Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახლოებული არჩევნების ზოგიერთი პრობლემა


დავით პაიჭაძე, თბილისი საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში დაახლოებით თვენახევარი დარჩა. ამისდა კვალად, სიმწვავე ემატება არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე "ტრადიციულ" პრობლემას.

9 თებერვალს არჩევნების მედიაცენტრში სწორედ ასეთ პრობლემებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრები. რა საარჩევნო სირთულე გამოიკვეთა და როგორ ესახებათ მისი დაძლევა პოლიტიკოსებსა და საარჩევნო მოხელეებს?

პრობლემები, ყველა არჩევნებს რომ თან ახლდა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 28 მარტის არჩევნებზე მოხსნილი იქნება. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს ვერწმუნებით, ე.წ. კარუსელი, საარჩევნო სიების დიდი ოდენობით ხელოვნურად გაზრდა, პირდაპირი ძალადობა საარჩევნო უბნებზე წარსულს ბარდება. თუმცა ზოგი პრობლემა მაინც რჩება:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "ეს, ძირითადად, მაინც დაკავშირებულია მისამართებთან და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხმის მიცემასთან. სიების მდგომარეობა რთულია, მაგრამ არა იმგვარად, რომ მისი გადაჭრა არ შეიძლებოდეს. ჩვენ მოვახდენთ სიების კომპიუტერიზაციას - ვინც დარეგისტრირდა დეკემბერში ან 4 იანვარს, ხოლო ვინც ამ სიაში ვერ მოხვდა, მარტში დამატებითი ვადა მიეცემა ამ სიებში რეგისტრაციისათვის. ახლა მიმდინარეობს დისკუსია, თუ როგორ დავხვეწოთ ეს პროცედურები."

სიებში რამდენიმე ადგილას რეგისტრირებული ამომრჩევლისა და გარდაცვლილთა მოხვედრა სულაც არ მიაჩნია მცირე პრობლემად ტრადიციონალისტთა კავშირის წევრს ირაკლი მელაშვილს. მელაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კომისიას ნება რომ ჰქონდეს, ამ პრობლემას მოევლებოდა:

[მელაშვილის ხმა] "ცოტა ეჭვი მიჩნდება, რომ აუტკივარ თავს არ იტკიებენ და ინტერესიც არა აქვთ ამ პრობლემათა სწრაფი მოგვარების. პირველ რიგში, ამ ხელისუფლებას არ არგებს ეს."

ირაკლი მელაშვილის თქმით, გარდაცვლილთა საარჩევნო სიაში ყოფნა, აგრეთვე არსებობა ადამიანებისა, რომელთაც, მრავალგან რეგისტრაციის ძალით, ერთზე მეტად შეუძლიათ ხმის მიცემა, საგრძნობ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე:

[მელაშვილის ხმა] "საშუალოდ, თვეში 15 ათასი გარდაცვლილია. სამ თვეში ეს რიცხვი აღწევს 45 ათასს. ჰკითხეთ, აბა, შალვა ნათელაშვილს, რას ნიშნავდა 45 ათასის დაკლება, როცა 7%-ანი ზღვრის მიღმა დატოვეს რამდენიმე ასეული ხმით. და კიდევ: გარდაცვლილთა სიები ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს ხელშია, ანუ ექნება იმას, ვინც ამ 25 ათასს სათავისოდ გამოიყენებს."

მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიმართ სხვა ეჭვიც ჩნდება, რომელსაც იურისტი დავით უსუფაშვილი გვიზიარებს:

[უსუფაშვილის ხმა] "ყველაზე სახიფათოა ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის ფაქტორი არჩევნებში. ტრადიციულად ასე ხდებოდა: ცენტრალური საარჩევნო კომისია ნაკლებად აკონტროლებდა პროცესებს ადგილებზე, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ცენტრალურისგან იღებდა დირექტივებს. ასე რომ, არჩევნების გაუყალბებლობის გარანტია უნდ შექმნას თავად ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელიც სწორ მითითებებს მისცემს ქვემდგომ ორგანოებს."

დავით უსუფაშვილის ამ ეჭვს პარლამენტის წევრი, გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი მნიშვნელოვან პრობლემად აღიარებს და ასე უპასუხებს:

[მაჭავარიანის ხმა] "სამწუხაროდ, და, ალბათ, სასიხარულოდ, ბევრი რამ ახლა ცესკოს პრინციპულობაზეა დამოკიდებული - ცესკოს თავმჯდომარემ და ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ არც ერთ გამგეობაზე არ იყოს დამოკიდებული საოლქო კომისია. როგორც კი ასეთი ჩარევა თავს იჩენს ოლქშიც და კამპანიაშიც, ეს ძალიან მკაცრად უნდა აღიკვეთოს, თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლითაც კი".

გარდა ამისა, მიხეილ მაჭავარიანი აღიარებს, რომ ხელისუფლება მზად არის, გადახედოს კომისიების დაკომპლექტების წესსაც, რომელიც დღეს გამორიცხავს პარტიათა თანაბარ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. თუმცა კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და მაჭავარიანის განცხადება იმ კაცის სიტყვებად გაისმის, რომელიც, უბრალოდ, ვერ ასწრებს სიკეთის გაკეთებას.
XS
SM
MD
LG