Accessibility links

ევროკავშირის წევრი-ქვეყნების შეშფოთება იმიგრანტების მოსალოდნელ მოზღვავებასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა ახლოვდება 1 მაისი, როცა ევროკავშირი ათ ახალ წევრს მიიღებს უმეტესწილად აღმოსავლეთი ევროპიდან,

და ამ კავშირის წევრი-ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ იმიგრანტების მოსალოდნელ მოზღვავებასთან დაკავშირებით.


ევროკავშირის მოახლოებულ გაფართოებასთან დაკავშირებით, იდეალისტური იმპულსები კავშირის ძველ წევრ-ქვეყნებში გარდაუვალი რეალობის პრაგმატიზმმა შეცვალა.

შვეციამ და ნიდერლანდებმა გადაწყვიტეს შეზღუდონ მუშახელის მოსალოდნელი მოზღვავება გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით პოლონეთიდან და, შვეციის შემთხვევაში, ბალტიის ქვეყნებიდან.

თავად ბრიტანეთმა, რომელიც ერთგული რჩება თავისი "ღია კარის" პოლიტიკისა, იმ იმიგრანტებისთვის, რომლებიც ახალგაწევრიანებული ქვეყნებიდან ჩავლენ ბრიტანეთში, სოციალური დაზღვევის მიღებაზე დაწესებული პროცედურა გაართულა.

ამდენად, ირლანდია აღმოჩნდა ერთადერთი სახელმწიფო 15-წევრიან ევროკავშირში, რომელიც ბოლომდე დარჩა ერთგული ამ კავშირის წევრ-ქვეყნებში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისა.

შვეციის პრემიერ-მინისტრმა გორან პერსონმა ამ დღეებში განაცხადა, რომ აურაცხელ პრობლემებს მოელის, თუ შვეცია სათანადო ზომებს არ მიიღებს იმიგრაციის შესაზღუდად.

როგორც სტოკჰოლმის ყოველდღიური გაზეთის "სვენსკა დაგბლადეტის" მიმომხილველი ანდერს იუნსონი აღნიშნავს, გორან პერსონის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა იმთავითვე მომხრე იყო "ღია კარის პოლიტიკისა" ახალი წევრი-ქვეყნებიდან ჩამოსული მუშახელის მიმართ, მაგრამ ამგვარი მიდგომა, სრულიად მოუკლოდნელად შეიცვალა [ანდერს იუნსონის ხმა]: "მოხდა ის, რომ მთავრობამ დაინახა, რომ კავშირის თითქმის ყოველ სხვა წევრ-ქვეყანას ექნება საგანგებო განაწესი, და ამდენად, შვეცია ვერ იქნება ერთადერთი ქვეყანა, შესაძლოა ბრიტანეთთან და ირლანდიასთან ერთად, ვინც თავისუფალ იმიგრაციას დაუშვებს".

გერმანია აცხადებს, რომ შესაძლოა 7 წლის ვადით აკრძალოს ქვეყანაში იმიგრაცია. დანია და ფინეთი 2 წლით აპირებენ ამგვარი შეზღუდვის დაწესებას; ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდებმაც. ყოველივე ამის ფონზე რა გასაკვირია შვეციის შიში იმიგრანტების მოსალოდნელ მოზღვავებასთან დაკავშირებით [ანდერს იუნსონის ხმა]: "პრემიერ-მინისტრმა ამას წინათ განაცხადა, რომ მიამიტობა იქნება იმის გაფიქრება, რომ ჩვენ კარებს გავუღებთ ყველას, ვინც აღმოსავლეთი ევროპიდან ჩამოვა, ხოლო შემდეგ დავინახავთ, რომ ეს ადამიანები, ყველა აქ, მხოლოდ ათ საათს იმუშავებენ კვირაში, რათა სოციალურად იყვნენ დაზღვეული".

შვეციის პრემიერ-მინისტრს გორან პერსონს განზრახული აქვს თავდაპირველად 2 წლით აკრძალოს ქვეყანაში იმიგრაცია, რაც შემდგომ, კიდევ 3 წლით შეიძლება გაგრძელდეს.

ტალინში, ესტონელმა პოლიტოლოგმა ტარმუ ტამერკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი წევრი-ქვეყნები ანგარიშს უწევენ იმას, რომ ათი ახალი წევრის მიღებით მათ ახალი კონკურენტები გაუჩნდებათ ეკონომიკის სფეროში.

ბრიტანეთში, პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის მთავრობამ უარყო ევროკავშირის ახალ მოქალაქეთა ჩამოსვლაზე შეზღუდვის დაწესება.
და მაინც, მოსახლეობის მხრიდან სულ უფრო მზარდი ოპოზიციის გამო მთავრობა იძულებული გახდა ახალი განაწესი შემოეღო იმ პოტენციური იმიგრანტების მიმართ, ვინც სოციალური დახმარების მისაღებად დააპირებს ბრიტანეთში ჩასვლას.

ბრიტანეთის ოპოზიციურ, კონსერვატიულ პარტიას მიაჩნია, რომ მთავრობამ უნდა აკრძალოს, საერთოდ, ქვეყანაში იმიგრანტების მიღება. ეს პარტია არარეალურს უწოდებს მთავრობის მტკიცებას, რომ ყოველწლიურად 13,000-დე ადამიანს თუ გაუჩნდება ბრიტანეთში ჩასვლის სურვილი. კონსერვატიული პარტია გაცილებით უფრო მაღალ მაჩვენებელს ასახელებს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის სხვა წევრები აღარ მიიღებენ იმიგრანტებს.
XS
SM
MD
LG