Accessibility links

logo-print

ქართული პარტიზანული მოძრაობის აღზევება და დაცემა


3-4 თებერვალს ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონში ჩატარებული

კონტრტერორისტული ოპერაციით, რომლის ძირითადი სამიზნეც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ ქართველ პარტიზანთა ყველაზე უფრო რადიკალური ჯგუფის, "ტყის ძმების", მებრძოლები აღმოჩნდნენ, საქართველოში პრაქტიკულად წერტილი ესმება პარტიზანულ მოძრაობას. ერთ დროს თავგანწირულ მებრძოლებს, რომლებიც ამჟამად ციხის საკნებში იმყოფებიან, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ურიგებდა იარაღს აფხაზ სეპარატისტებთან საომრად.

პარტიზანებს არ იცნობენ სახეზე, მათ ვინაობას უმალავენ შვილებს, პარტიზანებს არ უწყობენ საზეიმო შეხვედრებსა და არ კრძალავენ სამხედრო დიდებით; თბილისში, გმირთა მოედანზე აღმართულ მარმარილოს მემორიალურ კედელზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა, არ არის ამოტვიფრული დაღუპული პარტიზანების სახელები. არადა, მხოლოდ "ტყის ძმებში" 92 დაღუპული მებრძოლი ირიცხება. მათ შორის არის 27 წლის ზაზა ბერია. იგი ძმასთან, ბესოსთან, და 12 თანამებრძოლთან ერთად, 1998 წლის მაისში, გალის მოვლენების დროს, ალყაში მოექცა. ბრძოლაში ბესო მძიმედ დაიჭრა, ზაზა კი დაიღუპა. მათი დედა, ქალბატონი თინა მატკავა, ასე იხსენებს 6 წლის წინანდელ ამბავს:

[თინა მატკავას ხმა] "ერთადერთი, რაც მახსენდება, ის არის, რომ, როცა გავიდოდნენ ესენი ბრძოლის ხაზზე, ყოველთვის ვლოცავდი როგორც ჩემს საკუთარ, ისე სხვების შვილებს. და რომ დაბრუნდებოდა ჩემი შვილი, ვეკითხებოდი: 14 მიდიოდით და ხართ თუ არა ყველა ცოცხალი? და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიკითხავდი ჩემს შვილს. როცა მომივიდა ჩემი შვილის დაღუპვის ამბავი, პირველად ვიკითხე: ყველანი არიან თუ არა ცოცხლები? დე, ჩემი შვილი თუ გაიწირა, არა უშავს, სხვები თუ დაბრუნდნენ ცოცხალი-მეთქი. ასე ვაგზავნიდი ამათ ბრძოლის ყოველ გზაზე."[სტილი დაცულია]


პარტიზანულმა მოძრაობამ, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაფანტულმა მებრძოლებმა წამოიწყეს, 1997-98 წლებში თავის პიკს მიაღწია. იმ დროისათვის პარამილიტარისტული ჯგუფები უხვად მარაგდებოდნენ ფულითა და იარაღით თბილისიდან, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხის საშუალებით. აფხაზეთის ყოფილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, არსებობდა საიდუმლო გეგმა, რომელიც მაშინდელი უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრმა იცოდა და რომლის ნამდვილი მიზანი დღემდე უცნობია:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "გალის მოვლენებს მე, საერთოდ, უარყოფითად ვაფასებ. ეს მე დღემდე ვერ გავიგე, რა იყო. თუმცა იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მე ძალიან მაინტერესებს, თუ რა მოხდა, როგორ დაიგეგმა, რა თანხები დაიხარჯა, რა იყო მიზანი - გალის დაბრუნება და წინ წაწევა თუ ის, რაც მოხდა."

1998 წლის მაისის გალის მოვლენები იქ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ტრაგიკულად შემოუტრიალდა. აფხაზურმა სადამსჯელო რაზმებმა, გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზის მედესანტეების დახმარებით, გადაწვეს 1000-მდე საცხოვრებელი სახლი, დახოცეს პარტიზანების მხარდაჭერაში შემჩნეული რამდენიმე ათეული მოქალაქე და ხიზნად აქციეს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი. პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ სწორედ გალის მოვლენები იყო პარტიზანული მოძრაობის დაღმავლობის დასაწყისი:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "გალის მოვლენების შემდეგ, როდესაც ასეთი დარტყმა მიადგა ამ მოძრაობას, ბევრი მათგანი, მართლაცდა, დარჩა ხელმოცარული და, ცხადია, სახელმწიფომ ვერაფერი გააკეთა მათი დასაქმებისთვის. ესენი უკონტროლოდ დარჩნენ. წარმოიდგინეთ იარაღიანი ნაომარი ხალხი... სამწუხაროდ, ზოგიერთმა მათგანმა ხელი მიჰყო კრიმინალურ საქმინობას."

4 თებერვალს ზუგდიდსა და წალენჯიხაში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაცია სწორედ დამნაშავეობის გზაზე დამდგარი პარტიზანების შეპყრობასა და იზოლირებას ისახავდა მიზნად. ანუ სახელმწიფო, ხელისუფლება, კვლავ ნაცადი გზით წავიდა: ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა პარტიზანების დეკრიმინალიზება და სოციალური რეაბილიტაცია, ერთი ხელის მოსმით დააპატიმრა ყველა, ვისზეც ოპერატიული ცნობა არსებობდა. თუმცა დაკავებულთაგან 17 პირი, რომელთა მიმართაც ეჭვი არ გამართლდა, პოლიციამ მეორე დღესვე გაათავისუფლა. პარტიზანული რაზმის, "ტყის ძმების", ლიდერი დავით შენგელია ამბობს, რომ საჭირო არ იყო ასეთი ხმაურიანი აქციის ჩატარება, რადგან იარაღის ჩაბარების სურვილით მათ თავად მიმართეს ხელისუფლებას. თუმცა, შენგელიას თქმით, პარტიზანები მზად არიან წავიდნენ ციხეში, თუკი ეს ქვეყანას დასჭირდება:

[დავით შენგელიას ხმა] "ამ აყვანაში, მართლაც, მოხვდა ნორმალური და პატიოსანი ხალხი. მაგრამ უმტკივნეულოდ არაფერი არ ხდება. და ეხლა მომავალში რას გააკეთებენ, მაგი არ ვიცი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ჩავაბაროთ იარაღი. და თუ საქართველოს ერთიანობას რომ ვიცავდით, მაგისთვის დაგვიჭირეს, რა ვქნათ, მაგისთვისაც მზად ვართ."(სტილი დაცულია)

პარტიზანებს არ იცნობენ სახეზე, მათ ვინაობას უმალავენ შვილებს, პარტიზანებს არ უწყობენ საზეიმო შეხვედრებსა და არ კრძალავენ სამხედრო დიდებით, ბოლო ხანს კი მათ უკვე ტერორისტებსა და დამნაშავეებთან აიგივებენ. მაგრამ ქართველ პარტიზანებს და მათ ახლობლებს იმედი აქვთ, რომ როდისმე სიმართლის თქმის დროც დადგება.
XS
SM
MD
LG