Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ფონდის რეკომენდაციების უპირობო შესრულებას არ აპირებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თბილისში ტექნიკურ და რეგულარულ მისიასთან ერთად თავისი მაღალი რანგის ჩინოვნიკიც გამოგზავნა. გასულ წლებში საქართველოს მთავრობასთან

დაძაბული ურთიერთობისა და შეწყვეტილი პროგრამული დაფინანსების ფონზე, ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ეს ჟესტი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობის მორიგ დემონსტრირებად იქნა მიჩნეული.

სავალუტო ფონდის ახლად შექმნილი შუა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ჯულიან ბერენგაუტის ვიზიტი, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო და იგი ორ დღეში დასრულდა. კვირის ბოლოს კი ამავე დეპარტამენტის ტექნიკურ და რეგულარულ მისიას შეუერთდა ხელმძღვანელი პაოლო ნოიჰაუზი, რომლის სამუშაო შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან 2 კვირას გასტანს.

ამ შეხვედრების ძირითადი პათოსი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოიკვეთა ვაშინგტონში გამართულ დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც დირექტორებმა საქართველოსთან პროგრამის გაგრძელების საკითხი განიხილეს. ამ განხილვის დროს გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები ზოგადად ახასიათებს საერთაშორისო ორგანიზაციების ახალ ქართულ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებას. დასავლეთი "ვარდების მთავრობის" მიმართ იმედიანია, თუმცა აქვე არც წინა წლების პრაქტიკის დავიწყება სურს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას, მართალია, სურდა შეღავათიანი კრედიტებისა და დახმარებების მიღება, მაგრამ თითქმის არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს დახმარება დაემსახურებინა. უფრო პირიქით, კორუფციაში ჩაფლული მთავრობა საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების საპირისპიროდ მოქმედებდა.

რევოლუცია და მის შემდგომ ფორმირებული ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა სრულებითაც არ გახლავთ იმის ერთადერთი წინაპირობა, რომ ამიერიდან ყველა დონორი ჩვენ მიმართ უპრეცენდენტოდ გულუხვი იქნება და კრედიტებისა და გრანტების "ქარავანი" საქართველოსაკენ უპირობოდ დაიძვრება. თუმცა ნოემბრის შემდგომი მოვლენები, უდავოდ, გარკვეული სტიმულია საამისოდ, მაგრამ ეს გახლავთ მხოლოდ შუალედური ეიფორია და საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური ავანსი, რომლის მსგავსი ათიოდე წლის წინაც გვახსოვს და რომელიც არ შეიძლება, თავისთავად, დიდხანს გაგრძელდეს. არსებობს გარკვეული თამაშის წესები, რომლის დაცვა ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში აუცილებელია.

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საერთაშორისო საფინანსო ისნტიტუტების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ფონდს ჩვენთან ჰყავს შეურიგებელი მოწინააღმდეგეები და ასევე უაპელაციო მხარდამჭერები. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში რეალობა სადღაც შუაშია, რადგან არ შეიძლება ყველა ჩვენს უბედურებაში ეს ორგანიზაცია იყოს დამნაშავე ან, პირიქით, ყოველივე პოზიტიური, თუ ამდაგვარი ქართულ ეკონომიკას გააჩნია, სწორედ ვაშინგტონელი ემისრების დამსახურება იყოს.

გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებას საკმაო აჟიოტაჟი მოჰყვა ეკონომისტებს შორის. ბოლო პერიოდში ფონდის მიმართ დიპლომატიურობით არც ექს-პრეზიდენტი გამოირჩეოდა, რომელიც პროგრამული დაფინანსების შეწყვეტას დასავლეთის მხრიდან მის პირად ღალატად აღიქვამდა და, ამ მხრივ, გაღიზიანებას არც მალავდა.

სააკაშვილი ფონდის რეკომენდაციების უპირობო შესრულების წინააღმდეგია და, თუ ეს ორგანიზაცია არ გაიზიარებს იმ ფისკალურ პოლიტიკას, რის განხორციელებასაც ახალი ხელისუფლება აპირებს და რომლის კონტურებიც პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებებში გამოჩნდა, მაშინ საქართველომ ამ ინსტიტუტთან ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა აირჩიოს. თუ რა ფორმა, ამას სააკაშვილი არ აკონკრეტებს. ექსპერტთა ნაწილი ამ განცხადებაში ხედავს ქვეყნის ხელისუფალის ურყევ ნებას თავისი ეკონომიკური დანაპირების განსახორციელებლად, ნაწილისათვის კი ეს კომენტარი მხოლოდ პუბლიკის ემოციებზე თამაშის ხელოვნებად აღიქმება. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა ჯერჯერობით მხოლოდ ლოზუნგების დონეზეა ჩამოყალიბებული და ზოგადად ფისკალური კანონმდებლობის გამარტივებასა და წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის გადასახადების შემცირებას გულისხმობს. ეს დეკლარაციები დოკუმენტის სახით არ არსებობს, არ არსებობს არც კონკრეტულ ღონისძიებათა გაწერილი გეგმა, მათი შესაძლო ეკონომიკური ეფექტის პროგნოზირება. შესაბამისად, აპრიორი შეუძლებელია ცნობილი იყოს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტის ან დონორის დამოკიდებულება რეფორმის მიმართ.

ის, რომ ქვეყანას თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერ საერთაშორისო ურთიერთობაში, ალბათ, საკამათო არაა. არც ის იქნება ნორმალური, რომ იაფი კრედიტებით დროებით სულის მოთქმის გამო ჩვენ ნებისმიერ პირობაზე დავთანხმდეთ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და, განსაკუთრებით, სავალუტო ფონდს აქვს თავისი ზოგადი ტრაფარეტული პოლიტიკა, რომელიც მისი ძირითადი დამფუძნებლების ინტერესებიდან გამომდინარეობს და რომლის უპირობო მიღება რიგ შემთხვევაში, მართლაც, გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებისათვის. ამგვარი მაგალითები საქართველოსთან მიმართებაშიც არსებობს. 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოცენებული ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართ ეს ინსტიტუტი ხშირად არცთუ სამართლიანი იყო. ფონდი წინააღმდეგი იყო საქართველოს შემოეღო თავისი ეროვნული ვალუტა და ეს ორგანიზაცია გვირჩევდა, დავრჩენილიყავით რუსული რუბლის ზონაში. შედეგად, ჩვენ ჯერ ვალუტის სუროგატის, კუპონის, ჰიპერინფლაციის ტყვეობაში აღმოვჩნდით, შემდეგ კი წლები დასჭირდა მაშინდელი მძიმე შედეგების ფსიქოლოგიიდან გამოსვლას და დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ჩანასახის შექმნას.

1998 წლის რუსეთის ფინანსური კრიზისის შემდეგ, რომელიც ყველა მეზობელ ქვეყანას "გადაედო", ფონდი დაჟინებით გვთხოვდა მყისიერად გადავსულიყავით ლარის თავისუფალი კურსის რეჟიმზე, რითაც დავიცავდით ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვს განიავებისაგან. მაშინ ქვეყანამ ეს პირობა არ მიიღო და ეტაპობრივად მოახდინა ეროვნული ვალუტის დევალვაცია და მხოლოდ წლის ბოლოს გამოაცხადა თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმზე გადასვლა, რითაც, მართალია, ლამის ამოწურა სავალუტო რეზერვი, მაგრამ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სისტემა უცილობელ გაკოტრებას გადაარჩინა და მოსახლეობას ისედაც მწირი შემოსავლებისა და დანაზოგების მორიგი გაუფასურება ააცდინა.

ეს მხოლოდ მცირედი მაგალითია იმის, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ რეკომენდაციების მხოლოდ ბრმა შემსრულებელი. მაგრამ იმავე სავალუტო ფონდთან თუ სხვა დონორებთან ურთიერთობაში არ შეიძლება რეალობისა და ელემენტარული პრაგმატიზმის გრძნობის დაკარგვა, მით უმეტეს, რომ დღეს სავალუტო ფონდი, სამწუხაროდ, უფრო მეტად სჭირდება საქართველოს და არა პირიქით.
XS
SM
MD
LG