Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" გამოქვეყნებულია დან ბრენანის ვრცელი სტატია, რომელიც ქართულ ფეხბურთს ეძღვნება.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, უკანასკნელ წლებში არაეთრი ქართველი ფეხბურთელი მიიწვიეს ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში, მაგრამ დასანანი ისაა, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში, კორუფციისა და ძალადობის ასპარეზად იქცა. დან ბრენანი განაგრძობს:

"მრავალი ქართველი ფეხბურთელი მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიას კორუფციის წინააღმდეგ. გლაზგო რეინჯერსის ქართველი ვარსკვლავი შოთა არველაძე ამბობს, რომ მხარს უჭერს სააკაშვილის პოლიტიკას და იმედოვნებს, რომ საქართველოში მიმდინარე კამპანია კორუფციის წინააღმდეგ წარმატებით დამთავრდება. "პირადად ვიცნობ სააკაშვილს. მას უყვარს ფეხბურთი და იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია სპორტის ეს სახეობა საქართველოსთვის", - განაცხადა შოთა არველაძემ."

დღევანდელ მიმოხილვაში შემოგთავაზებთ ასევე გაზეთების გამოხმაურებას მოსკოვის მეტროში პარასკევს მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რასაც ოფიციალური მონაცემებით, 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 128 დაშავებული საავადმყოფოებშია მოთავსებული; ბევრი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. "პუტინის მიერ გაჩაღებულ ომს მეტი აფეთქებები მოჰყვება რუსეთში", - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია ბრიტანეთის გაზეთ "ტაიმსში". სტატიაში ვკითხულობთ:

"სისხლი და პოლიტიკა განუყოფელი ხდება რუსეთში. მომავალ თვეს საპრეზიდენტო არჩევნები; ხოლო მიმდინარე თვეს, ტერორისტული აფეთქება მოსკოვის მეტროში. იგივე მოხდა რუსეთში საპარლამენტო არჩევნების წინ გასულ დეკემბერს, როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა წითელ მოედანზე აიფეთქა თავი და იქვე მყოფი 5 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ხოლო მატარებელში მოწყობილმა აფეთქებამ სამხრეთ რუსეთში 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პარასკევს მომხდარი ტრაგედია ზეგავლენას იქონიებს საპრეზიდენტო არჩევნებზე 14 მარტს. ჩეჩნეთზე ააგო პუტინმა თავისი პოლიტიკური კარიერა.
სწორედ ბატონმა პუტინმა განაახლა ომი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მთელი მსოფლიო უთანაგრძნობს მოსკოვის მეტროში პარასკევს დაღუპულ მოქალაქეთა ოჯახებს. რუსი ხალხის ინტერესებს მოემსახურება, თუკი ბატონი პუტინი თვალს გაუსწორებს რეალობას ჩეჩნეთის საკითხში, და აღიარებს, რომ კავკასიის ამ რესპუბლიკაში კვლავაც გრძელდება ომი, და პირველ ნაბიჯებს გადადგამს ჩეჩნეთში ჭეშმარიტი მშვიდობის დასამყარებლად".

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტს" მოჰყავს სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ხოლო ამჟამად, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის კონკურენტის, ირინა ხაკამადას ნათქვამი იმის შესახებ, რომ მოსკოვის მეტროში 6 თებერვალს მომხდარი აფეთქება პუტინის ავტორიტეტის შელახვას ისახავდა მიზნად. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ უშიშროების უწყებათა საქმიანობა უშედეგოა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყებათა მესვეურებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თავიანთ პრიორიტეტულ მიზნად გამოაცხადეს", - დასძინა ირინა ხაკამადამ.
XS
SM
MD
LG