Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორც გაზეთი "ვაშინგტონ ტაიმსი" აღნიშნავს, ერთობ რთული ამოცანის წინაშე დადგა საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,

როცა დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ, თანაც რესპუბლიკაში, სადაც ქრთამის აღება ცხოვრების წესად იქცა ედუარდ შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობის დროს, რამაც ხალხში ცინიზმი, მთავრობისადმი უნდობლობა და ეკონომიკის სრული კრიზისი გამოიწვია. გაზეთი დასძენს:

"ვარდების რევოლუცია" საქართველოში არის განვლილი ათწლეულის მანძილზე პოსტ-საბჭოურ სივრცეში მომხდარი ყველაზე თვალსაჩინო მოვლენა. ეს იყო ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება ცინიზმზე."

გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულია საქართველოსადმი მიძღვნილი ვრცელი სტატია, რომლის ავტორი, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მირჩა ჯოანა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის კურთხევის ცერემონიას დაესწრო. მირჩა ჯოანა წერს:

"ვითარების სტაბილიზაცია საქართველოში, და რესპუბლიკის ახალი, რეფორმისტი ლიდერებისთვის დახმარების მიწოდება, უშიშროების განმტკიცებასა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს მთელს კავკასიის რეგიონში. ხოლო გაძლიერებული და რეფორმირებული საქართველო ვითარების სტაბილიზაციაში დაეხმარება თავის კავკასიელ მეზობლებსა და შუა აზიის რესპუბლიკებს."

საინტერნეტო გამოცემა "ტრანზიშენ ონლაინსში" შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა 2 სამხედრო ბაზა დაიტოვა საქართველოს ტერტიორიაზე და თანაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტ ლიდერებთან, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძესთან.
XS
SM
MD
LG