Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

525-ე გამოშვება.


მარიამ ჭიაურელი, წამყვანი 525-ე გამოშვება.

ახლა "მეათე სტუდიაში" გეპატიჟებით და ყოველკვირეული რადიოჟურნალის მთავარ თემად დღეს აკრძალულსა და მისდამი სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას შემოგთავაზებთ. შევეცდებით გავარკვიოთ, აკანონებენ თუ არა "კანონიერ ქურდებს", ან მოსალოდნელია თუ არა საქართველოში მარიხუანას ლეგალიზება. გვერდს ვერ ავუვლით ვერც, ალბათ, ყველაზე ხშირად განხილულ თემას - კორუფციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ერთ დროს აკრძალული იყო "ფორმულა 1"-ც, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგოები "ბურჟუაზიულ სპორტად" მიიჩნევდნენ... რატომ შევარჩიეთ დღევანდელი გადაცემისთვის "ფორმულა 1", მოგვიანებით შეიტყობთ. ბოლოს კი გამოვეხმაურებით იუბილეს, რომელსაც გერმანიის გაზეთმა ფრანკფურტერ ალგემაინემ ასეთი სათაური მიუძღვნა: "კინოს ფავორიტი - ოთარ იოსელიანი 70" წლისაა. "მეათე სტუდიას" მარიამ ჭიაურელი უძღვება.
[მუსიკა]

აკანონებენ თუ არა "კანონიერ ქურდებს"?

წამყვანი:
კვირის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლისას ახალ საშუალებას გამოიყენებდა. კერძოდ, კრიმინალური სამყაროს დაუწერელი კანონების მიხედვით, თუ ე.წ. კანონიერი ქურდი უარყოფს თავის ქურდობას, ის ისჯება თავად ქურდების მიერ. ხოლო თუ ქურდი უკან არ დაიხევს და დაადასტურებს, რომ ქურდია, მას დაიჭერენ. "კანონიერი ქურდების" ძველ და არაფორმალურ ინსტიტუტთან ბრძოლის პერსპექტივაზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

"კანონიერი ქურდები" ორ პირობით კატეგორიად შეიძლება დაიყონ: ქურდი, რომელიც ციხეში ზის და ქურდი, რომელიც თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ "კანონიერ ქურდს" იოლად ვერ უპოვი დაპატიმრების საბაბს. ქურდის მიერ ჩადენილ ან ორგანიზებულ დანაშაულს რანგით დაბალი მისი ხელქვეითები იღებენ საკუთარ თავზე, იარაღს თავად იშვიათად ატარებს და ა.შ. მაგრამ მაინც გაუგებარია, როგორ უნდა დააპატიმრო ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ აღიარებს, ქურდი ვარო და, ამასთან, ვერც ერთ დანაშაულს ვერ უმტკიცებ? შესაძლებელია, მოხდეს კანონიერი ქურდის სტატუსის, ასე ვთქვათ, გათეთრება, მისი ფორმალიზება, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანა? რადიო "თავისუფლებამ" შეკითხვით მიმართა იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს გია გეწაძეს, ხომ არ ამუშავებს სამინისტრო კანონპროექტს, რომლის კანონად ქცევა დააჭერინებს ადამიანს მარტო იმიტომ, რომ ის უარს არ განაცხადებს ქურდის ტიტულზე?

[გეწაძის ხმა]: "კანონის პროექტებს ძალიან ბევრს ვწერთ ჩვენ. ასე შეიძლება ვიღაცამ თავის თავს ჩინეთის იმპერატორი დაუძახოს".

