Accessibility links

logo-print

პოლ ბრემერი პეკაკას ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებს


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს ერაყში, დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა პოლ ბრემერმა განაცხადა,

რომ ამერიკა-ბრიტანეთის კოალიციას ქურთისტანის მუშათა პარტია პეკაკა, - ტერორისტულ ორგანიზაციად მიაჩნია. ოფიციალური ანკარა მიესალმა ამ განცხადებას, თუმცა ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ბრემერის ნათქვამმა შესაძლოა განარისხოს ის ერაყელი ქურთები, ვისთვისაც ქურთისტანის მუშათა პარტია სულაც არ წარმოადგენს ტერორისტულ ორგანიზაციას.

პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გადაწყვიტა ბოლო მოუღოს ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტების თარეშს.

"ტერორიზმისა თუ ტერორისტებისთვის ერაყში არაა ადგილი", - დასძინა პოლ ბრემერმა, და არა მარტო პეკაკა, არამედ ამ პარტიასთან შემოერთებული ქურთისტანის თავისუფლებისა და დემოკრატიის კონგრესი და ქურთისტანის სახალხო კონგრესიც მოიხსენია ამ კონტექსტში.

მას შემდეგ, რაც ბრემერი ამგვარი განცხადებით გამოვიდა ბაღდადში, რამდენიმე საათის შემდეგ ვაშინგტონში პრეზიდენტ ბუშისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ერდოანის შეხვედრა გაიმართა.

ანკარა, რომელიც ათეული წლების მანძილზე დევნის ქვეყანაში მცხოვრებ ქურთ უმცირესობას და აკრძალა ქვეყანაში ქურთისტანის მუშათა პარტიის, პეკაკას საქმიანობა, აცხადებს, რომ ამ პარტიას ჩრდილოეთ ერაყში აქვს ბაზები, საიდანაც ტერორისტულ თავდასხმებს აწყობს თურქეთის ტერიტორიაზე.

დამოუკიდებელმა ქურთმა პოლიტიკოსმა მაჰმუდ ოთმანმა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ დანიშნული ერაყის მმართველი საბჭოს წევრია, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარის ბრალდება პეკაკასადმი - უსაფუძვლოა, ხოლო შეერთებულ შტატებს თავისი ნატოელი მოკავშირის, თურქეთის გულის მოგება ამოძრავებს. გაუკეთა რა კომენტარი პოლ ბრემერის განცხადებას, მაჰმუდ ოთმანმა თქვა [მაჰმუდ ოთმანის ხმა]: "ვფიქრობ ეს განცხადება უსაფუძვლოა. იგი ანკარის გულის მოსაგებაა გამიზნული. ამგვარი მტკიცება მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან ჯერ ერთი, პარტიამ პარტიამ შეიცვალა სახელი და არა პეკაკა, არამედ სახალხო კონგრესი ჰქვია, ხოლო პარტიის წევრებს არ უბრძოლიათ და ერთი ტყვიაც კი არ გაუსროლიათ განვლილი 4 წლის მანძილზე".

ოთმანი აცხადებს, რომ პეკაკა მშვიდობიანი საშუალებებით იბრძვის თურქეთში მცხოვრები ქურთების პოლიტიკური უფლებებისთვის, და თურქეთის მთავრობას მოუწოდებს - სამშობლოში დააბრუნოს ჩრდილოეთ ერაყში გახიზნული ქურთები და უზრუნველყოს მათთვის ნორმალური ცხოვრების პირობები [მაჰმუდ ოთმანის ხმა]: "ვფიქრობ ამერიკელებმა და ყველამ ზეწოლა უნდა მოახდინონ ანკარაზე და შეაცვლევინონ პოლიტიკა, რათა ქვეყანაში საყოველთაო ამნისტია გამოცხადდეს წინაპირობების გარეშე, როცა ჩრდილოეთ ერაყში მყოფი ქურთები თურქეთში დაბრუნდებიან და მიეცემათ უფლება იღვაწონ ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციის ჩარჩოებში. ეს, როგორც თურქეთის, ასევე ყველასთვის იქნება სასიკეთო".

ზოგიერთი მიმომხილველი შიშობს, ვაი თუ ვაშინგტონის პროთურქულმა პოზიციამ დაპირისპირება გამოიწვიოს პეკაკასა და ერაყელი ქურთების ძალებს შორის, რაც მაჰმუდ ოთმანის თქმით, ანკარის წისქვილზე დაასხავდა წყალს, თუმცა ოთმანი დარწმუნებულია იმაში, რომ სხვადასხვა ფრაქციებად დაყოფილი ქურთები, ერაყში, ერთმანეთს არ დაერევიან.

ანკარის წინააღმდეგ 15-წლიანი ბრძოლის შემდეგ, რამაც 35,000-დე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პეკაკას დაპატიმრებულმა ლიდერმა აბდულა ოჯალანმა თურქეთის დატოვება უბრძანა თავის მომხრეებს 1999 წელს.
ვარაუდობენ, რომ პეკაკას 5,000-დე მებრძოლი და მათი ოჯახები, ჩრდილოეთი ერაყისა და ირანის მოსაზღვრე მთიანეთში იმალებიან. თუმცა მაჰმუდ ოთმანის თქმით, გაურკვეველია, პეკაკას რამდენი წევრია დღეს ერაყში და რამდენად შესძლებენ ისინი, თავდასხმის შემთხვევაში წინააღმდეგობა გაუწიონ კოალიციის ძალებს.

მაჰმუდ ოთმანმა განაცხადა, რომ ქურთების დევნა-შევიწროება თურქეთ-პეკაკას დაპირისპირებით არ შემოიფარგლება, და რომ ერაყის სხვა მეზობლები, სახელდობრ ირანი და სირია ასევე მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს - არ სცნოს ჩრდილოეთ ერაყში ქურთების ავტონომიური რეგიონი. "ჩვენ, ერაყის საშინაო საქმეებში ამგვარი ჩარევის მსხვერპლი გავხდით", - ამბობს მაჰმუდ ითმანი.
XS
SM
MD
LG