იანი წლების პირველ ნახევარში მიეცა, თუმცა ამ პერიოდში ქვეყნიდან გასული შრომითი თუ ინტელექტუალური რესურსის დიდი უმრავლესობა, ძირითადად, არაქართული მოსახლეობა იყო, რომლის ნაწილი ?რკინის ფარდის? რღვევის შემდეგ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა, ან უცხოეთში დიდი ხნით ადრე გადახვეწილ ნათესაობას ან, უბრალოდ, უკეთეს სამუშაო პირობებს მიაშურა. აღსანიშნავია, რომ ერთიანი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც არსებობდა ე.წ. შიდა მიგრაცია, თუმცა მისი მასშტაბები შეუდარებლად მცირე იყო. 90-იანი წლების მეორე ნახევარი კი ქვეყნიდან მკვიდრი ქართველი მოსახლეობის მასობრვი გასვლით აღინიშნა. ამ პროცესს განსაკუთრებული იმპულსი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ, უმუშევრობამ და არასტაბილურმა პოლიტიკურმა ფონმა მისცა. დღეისათვის, სხვადასხვა გათვლებით, საქართველოდან 600 ათასიდან მილიონამდე ადამიანია ემიგრირებული.

მიგრაციული პროცესები და მისი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, სამწუხაროდ, ნაკლებად არის შესწავლილი, თუმცა ამ სფეროში სიცხადის შეტანის მოკრძალებული მცდელობებიც ნათელყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი თავის მინიმალურ სოციალურ პირობებს იმ შრომითი რესურსების მეშვეობით უზრუნველყოფს, რომელიც სხვადასხვა წლებში ქვეყნიდან შემოსავლის საძიებლად გავიდა.

საქართველოდან ძირითადი მიგრაციული ნაკადები, ტრადიციულად, მიმართულია 4 ქვეყნისაკენ: რუსეთი, საბერძნეთი, აშშ და გერმანია. ბოლო წლების განმავლობაში შრომითი ემიგრაციის ინტენსიურობამ საგრძნობლად იკლო რუსეთისა და თურქეთის მიმართულებით; სამაგიეროდ, იმატა ევროპასა და აშშ-ში სამუშაოდ წასულთა რაოდენობამ. ამის მიზეზად რუსეთთან სავიზო რეჟიმის გართულება და შედარებით მაღალანაზღაურებადი სამუშაოსაკენ ლტოლვა სახელდება. თუმცა მიაჩნიათ, რომ საქართველოს პატარა ქალაქებიდან და სოფლებიდან შრომით ემიგრანტთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 70%, ისევ რუსეთში ეძებს სამუშაოს.

ბოლო პერიოდში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული გამოკვლევების მიხედვით, შრომით ემიგრაციაში მონაწილეობს თითქმის ყველა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფი, თუმცა, აშკარად, ჭარბობს 21-დან 45-წლამდე ასაკის შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც თავისი პოტენციალის რეალიზებას აქ, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს და შედარებით მაღალანაზღაურებად, თუმცა არაპროფილურ და არაპრესტიჟულ მძიმე სამუშაოებზე უწევს დასაქმება. თანაც, ტერმინი ?მაღალანაზღაურებადი? ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება გამოვიყენოთ.

ასევე მხოლოდ პირობითად შეიძლება განისაზღვროს იმ ტრანსფერების ოდენობა, რასაც შრომითი ემიგრანტები სამშობლოში დარჩენილი ნათესავებისა და ოჯახის წვერებისათვის ახორციელებენ. ითვლება, რომ შრომით ემიგრანტთა საშუალო თვიური შემოსავალი 715 აშშ დოლარამდეა; შესაბამისად, ერთი ემიგრანტის მიერ საქართველოში განხორციელებული გზავნილის საშუალო სიდიდე 168 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა ემიგრანტთა გზავნილები მნიშვნელოვნად განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ამ მხრივ, ყველაზე დიდი ტრანსფერები ამერიკაზე მოდის და თვეში დაახლოებით 370 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირე თანხები, ერთ ემიგრანტზე გათვლით, თვეში დაახლოებით 110 დოლარი, რუსეთიდან შემოდის.
XS
SM
MD
LG