Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი ხელისუფლება სავალუტო ფონდის რეკომენდაციების რევიზიას აპირებს?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრებს განაგრძობს.

წინასწარი ვარაუდით, ფონდი საქართველოსთან თავისი პროგრამების აღდგენისთვისაა განწყობილი. ამავე დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ არ გაგრძელდება წინა წლების ტრადიცია, როცა საქართველო უსიტყვოდ იზიარებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. მისი განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

ქართველი ექსპერტები ჯერჯერობით ერიდებიან მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებას. მათი უმრავლესობა არაფორმალურ საუბრებში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ძნელი მისახვედრია, რას გულისხმობს პრეზიდენტი, როცა აცხადებს, რომ ამიერიდან სავალუტო ფონდის რეკომენდაციების რევიზია მოხდება. მთლიანობაში, ასეთ მიდგომას მიესალმება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნიკო ორველაშვილი, ოღონდ ერთი შენიშვნით - მისი აზრით, ურიგო არ იქნება იმის გარკვევა, რა იგულისხმება საქართველოს ინტერესებში:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "მე ვიქნებოდი მოხარული და ბედნიერი, როგორც მოქალაქე და ეკონომისტი, თუკი მექნებოდა საშუალება, გავცნობოდი სამთავრობო ან საპრეზიდენტო დოკუმენტებს, სადაც ასახული იქნებოდა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში. და მე მგონი, ამით ძალიან გავუმარტივებდით საქმეს როგორც საკუთარ თავს, ისევე დონორებს ჩვენი დახმარების გაწევის პროცესში."

რაიმე წინასწარი ვერსიების გამოთქმაზე თავს იკავებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე, რომელიც ერთში დარწმუნებულია: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს ძალიან გაუჭირდება პარიზის კლუბში თავის კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციაზე რაიმე შეთანხმების მიღწევა. რომან გოცირიძის აზრით, რა პოლიტიკა ჩამოყალიბდება, სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, ეს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენის შემდეგ გაირკვევა:

[რომან გოცირიძის ხმა] "ფაქტობრივად, ახალ პროგრამაზე იწყებენ მუშაობას. ის ბიუჯეტი წარსულს ჩაბარდა. ახლა ახალ ბიუჯეტზეა მიბმული ყველაფერი. ყველაფერი გაირკვევა, როცა დაზუსტდება ახალი ბიუჯეტის პარამეტრები - რაზე თანხმდება სავალუტო ფონდი. მერე იქნება ლაპარაკი იმაზე, რა უნდა შესრულდეს."

შეგახსენებთ: 2003 წლის აგვისტოში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 53 მილიონით შემცირებას, ხოლო გადასახადების ამოღების გაზრდას 14 მილიონით. მაშინდელმა მთავრობამ ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტი მოამზადა, მაგრამ პარლამენტს იგი არც განუხილავს. ქვეყანა ბანკროტად გამოცხადებისგან ნოემბრის მოვლენებმა იხსნა. კიდევ ერთი შეხსენება: ქვეყნის საგარეო ვალი 2 მილიარდ დოლარს აღწევს.

9 თებერვალს ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის პრესკონფერენციაზე 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ზოგადი პარამეტრები დასახელდა - ბიუჯეტის შემოსავლები მილიარდ 773 მილიონით განისაზღვრა, ხარჯები კი - მილიარდ 931 მილიონით. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი თებერვლის ბოლოს იქნება მზად და პარლამენტი მას, სავარაუდოდ, მარტში დაამტკიცებს.

სხვა ვერსიას გამოთქვამენ ექსპერტები, რომელთა აზრითაც, ახალ ბიუჯეტს 28 მარტს არჩეული პარლამენტი დაამტკიცებს. შესაბამისად, მაისამდე მაინც ქვეყანას ძველი ბიუჯეტით ცხოვრება მოუწევს.
XS
SM
MD
LG