მინისტრის მოადგილის რეპლიკიდან ჩანს, რომ ის სერიოზულად არ ეკიდება "კანონიერი ქურდის" სტატუსის ფორმალიზებას. იუსტიციის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, გიგი უგულავა, გია გეწაძის კვალად, კანონიერი ქურდის ინსტიტუტს საბჭოთა ატავიზმად მიიჩნევს:

[უგულავას ხმა] "კანონიერი ქურდი არის ის გადმონაშთი, რომელიც სახელმწიფოს არასოდეს არ მისცემს განვითარების საშუალებას. კანონიერი ქურდის ინსტიტუტი წარმოადგენს მთელი საზოგადოების პრობლემას იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის ეს ინსტიტუტი რჩება ერთგვარი ესთეტიკური მიმზიდველობის საგნად. მე ვფიქრობ, სახელმწიფოს დანიშნულებაა, კომპლექსურად ებრძოლოს ამ ინსტიტუტს, როგორც ღირებულებით სიმახინჯეს".

რამდენიმე წელია, სახელმწიფო მოხელეებიც და მესამე სექტორის აქტივისტებიც ლაპარაკობენ სასჯელთა აღსრულების სისტემაში უპირატესად კოლონიური რეჟიმიდან საპყრობილის რეჟიმზე გადასვლის შესახებ, თუმცა არავითარი ძვრა, ამ მხრივ, არ არის. გიგი უგულავა ამბობს, რომ ციხე დღეს დანაშაულის ეპიცენტრია და სახიფათოა საზოგადოებისათვის. კოლონიაში ერთიმეორის გვერდით სხვადასხვა კატეგორიის ხალხი იხდის სასჯელს და სუბორდინაციის დაუწერელი სისტემა ბატონობს.

[უგულავას ხმა] "თუ ჩვენ გვინდა, დავამარცხოთ კანონიერი ქურდის ინსტიტუტი, მაშინ გეზი უნდა ავიღოთ კოლონიური სისტემის საერთოდ მოსპობისაკენ და გადავიდეთ საკნური ტიპის ციხეებზე. დღევანდელ სისტემაში ვერ უზრუნველყოფ ადამიანების განცალკევებას ან მათ დაყოფას მცირე, ერთგვაროვან ჯგუფებად".

მაგრამ დავუბრუნდეთ იმ კანონიერ ქურდებს, რომლებიც შეიძლება დააკავონ და, ასე ვთქვათ, გასაფუჭებლად ჰკითხონ, აღიარებს თუ არა, რომ ქურდია? რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ასეთი ბრძოლა კანონიერ ქურდებთან? ამ შეკითხვით რადიო "თავისუფლებამ" ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს მიმართა:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "არ მესახება ეფექტურად, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საკმაოდ მოქნილი სისტემაა და აუცილებლად გამოიმუშავებენ რაღაც პასუხს. მაგალითად, მუსლიმანს შეუძლია, გარკვეულ პირობებში თქვას, რომ არ არის მუსლიმანი, თუ ეს ემუქრება მის სიცოცხლეს. რაღაც მსგავსი იქნება აქაც. თუ რომელიმე ფორმალურ ან არაფორმალურ ინსტიტუტს უნდა თავის შენარჩუნება, აუცილებლად უნდა შეეგუოს ახალ პირობებს. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, შეიკრიბონ ეგენი და დათქვან, რომ თქმა "არ ვარ ქურდი" არ არის არაქურდული. თუ უკვე არ შეუმუშავებიათ, ნამდვილად შეიმუშავებენ რაიმე მსგავსს. ცოტა გულუბრყვილო მიდგომაა. საერთოდ, არასერიოზულად მიმაჩნია ასეთი ხერხი. უფრო კამპანიას ჰგავს, ვიდრე რეალურ ბრძოლას. სურვილის არსებობა მესმის და მივესალმები ყველანაირად, მაგრამ ასეთი საშუალებით ამის მოხერხება რეალურად არ მესახება."
[მუსიკა]

წამყვანი:
ასეთია ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის მოსაზრება კანონიერ ქურდებთან ბრძოლაზე. გაგა ნიჟარაძეს თვბილისში ესაუბრა ჩვენი თანამშრომელი დავით პაიჭაძე. ასევე თბილისში მყოფმა კოლეგამ გიორგი კაკაბაძემ კი თანამოსაუბრედ იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი შეარჩია და მას სთხოვა, სამართლებრივი კუთხით შეეფასებინა საქართველოში კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან დაწყებული ბრძოლა. როგორც თავად დარწმუნდებით, საუბარი კიდევ ერთხელ შეეხება კანონიერი ქურდების წინაღმდეგ ბრძოლას.

