Accessibility links

როდის დაასახელებს პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 6 თებერვალს პარლამენტმა ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რის შედეგადაც, საქართველოში მინისტრთა კაბინეტის ინსტიტუტი დაკანონდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით,

სწორედ გუნდური პრინციპით დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტის დახმარებით გახდება შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება, რისი იმედითაც საქართველოს მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა ახალ ხელისუფლებას. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს საზოგადოების დაინტერესება მინისტრთა კაბინეტის შესაძლო პერსონალური შემადგენლობით.

"სიმპათიური, ქალებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული" -
პრეზიდენტი სააკაშვილი ზოგადად ასე ახასიათებს მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობას, რომელიც მას ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაში უნდა დაეხმაროს. ჯერჯერობით მომავალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან დანამდვილებით მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ვინაობაა ცნობილი - ზურაბ ჟვანია ამ თანამდებობაზე უალტერნატივო კანდიდატია.
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " შევარდნაძემ იმისათვის გამოაცხადა, ჟვანია იქნება პრემიერიო, რომ ჟვანია ჩავარდნილიყო. მე იმისათვის ვაცხადებ, ჟვანია იქნება პრემიერი-მეთქი, რომ ჟვანია გავიდეს. და ვითხოვ ყველას მხარდაჭერას."
მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის გარდა, 14 მინისტრით იქნება დაკომპლექტებული. როგორც ჩანს, გავრცელებული ცნობები, რომ არ შეიცვლებოდნენ ამ თვენახევრის წინ დანიშნული მინისტრები, არ დადასტურდება. უპირველესად, თანამდებობას გამოემშვიდობება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტამიროვა, რომლის მინისტრობის ყველაზე დრამატულ მოგონებად დარჩება ზუგდიდში ლტოლვილთა მიერ მძევლობაში გატარებული საათები - ლტოლვილთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთიანდება. გაერთიანდება ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებიც - როგორც ამბობენ, ამ თანამდებობაზე თბილისის ვიცე-მერი გიორგი კარბელაშვილის კანდიდატურაა წამოყენებული. კიდევ ერთი ვიცე- მერი, კახა შენგელია, შესაძლოა, განათლების მინისტრად მოგვევლინოს. სოროსის ფონდის დირექტორმა კახა ლომაიამ უარი თქვა ამ თანამდებობაზე.
თანამდებობას შეინარჩუნებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომლის საქმიანობით კმაყოფილებას პრეზიდენტი არ მალავს. კიდევ ერთ ძალოვანს, უშიშროების საქმეთა მინისტრ ვალერი ხაბურძანიას, კონტროლის პალატის თავმჯდომარეობას სთავაზობენ. უშიშროების მინისტრი დღევანდელი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გახდება, იუსტიციის მინისტრი კი - დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ანი ახალკაცს შესთავაზეს, რომელიც წლების მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობს.
დაუდასტურებელი ცნობებით, შესაძლოა, თანამდებობა აღარ შესთავაზონ საგარეო საქმეთა მინისტრ თედო ჯაფარიძეს. ამ თანამდებობაზე, სხვადასხვა წყაროს ცნობით, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ბეჟუაშვილი ვიხილოთ. სხვა წყაროებით, გელა ბეჟუაშვილი უფრო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია.
მოკლედ, ვერსიები სხვადასხვა არსებობს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. ოღონდ ეგ არის, ცოტა ბუნდოვანია, როდის დაასახელებს იგი მინისტრების კანდიდატურებს - ამ დღეებში პარლამენტის მიერ მიღებული გარდამავალი დებულება ასეთ ვადებს აწესებს: მინისტრობის კანდიდატების დასახელების ვადაა 15 დღე საკონსტიტუციო ცვლილებების გამოქვეყნებიდან. ცვლილებები ჯერ არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, დრო კიდევ არის.
XS
SM
MD
LG