Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები აქტიურად ცდილობენ გააქარწყლონ ეჭვი, რომ ერაყის თაობაზე დაზვერვამ რიგიანად ვერ იმუშავა


ამ ორი კვირის წინ გაეროს და აშშ-ის იარაღის ინსპექტორმა დევიდ კეიმ საკმაო რაოდენობის ადამიანებს მისცა საფუძველი, ეჭვი შეეტანათ არა მხოლოდ აშშ-ის დაზვერვის მუშაობის ხარისხში,

არამედ იმაშიც, თუ რამდენად სერიოზული იყო ომის დაწყების მიზეზები. პირველი, ვინც უპასუხა ინსპექტორთა კრიტიკას, თავდაცვის მინისტრი იყო. დონალდ რამსფელდმა ოთხშაბათს სენატის სამხედრო სამსახურების კომიტეტის სხდომაზე განმარტა, თუ რატომ ვერ მიაგნეს მასობრივი განადგურების იარაღს ერაყში აშშ-ის მზვერავებმა:

[რამსფელდის ხმა] "თვითონ განსაჯეთ, სადამ ჰუსეინის მოძებნას 10 თვე დასჭირდა. ის მღვიმე, სადაც ჰუსეინი იპოვეს, საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ მასში იმ რაოდენობის ბიოლოგიური იარაღი დაემალათ, რამდენიც ათასობით ადამიანის მოსპობას ეყოფოდა."

შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ჯორჯ ტენეტი გამოვიდა სიტყვით. "ჯორჯ ტაუნის უნივერსიტეტში" მან დაიცვა თავისი უწყება და ერაყში შექმნილ ვითარებას დაზვერვისთვის უკიდურესად სახიფათო უწოდა:

[ტენეტის ხმა] "შეკითხვა, რომელსაც ერაყის თაობაზე კატეგორიულად სვამენ, არის: მართალი ვიყავით ჩვენ თუ მტყუანი? დაზვერვის საქმეში არასოდეს არ არის კაცი მთლად მართალი ან მთლად მტყუანი. ეს სავსებით ეხება სადამის მასობრივი განადგურების იარაღსაც."

რამდენიმე საათის შემდეგ თვით ბუშმა ილაპარაკა სამხრეთ კაროლინის შტატის სანავსადგურო ქალაქ ჩარლსტონში, ატლანტის სანაპიროზე. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, იპოვეს თუ არა ამერიკელმა ინსპექტორებმა აკრძალული იარაღი და იყო თუ არა ომამდელი დაზვერვა რიგიანი. ჰუსეინის ჩამოგდება, მისი თქმით, სამართლიანი საქმე იყო. [ბუშის ხმა] "იმ ცოდნით, რომელიც მქონდა და იმ ცოდნით, რაც ახლა მაქვს, ვიცი, რომ ამერიკამ სწორად იმოქმედა ერაყში."

ბუშის ეს ფრაზა საყვედურს ჰგავდა სახელმწიფო მდივნის პაუელის მიმართ ერთი ამასწინანდელი ნათქვამის გამო. პაუელმა, კერძოდ, თქვა: არა ვარ დარწმუნებული, ომს მივემხრობოდი, რომ მცოდნოდა, ერაყი არ ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღსო. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, 1990-იან წლებში, სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის ალ გორის მრჩეველი იყო ლეონ ფურტი. მან ჩვენს რადიოს უთხრა: შესანიშნავია, როცა ტენეტი ამბობს დაზვერვაზე, რომ ის, თავისი ბუნებით, არასრულყოფილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაზვერვის ობიექტი არის მტერი, მისი ქმედება და მიზანიო. მას აოცებს ის, თუ როგორ შეუძლია თეთრ სახლს, ასე დარწმუნებული იყოს ერაყში ომის დაწყების მართებულობაში, თუკი იცის, რომ დაზვერვის მასალები, რომელსაც იღებდა, ხარვეზებს შეიცავდა [ფურტის ხმა]:
"თუკი, როგორც ტენეტიც ამბობს, დაზვერვა, მართლაც, არასრულყოფილი იყო, ჩნდება კითხვა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების სისწორის მიმართაც, რომელიც ერაყის გამო შეშფოთებას მოჰყვა."

ჯონ ჰალსმენი საგარეო ურთიერთობათა მკვლევარია კონსერვატულ "ჰერიტიჯის" ცენტრში. მან რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს უთხრა, რომ, განსხვავებით ბრიტანეთის ლიდერ ტონი ბლერისაგან, რომელიც ერაყში ომს მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღს უკავშირებდა, ჯორჯ ბუში ასახელებდა სხვა არაერთ მიზეზს, როგორიცაა ერაყში ადამიანის უფლებები, ირანთან სასტიკი ომი და აკრძალული იარაღის არსენალი. ჰალსმენის აზრით, ბუშის ამ არგუმენტებმა ახლა მეტი ფასი შეიძინა: [ჰალსმენის ხმა] "ბუშის ადმინისტრაციის ნამოქმედარი, რის მიმართაც ომამდე კრიტიკული ვიყავი, ახლა მის სიძლიერედ გადაიქცა. ისინი ჰუსეინის ჩამოგდების არაერთ მიზეზს ასახელებდნენ. მაგრამ ახლა ის, რაც ომამდე სისუსტე იყო, სიძლიერედ იქცა."

ჰალსმენი დაასკვნის, რომ კეიცა და ტენეტიც რეალური ვითარების წარმოჩენას უწყობენ ხელს: [ჰალსმენის ხმა] "ჩემი აზრით, ტენეტის სიტყვიდან ჩანს, რომ დაზვერვა ხელოვნებაა და არა მეცნიერება. ვფიქრობ, რომ ახლა შევდივართ გაურკვევლობის ფაზაში, სადაც ჭეშმარიტება აღარ მოემსახურება სიცრუეს."
XS
SM
MD
LG