Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ახალი საკონსტიტუციო მოდელით უნდა მართოს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ერთსულოვნად იღებს.


საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მართვის განუზომელ უფლებებს იძენს. არად თავად პრეზიდენტი, მმართველი ელიტის წარმომადგენლებთან უნისონში, აცხადებს,

რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ასუსტებს. ექსპერტები ასე არ ფიქრობენ, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისადმი მათი ერთსულოვანი კრიტიკული დამოკიდებულება ქვეყნის მართვის ახალ მოდელზე გადასვლას ხელს ვერ უშლის. 5 თებერვალს საქართველოს მორჩილმა პარლამენტმა პირველი მოსმენით, 165 ხმით, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, 6 თებერვალს კი პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ დღეს პარლამენტში იყო ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების მძაფრი კრიტიკული გამოსვლები. პარლამენტის დასუსტების მოთხოვნის გაპროტესტება მოქმედ პარლამენტში თითებზე ჩამოსათვლელმა დეპუტატებმა შეძლეს.

პარასკევს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოხატა მადლიერება იმ 165 დეპუტატის მიმართ, რომლებმაც 5 თებერვალს, პირველი მოსმენით, ერთსულოვნად მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, იქვე გააკრიტიკა დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ის ოპოზიცია, რომელიც ხმაურობს პარლამენტში, არიან შევარდნაძისტები, მათგან დემოკრატიაზე ხმაური ცოტა სასაცილოა. იმით, რასაც ჩვენ ვიღებთ ( ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ეს არის ვენეციის კომისიის აზრიც), საქართველოს პრეზიდენტის უფლებები მცირდება."

სად და როგორ მცირდება პრეზიდენტის უფლებები? საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტარებს დაურიგდათ, ამის გარკვევა შეუძლებელია. ეს პროექტი მუხლობრივად მარტო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ განუხილავთ, ხუთშაბათს ის განიხილეს სასტუმრო მარიოტში შეკრებილმა ექსპერტებმაც. მათგან არც ერთს არ გამოუთქვამს განსხვავებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ, ახალი მოდელით, ერთი კაცის უფლებები განუზომლად იზრდება, სუსტდება პარლამენტი და ქვეყანაში დიქტატურის, უკეთეს შემთხვევაში კი, ავტორიტარიზმის შესაძლებლობა იქმნება. ეს ექსპერტები ნამდვილად არ ყოფილან შევარდნაძისტები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენებ ვენეციის კომისიის დასკვნას, კომისიის ექვსივე წევრის დასკვნა აქვთ იმ ექსპერტებსაც, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რბილად რომ ვთქვათ, დაიწუნეს. ექვსივე წევრის დასკვნა არის ცალსახად უარყოფითი. ამდენად, როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა გვითხრა, თქმა იმისა, რომ ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, აგრეთვე, აღიარა, რომ ამ პროექტით პრეზიდენტის უფლებები მცირდება, ტყუილია. ასეა თუ ისე, მმართველი ძალის წარმომადგენლები პარასკევს პარლამენტში ამტკიცებდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის პროგრესული და არ ქმნის დიქტატურის საფრთხეს.

[კოტე კემულარიას ხმა] "მიხეილ სააკაშვილი ცდილობს გაწონასწორების მექანიზმი შექმნას და გადაანაწილოს თავისი უფლებები. თუ გამსახურდიას 10 თვე ვაცალეთ და მერე დავუძახეთ დიქტატორი, თქვენ 6 დღეში ეძახით სააკაშვილს დიქტატორს?! არ გრცხვენიათ?! "

ამ შეკითხვით ოპონენტებს კოტე კემულარიამ მიმართა. პარასკევს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვას ახლდა განმარტებები იმის თაობაზეც, ვინ იყო ნამდვილი დიქტატორი:

[ელენე თევდორაძის ხმა] "შევარდნაძეს ჰქონდა ძალიან დიდი უფლებები, ის ნამდვილად იყო დიქტატორი. "

ასეთია მმართველი ძალის წარმომადგენლების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, ქმნის თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები დიქტატურის - გნებავთ, ავტოკრატიის - რეალურ საფრთხეს. ამ საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებლობას იღებს პარლამენტი, რომელსაც არა აქვს მოსახლეობის ნდობა და რომლის ლეგიტიმურობაზეც სერიოზული კამათი შეიძლება.
XS
SM
MD
LG