[იხ. აუდიოვერსია]

რამდენად მიზანშეწონილია მარიხუანას ლეგალიზება?

წამყვანი:
ამ ორიოდე დღის წინათ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ახალი ინიციტივით გამოვიდნენ - უცნობის, აჩიკო გულედანის, ირაკლი ჩარკვიანისა და სხვათა აზრით, ურიგო არ იქნებოდა მარიხუანას ლეგალიზება. მათი განცხადებით, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში დადგინდა, რომ მარიხუანა არავითარ ზიანს არ აყენებს ჯანმრთელობას. მეტიც - მათი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში მარიხუანა სამედიცინო მიზნითაც გამოიყენება. რამდენად უსაფრთხო ნარკორიტია მარიხუანა? ამის დადგენას თამარ ჩიქოვანი შეეცადა.

თამარ ჩიქოვანი:
მარიხუანას ლეგალიზების შესახებ დისკუსია დასავლეთში 60-იანი წლებიდან მიმდინარეობს. ამ წლების მანძილზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა როგორც მარიხუანას გამოყენების სასარგებლოდ, ისე საწინააღმდეგოდ. გერმანიაში, იტალიაში, შვეციაში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში ძლიერდება მოძრაობა, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. მოძრაობის წევრები მოითხოვენ მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სასჯელის გაუქმებასა და მარიხუანას თავისუფალ გაყიდვას. 2001 წლის ივლისში კანადაში ოფიციალურად ნებადართული გახდა ექიმის დანიშნულებით მარიხუანას გამოყენება.

ჰოლანდიაში, სადაც მარიხუანა თავისუფლად იყიდება, გასულ წელს ჩატარებულმა კვლევებმა მცირე შოკი გამოიწვია - როგორც დადგინდა, მარიხუანას გამოყენება აორმაგებს შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკს. ამ მოსაზრებას იზიარებენ ინგლისელი მეცნიერებიც. ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ტოქსიკოლოგის, პროფესორ ჯონ ჰენრის განცხადებით, მათ შორის, ვინც რეგულარულად მოიხმარს მარიხუანას, 4-ჯერ მეტია შიზოფრენიით დაავადების შემთხვევები.

სამწუხაროდ, ასეთივე ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გელა ლეჟავას ცნობით, საქართველოში შესამჩნევად გაიზარდა ახალგაზრდობაში შიზოფრენიის შემთხვევები: [გელა ლეჟავას ხმა] "უამრავი ახალგაზრდა მოდის შიზოფრენიის ნიშნებით, რომლის გამომწვევი მიზეზიც გახდა მარიხუანას მოწევა. ეს ახალი ამბავი არ არის - ეს ცნობილი ფაქტია. დღემდე არავინ იცის - ეს არის ფარულად ორგანიზმში არსებული შიზოფრენია, რომელიც გამოავლინა მარიხუანამ თუ გარკვეული ტიპის ადამიანებში მარიხუანა იწვევს შიზოფრენიის მსგავს მდგომარეობას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება."

გელა ლეჟავა უარყოფს გავრცელებულ ცნობას, თითქოს რომელიმე ქვეყანაში მარიხუანა ლეგალიზებულია. მისი თქმით, მარიხუანას მოხმარებისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში სასჯელის სხვადასხვა ზომა დღემდე არსებობს: [ გელა ლეჟავას ხმა] " მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ნარკოტიკი, მარიხუანას ჩათვლით, ლეგალიზებული არ არის. ყველგან არსებობს კანონმდებლობა, რომელიც, ამა თუ იმ ფორმით, სჯის ნარკოტიკის მიმღებ პირებს. ერთადერთი ქვეყანაა ჰოლანდია, რომელზეც ამბობენ, რომ ლეგალიზებულია, მაგრამ ეს არ შეეფერება სინამდვილეს. იქ მესამედ თუ იქნა პირი დაკავებული ამ საქმეზე, მას ელის ორ წლამდე იძულებითი მკურნალობა."

