Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში სარეისო თვითმფრინავით გამგზავრებას გეგმავს


10 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში მიემგზავრება. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ 14 ოფიციალურ პირთან ერთად

რუსეთის დედაქალაქს თბილისი-მოსკოვის რეგულარული სარეისო თვითმფრინავით ესტუმროს და ამით საქართველოს ბიუჯეტის სახსრები დაზოგოს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადასაფრენად საპრეზიდენტო ლაინერის "ილ-62-ის" გამოყენებაზე უარის თქმას საბიუჯეტო სახსრების ეკონომიით ხსნის. მისივე განმარტებით, ერთი ვიზიტის სატრანსპორტო ხარჯებით საქართველოს სახელმწიფო, დაახლოებით, 100 ათასი ამერიკული დოლარის ეკონომიას აკეთებს. პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილებით კმაყოფილებას ვერ ფარავს უბრალო მოქალაქეთა ერთი ნაწილი:

[მოქალქეთა ხმა] "საერთოდ, პრეზიდენტი ხალხში სულ თავისუფლად უნდა დადიოდეს, იმიტომ რომ ხალხს უყვარს ძალიან და შეუძლია იაროს თავისუფლად თვითმფრინავით, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ჩვენ ის.

ალბათ, რა ქვეყნის წარმომადგენელიც ხარ, ისე უნდა იქცეოდე და ჩვენ ის წინა მთავრობა სწორედ იმიტომ არ მოგვწონდა, რომ სხვანაირად ცხოვრობდნენ ისინი და სხვანაირად ცხოვრობდა ხალხი. მე, პრინციპში, არ ვთვლი ამას პოპულისტურ ნაბიჯად და ვთვლი, რომ ნორმალურია." (სტილი დაცულია)

მე სახელმწიფო კანცელარიის პროტოკოლის განყოფილებაში შევეცადე გამერკვია პრეზიდენტის მოსკოვში არატრადიციული გამგზავრების დეტალები. თუმცა პროტოკოლის სამსახურის უფროსმა გიორგი გორგილაძემ განაცხადა, რომ ოფიციალური განცხადებების გაკეთების უფლება მხოლოდ პრესმდივანს აქვს. პრესმდივანი გიორგი არველაძე კი ან ტელეფონის ზარებს არ უპასუხებს, ან კიდევ ტელეფონი აქვს გამორთული.

გორგილაძემ კი ჩემთან არაოფიციალურ საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტი სამუშაო ხასიათისაა და რუსეთის დედაქალაქში ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავით ჩაფრენისას არც ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართება და არც თვითმფრინავის უბრალო მგზავრებს მოუწევთ პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიალის დასრულებამდე თვითმფრინავში ლოდინი.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სააკაშვილის წინამორბედმა დროებითმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში თავისი ვიზიტი ეტიკეტის სრული დაცვით განახორციელა. მის საპრეზიდენტო თვითმფრინავს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენისას სამხედრო ავიაგამანადგურებლებიც კი თან ახლდა. ეს, სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად, პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტიებისთვისაც საჭიროა. მასზე უარის თქმა კი ჩემ მიერ გამოკითხულ უბრალო მოქალაქეთა მეორე ნაწილს გაუმართლებლად მიაჩნია:

[მოქალაქის ხმა] "ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება 2 საკითხი: ერთი არის, რამდენად დაცული იქნება პრეზიდენტი ჩვეულებრივი თვითმფრინავით, იმიტომ რომ ის, განსხვავებით ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, ქვეყნის პირველი პირია და მასზე უფრო მეტადაა გადატანილი ყურადღება ტერორისტებისა და სხვა ძალების მიერ და, მეორე კიდევ, დაიწყება საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ შეუძლია საკუთარი პრეზიდენტი საკუთარი თვითმფრინავით ამგზავროს და ეს კიდევ ერთხელ ქილიკისა და დაცინვის თემა შეიძლება გახდეს არა მარტო რუსულ მედიაში, არამედ სხვა გამოცემებშიც."

იმოქმედებ თუ არა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, არატრადიციული გამგზავრება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის განწყობაზე ან საქართველოს ბიუჯეტზე, ეს ახლო მომავალში, სააკაშვილის ვიზიტის დასრულებისთანავე, გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG