Accessibility links

logo-print

სახელმწიფოსა და მისი სიმბოლოების კავშირი


პირველი ბრძანებულება, რომელსაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო დროშას შეეხებოდა. დროშის შეცვლით სიმბოლურად გაცხადდა,

რომ ახალმა პრეზიდენტმა ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო.

გასულ კვირას საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა: "რამდენადაც ვიცი, ბატონ ზვიად გამსახურდიას სურდა დროშის შეცვლა, მაგრამ ვერ მოასწრო; დროშის შეცვლა ვერც შემდგომმა პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ შეძლო. ახლა კი, მადლობა ღმერთს, ეს განხორციელდა."

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისთვის შინდისფერი დროშა დამოუკიდებელი საქართველოს მემკვიდრეობის ფაქტს აღნიშნავდა და მაშინ ეს ზღვრული ამბიცია იყო. საბჭოთა საქართველოს ალისფერი დროშის შემდეგ 1918-21 წლების სახელმწიფო დროშის აღმართვა სიამაყით ავსებდა ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც.

სულ სხვა ამბიციით დაბრუნდა საქართველოში ედუარდ შევარდნაძე. იგი ხშირად აცხადებდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა დავაფუძნოთ ახალი სახელმწიფო. შევარდნაძე კარგად აცნობიერებდა, რომ, "დამფუძნებელი მამის" სახელის მოსაპოვებლად, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მთლიანად უნდა შეცვლილიყო სახელმწიფო სიმბოლიკა. მაგრამ მაშინდელმა პრეზიდენტმა "დინჯი" ტაქტიკა აირჩია და, პირველ რიგში, კონსტიტუციის შეცვლა განიზრახა. ედუარდ შევარდნაძე სამი წლის განმავლობაში ამზადებდა ნიადაგს ახალი კონსტიტუციისთვის და 1995 წელს, მძიმე და ხანგრძლივი დებატების ფონზე, პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო.

ამის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო სახელმწიფო სიმბოლოების შეცვლის მცდელობა და შესაბამისი ავტორიტეტული კომისიაც ჩამოყალიბდა. ახლად დაფუძნებული სახელმწიფოს მთავარ სიმბოლოდ კი ახალი საკათედრო ტაძარი გამოცხადდა. ქვეყანა შეუდგა სამების გრანდიოზული ტაძრის მშენებლობას, რომელსაც, პრეზიდენტის გეგმით, ერი და ბერი უნდა გაეერთიანებინა.

მაგრამ ედუარდ შევარდნაძის მიერ სიმბოლოების შეცვლისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა. სახელმწიფოს მიერ ჰიმნთან დაკავშირებით გამართული კონკურსი არა მხოლოდ სკანდალით, არამედ - კრახით დასრულდა. მკაცრად გასაიდუმლოებული კონკურსის შედეგად, 51 ჰიმნიდან საზოგადოების სამსჯავროზე ორი გამოიტანეს. გავრცელდა ხმები, რომ საუკეთესო ჰიმნები დამალეს, რადგან გამარჯვებული ჰიმნის ავტორს ჯილდოდ რამდენიმე ათასი ლარი ელოდა. ბოლოს და ბოლოს, ჰიმნზე ძალადობა ხელისუფლებამ ვერ გაბედა.

ფუჭად დასრულდა დროშის შესაცვლელად გაწეული შრომაც, რომელიც სახელმწიფო კომისიის რამდენიმე შეკრებით, მეცნიერთა კომენტარებით და უსიცოცხლო საპარლამენტო განხილვით ამოიწურა.

საზოგადოება გულგრილი აღმოჩნდა ტაძრის მშენებლობის მიმართაც. მართალია, სამების ტაძარი აშენდა, მაგრამ ქართველების ცნობიერებაში ის ვერ დამკვიდრდა თანამედროვე საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლოდ.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას სახელმწიფო სიმბოლოების შეცვლა მუდმივად აქტუალურ და, იმავდროულად, განუხორციელებელ პრობლემად რჩებოდა. შესაბამისად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება ცდილობდა, შეექმნა ახალი ჰიმნი და ვერ ქმნიდა მას; ცდილობდა, შეეცვალა დროშა და ვერ ცვლიდა მას; საზოგადოება არც კი ცდილობდა, აეშენებინა ახალი საკათედრო ტაძარი. სინამდვილეში, ეს შთაბეჭდილება მთლიანად ილუზორული იყო. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო სიმბოლოები აღმნიშვნელებია, რომლებმაც უნდა დაადასტუროს, რომ არსებობს თავად აღსანიშნი - ახალი სახელმწიფო. ცხადია, სწორედ ეს სურდა მაშინდელ პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი თავი ამ სახელმწიფოს დამფუძნებლად მიაჩნდა. საზოგადოების ერთი ნაწილიც არაცნობიერად იმედოვნებდა, რომ აღმნიშვნელის შექმნით შეიქმნებოდა თავად აღსანიშნი, ესე იგი, სიმბოლოების შექმნით შეიქმნებოდა სახელმწიფო. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა: სიმბოლოები მხოლოდ იმას გამოხატავს, რაც არსებობს. ის ფაქტი, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობისას საზოგადოებამ ვერ შექმნა ახალი სიმბოლოები, მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ თავად სახელმწიფო ვერ დაფუძნდა.

მიხეილ სააკაშვილის პირველი ბრძანებულება დროშის შეცვლის თაობაზე ისევ საწყის წერტილთან გვაბრუნებს - ახალი სახელმწიფოს დაფუძნებასთან. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ კონსტიტუციის შეცვლა და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოველდღიური დაპატიმრებები. "ვარდების რევოლუციის" დღეებში გამოთავისუფლებული საზოგადოებრივი ენერგია ახალ პრეზიდენტს ჯერჯერობით მყარ საფუძველს უქმნის ამ ნაბიჯების გადასადგმელად.

ფაქტია, რომ ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად კაბინეტებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კი არა, მებრძოლი ადამიანების სულისკვეთებამ და ღვაწლმა დაამკვიდრა. ეს კარგი ათვლის წერტილია. თუკი რიგითი მოქალაქეების მებრძოლი სულისკვეთება და ღვაწლი ქვეყანას მომავალშიც გაჰყვება, მხოლოდ ამ შემთხვევაში სიმბოლოებზე კამათი დასრულდება და სახელმწიფო მზად აღმოჩნდება, თავისი ახლებური არსებობა ახალ სიმბოლოებში ასახოს.
XS
SM
MD
LG