გელა ლეჟავა ასევე არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს მარიხუანას მომხმარებელი სხვა, უფრო ძლიერ, ნარკოტიკზე არ გადადის - საქართველოში სულ სხვა რეალობაა. მარიხუანას მომხმარებელთა დიდი ნაწილი მოწევასთან ერთად არაყსაც ეტანება, რაც კიდევ უფრო აჩქარებს შიზოფრენიის განვითარებას. მეორე ნაწილი კი მარიხუანას შემდეგ უფრო მძიმე ნარკოტიკებზე გადადის.

უნდა მოხდეს თუ არა საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზაცია? - ამ კითხვით თბილისელების პასუხი ასეთი იყო: [გამვლელების ხმები] "ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ჩვენი სუბკულტურიდან გამომდინარე, ცოტა ნაადრევია. საერთო ჯამში, წინააღმდეგი არა ვარ, რადგან გაცილებით საშიშია ის იაფფასიანი არაყი, რომელიც პირდაპირ კლავს ადამიანს - აცეტონით გაკეთებული." "მე მგონი, ისე განვითარებულები არა ვართ, როგორც ჰოლანდია. იმ დონეებს თუ მივაღწევთ ოდესმე, მერე შეიძლება ამაზე ფიქრი. ახლა ჯერ ვიღვიძებთ, ჯერ ვვითარდებით და ჯერ ადრეა. უფრო მეტი მოწევს, თუ ლეგალიზებული იქნება." " შეიძლება, რასაც უშლი ადამიანს, იმას თუ მისცემ, აღარ მოუნდეს. რომ უშლი - პირიქით ხდება: გინდა ის, რასაც გიშლიან. შეიძლება პირიქითაც მოხდეს - რომ იქნება, ამათ მეტი რა უნდათ."

სხვათა შორის, ბევრი გამვლელის განცხადებით, თუ ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზაციის მცდელობა იქნება, ისინი ამ ინიციატივის საწინააღმდეგო აქციას მოაწყობენ.
[მუსიკა]

ოთარ იოსელიანი 70 წლისაა. ინტერვიუ კინორეჟისორთან
წამყვანი:
ამ რამდენიმე დღის წინათ, ოთარ იოსელიანის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სტატიაში, გერმანიის გაზეთმა "ფრანკფურტერ ალგემაინემ" ქართველ ხელოვანს "კინოს ფავორიტი" უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ფილმები არასოდეს - არც საბჭოთა კავშირის არსებობის დროს და არც მისი დანგრევის შემდეგ - ყოფილა განებივრებული ფართო მასების ინტერესით, კინოხელოვნების მოყვარულებიცა და კრიტიკოსებიც იოსელიანს კარგა ხანია მსოფლიო კინოს დიდოსტატთა რიცხვს აკუთვნებენ. ამდენად, იგი მართლაც არის კინოს, ჭეშმარიტი კინოს ფავორიტი. რადიო "თავისუფლებამ" ოთარ იოსელიანს დაბადების დღის მისალოცად პარიზში დაურეკა. მას დავით კაკაბაძე ესაუბრება.

[იხ. აუდიოვერსია]

წამყვანი:
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მარიხუანას ლეგალიზებისადმი დამოკიდებულებაზე ვისაუბრეთ. რომ იტყვიან, რა დრო დადგა ქვეყანაში, სადაც არათუ მარიხუანას, უცხოეთში მოგზაურობას, ხელისუფლების კრიტიკას, ჯაზსა და კიდევ ბევრ სხვა რამეს კრძალავდნენ. სპორტის ზოგ სახეობასაც კი ალმაცერად უყურებდნენ. საბჭოთა კავშირის კომუნისტური ხელისუფლება მაგალითად, "ფორმულა 1"-ის ავტომანქანებით რბოლას "ბურჟუაზიულ სპორტად" მიიჩნევდა და მის განვითარებაზე არათუ არ ზრუნავდა, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ავტომრბოლელთა მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებასაც კი უკრძალავდა. დღეს "ფორმულა 1"-ს პოსტსაბჭოთა სივრცეში - და, შესაბამისად, საქართველოშიც - ათიათასობით გულშემატკივარი ჰყავს - მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ამ სახეობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერც კი იოცნებებენ. სიუჟეტი, რომელსაც ახლა ბიძინა რამიშვილი შემოგთავაზებთ, უწინარესად საავტომობილო სპორტის მოყვარულებს დააინტერესებთ.

"ფორმულა 1 "-ის ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ამჟამად 17 ეტაპისგან შედგება, აქამდე ძირითადად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე იმართებოდა. ბოლო ხანს ამ მხრივ ვითარება იცვლება. თუ ჩემპიონატის შემადგენელი ისეთი ტრადიციული ასპარეზობები, როგორიც არის იტალიის, ან დიდი ბრიტანეთის "დიდი პრიზები", კვლავაც პროგრამაში დარჩება, ზოგ ქვეყანას "ფორმულა 1"-ის დიდებულ სანახაობასთან გამოთხოვება მოუწევს. მათს ადგილს თანდათანობით დაიკავებენ ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნები.

მალაიზიაში, სეპანგის ავტოდრომზე, "დიდი პრიზი" უკვე რამდენიმე წელია, ეწყობა. წლეულს, 4 აპრილს, მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპს პირველად უმასპინძლებს ბაჰრეინის ახალთახალი სახირის ტრასა. წელსვე პირველად გათამაშდება "ჩინეთის დიდი პრიზიც". გაისისთვის დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში თურქეთის ჩართვა. შემდეგ კი რიგში დგანან ინდოეთი, სამხრეთი კორეა და, ასე გასინჯეთ, რუსეთიც.

მაინც, რა იმალება აღმოსავლეთისკენ ასეთი სწრაფვის მიღმა? საავტომობილო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია - ფია - მიიჩნევს, რომ ევროპაში მეტისმეტად ბევრი აკრძალვა მოქმედებს. როგორც ფიას პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ ამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, ევროპაში ბოლო დროს შემოღებული კანონები "ფორმულა 1"-ის ორგანიზატორებს თანდათან სულ უფრო მეტ სირთულეს უქმნის. იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, თამბაქოს რეკლამის აკრძალვა, სამუშაო კვირის შემცირება და უბედური შემთხვევის დროს კომპენსაციების გადახდის წესებში მომხდარი ცვლილებები.

ავტოსპორტის ნებისმიერ მოყვარულს კარგად მოეხსენება: თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების სპონსორობა რომ არა, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები თავის გატანას ვერ მოახერხებდნენ. თავად განსაჯეთ: კომპანია "მარლბორო" "ფერარის" გუნდის სალაროს ყოველწლიურად დაახლოებით 80 მილიონი ევროთი ავსებს. მაგრამ ევროპის კავშირის მესვეურები პრიტორიტეტს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ანიჭებენ, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, თამბაქოს რეკლამის ეტაპობრივ აკრძალვასაც ითვალისწინებს.

რადიო "თავისუფლება" დაუკავშირდა საავტომობილო მრეწველობის ბრიტანელ ექსპერტს მარკ ბურსას, რომლის თქმით, "ფორმულა 1", სპორტის ყველა სხვა სახეობაზე მეტად არის დამოკიდებული დაფინანსებაზე თამბაქოს კომპანიების მხრიდან.

[მარკ ბურსას ხმა] "ფორმულა 1" ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაფინანსების ახალი წყაროები გამონახოს. თუ ზოგიერთ მანქანას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ამ მხრივ მართლაც ბევრი კეთდება: მაგალითად, ერთ-ერთი მანქანა რეკლამას უკეთებს კომპანიას, რომელიც თამბაქოს დანებების ხელშემწყობ საშუალებებს აწარმოებს. კიდევ უფრო რთულია ვითარება, მაგალითად, კომპანია BAR-ის გარშემო. კომპანია "ბრიტიშ-ამერიკენ ტობაკო" ერთდროულად ამ გუნდის მფლობელიც არის და დამფინანსებელიც. ანუ, აქ საქმე გვაქვს არა მხოლოდ სპონსორობასთან, არამედ შემთხვევასთან, როცა საავტომობილო გუნდი თამბაქოს ფირმის შვილობილი კომპანიაა."

ფიას პრეზიდენტის მაქს მოსლის განცხადებით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ფორმულა 1"-ის მთელი ბიზნესი ადრე თაუ გვიან ევროპას გაეცლება და ახალი ბინის ძებნას შეუდგება. ამ გეგმას ეხმიანება BAR-ის გუნდის დირექტორის დეივ რიჩარდსის ამასწინანდელი განცხადება, რომ მისმა გუნდმა, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი დატოვოს და იაპონიაში გადაბარგდეს. "ფორმულა 1"-ის ერთ-ერთ შესაძლო ახალ ცენტრად ექსპერტები სპარსეთის ყურის პატარა, მაგრამ მდიდარ სამეფოს - ბაჰრეინს განიხილავენ.

მაგრამ სპეციალისტთა ერთი ნაწილი ავტოსპორტის მესვეურებს ურჩევს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი გარემოებაც გაითვალისწინონ: აქცენტის გადატანა ევროპიდან ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში არ იძლევა იმის გარანტიას, რომ "ფორმულა 1"-ის მსოფლიო ჩემპიონატი იქაც ისეთსავე პოპულარობას მოიპოვებს, როგორითაც "ძველ კონტინენტზე" სარგებლობს.

"ფორმულა 1"-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ათი გუნდიდან ერთ-ერთია ბრიტანეთის "იაგუარი", რომელსაც ახლა აშშ-ის ავტომრეწველობის გიგანტი - "ფორდი" ფლობს. "იაგუარის" კომუნიკაციების მენეჯერი ნავ სიდუ მეტად კრიტიკულად აფასებს იმ გუნდების პოლიტიკას, რომლებიც მთელ იმედს კვლავინდებურად თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებზე ამყარებენ.

[ნავ სიდუს ხმა] "კომპანია "ფორდმა", თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო მეტად მკაფიო და შეგნებული გადაწყვეტილება, აეკრძალა თამბაქოს კომპანიების სპონსორობა "ფორმულა 1"-ის საკუთარ პროგრამაში. "იაგუარის" გარდა, არის კიდევ არაერთი სხვა გუნდიც, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ ასევე მკაფიოდ და შეგნებულად გადაწყვიტა, საკუთარი ბედი თამბაქოსთან არ დაეკავშირებინა, რადგან ყველა ხედავდა, რა ხდებოდა ჰორიზონტზე."

როგორიც უნდა იყოს "ფორმულა 1"-ის შორეული მომავალი, ექსპერტთა უმეტესობა მაინც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ გეოგრაფიის გაფართოება საავტომობილო სპორტის ამ სახეობას უდავოდ ახალ იმპულსებს შესძენს.
[ძრავის ხმაური და მუსიკა]

წამყვანი:
ჩვენი გადაცემა კი დასასრულს მიუახლოვდა. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე - მადლობას გიხდით რადიომიმღებების ჩვენს ტალღებზე მომართვისათვის და გემშვიდობებით. ლაპარაკობს რადიო თავისუფლება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG