Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოფობიის 70 წელი


1933 წლის დეკემბერში იოსებ სტალინმა

ახალი მუხლი დაუმატა საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსს - ჰომოსექსუალობა (მამათმავლობა) კანონის დარღვევად იქნა მიჩნეული. იმ დღიდან საბჭოთა ჰომოსექსუალებს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. იმ დღიდან მოსკოვში, ლენინგრადში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში სექსუალურ უმცირესობათა მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. კომუნისტურ ეპოქაში ხელისუფლებამ გაითვალისწინა საზოგადოების აგრესია ჰომოსექსუალების მიმართ და სექსუალური უმცირესობები - "ტროცკისტებთან", "იმპერიალისტთა აგენტებთან", კონტრრევოლუციონერებთან ერთად მოიხსენია. დღეს მინდა გაგაცნოთ რუსეთის პრეზიდენტის ეგრეთ წოდებულ "სტალინურ არქივში" ორი წლის წინ აღმოჩენილი დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად აკანონებს ჰომოფობიას საბჭოთა კავშირში.

[მუსიკა]

1933 წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო, ეგრეთ წოდებული "ოგპუ", დაინტერესდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებით, რომელთა აქტიურობა შესამჩნევი გახდა ნეპის პერიოდში. თავდაპირველად დააპატიმრეს 130 კაცი. ხელისუფლების ეჭვს არსებითად იწვევდა არა იმდენად მათი სექსუალური, რამდენადაც პოლიტიკური ორიენტაცია. თუმცა კრემლი, რომელიც "ხალხის მტრებზე" ნადირობისთვის ემზადებოდა, სექსუალურ უმცირესობებსაც "ანტისაბჭოთა ელემენტებად", კონტრრევოლუციონერებად განიხილავდა. დასრულდა ის დრო, როცა ბოლშევიკების რევოლუცია ყველანაირი ბორკილისგან - მათ შორის, "სექსუალური ბორკილისგან" - განთავისუფლებად მოიაზრებოდა. რევოლუციის მე-15 წლისთავზე ბოლშევიკური სახელმწიფო უკვე საბჭოთა იმპერიად იქცა. ის ხალხი კი, ვინც იმპერიის სათავეში დგას, მოგეხსენებათ, ყველგან და ყოველთვის გამოირჩეოდა ეჭვიანობით. თუ ჰომოსექსუალები უკვე დამკვიდრებულ "სექსუალურ სისტემას" ეწინააღმდეგებიან, ე.ი. ისინი წინააღმდეგობას უწევენ, საერთოდ, სისტემას, დესტრუქციული ვნებებით ცხოვრობენ. ამიტომ მათი იზოლირება აუცილებელია. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ 1933 წელს სტალინს ჯერ კიდევ გაუჭირდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის აღდგენა, რომელიც ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გააუქმეს.

საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ბოლშევიკური რევოლუცია თავის დროზე "სექსუალურ რევოლუციადაც" აღიქვა, სტალინის ამ ჟესტს "წარსულში დაბრუნების" ნიშნად მიიჩნევდა. აუცილებელი იყო გამოენახათ პოპულარული პიროვნება, "ჭეშმარიტი ბოლშევიკი", რომელსაც ყველაფერთან ერთად ჰუმანისტის სახელიც ექნებოდა. ინიციატივა სწორედ ამ ადამიანისგან უნდა წამოსულიყო. კრემლს ასეთი კაცის პოვნა არ გაუჭირდა. 1933 წლის შემოდგომაზე "პრავდაში" გამოქვეყნდა მაქსიმ გორკის წერილი "პროლეტარული ჰუმანიზმი", რომელშიც პროლეტარული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი მოსახლეობას ფაშიზმის დამარცხების კონკრეტულ გზას სთავაზობდა:

"არა ათობით, არამედ ასობით ფაქტი ამტკიცებს, თუ როგორ რყვნის ფაშიზმი ევროპის ახალგაზრდობას. ამ ფაქტების ჩამოთვლა გულს მირევს... კულტურულ ქვეყანაში, დიდი ფილოსოფოსების, მეცნიერების, მუსიკოსების ქვეყანაში, ისინი თავისუფლად დანავარდობენ. გავანადგუროთ ჰომოსექსუალიზმი და ფაშიზმი აღარ იარსებებს."

ფაშიზმის სწრაფი განადგურების პერსპექტივამ გორკის წერილის გამოქვეყნების შემდეგ ფრთები შეასხა ხელისუფლებას. 1933 წლის მიწურულს გაჩაღდა საიდუმლო მიმოწერა "ოგპუს" ხელმძღვანელს იაგოდასა და კრემლის მაღალჩინოსნებს შორის. ეს დოკუმენტი სულ ახლახან აღმოაჩინეს ვლადიმირ პუტინის ეგრეთ წოდებულ "სტალინურ არქივში".

"იაგოდა:
მოსკოვსა და ლენინგრადში კონტრრევოლუციური მიზნით იქმნება პედერასტების ორგანიზებული ჯგუფების სალონები, გარყვნილების ბუნაგები, საროსკიპოები... მათი მიზანია გაათახსირონ ჩვენი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით მუშა-ახალგაზრდობა, შეაღწიონ საბჭოთა არმიასა და ფლოტში.

სტალინი:
სასწრაფოდ უნდა დავსაჯოთ გაიძვერები. კანონმდებლობაში კი შევიტანოთ სათანადო მუხლი.

მოლოტოვი:
რა თქმა უნდა.

კაგანოვიჩი:
სწორია.

ჰომოსექსუალების დაპატიმრებები თავდაპირველად ხმაურის გარეშე მიმდინარეობდა. მოსამართლეები სისხლის სამართლის ახალ მუხლს ჯერ კიდევ იზეპირებდნენ. თუმცა, როგორც ამბობენ, სასამართლოზე განსასჯელს უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათის კითხვებს უსვამდნენ: "რა კავშირი გაქვთ ანტისაბჭოთა ორგანიზაციებთან?", "გყავთ თუ არა ნათესავები გერმანიაში?" და ა.შ. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, სექსუალურ უმცირესობათა დევნას მაშინვე მოჰყვა მათი უფლებების დამცველთა გააქტიურება. ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდა გაზეთ "მოსქაუ ნიუსის" მოსკოველი კორესპონდენტი ჰარი ვაიტი. ინგლისელმა ჟურნალისტმა, რომელიც, სხვათა შორის, არ უარყოფდა, რომ თავად იყო ჰომოსექსუალი, სტალინს არაერთი წერილი გაუგზავნა. როგორც თავად აღნიშნავდა, ის "მარქსისტული პოზიციიდან" უმტკიცებდა კრემლის ლიდერს, რომ ახალი საბჭოთა კანონი "კომუნისტურ ჰუმანიზმს მოკლებულია". ჰარი ვაიტი აღნიშნავდა:

"ის პირები, რომლებიც ჰომოსექსუალები გარყვნილებამ გახადა, როგორც წესი, ბურჟუაზიას მიეკუთვნებიან. მათი ცალკეული წარმომადგენლები ამ გზას მაშინ დაადგნენ, როცა მეტისმეტად დანაყრდნენ ათასგვარი სიამოვნებითა და გარყვნილებით ქალებთან სექსუალურ ურთიერთობაში... მაგრამ არიან ჰომოსექსუალები, რომლებიც ასეთებად მატერიალური სიდუხჭირის გამო იქცნენ. ეს ხალხი იძულებული იყო ამგვარად დაეკმაყოფილებინა სექსუალური მოთხოვნილება, რადგან უსახსრობა არ აძლევდა დაქორწინების ან მეძავებთან ურთიერთობის საშუალებას."

ჰარი ვაიტის წერილებში მოყვანილია მარქსისა და ენგელსის ციტატები, რომელიც, ინგლისელი ჟურნალისტის აზრით, ამტკიცებს, რომ კომუნიზმის კლასიკოსები ლოიალურად იყვნენ განწყობილნი სექსუალურ უმცირესობათა მიმართ. თუმცა ვაიტმა მარქსისტულ მეთოდოლოგიას მაინც აუარა გვერდი და სტალინს "პროგრესული დასავლელი მეცნიერების" ახალი გამოკვლევების შედეგებიც გააცნო. მისი სიტყვებით:

"მაგრამ არიან "თანდაყოლილი ჰომოსექსუალებიც". გამოკვლევები ამტკიცებს, რომ ასეთი ტიპის ადამიანები თანაბარი პროცენტით არსებობენ საზოგადოების განსხვავებულ კლასებში და ყველა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ორ პროცენტს შეადგენენ... ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში ორი მილიონი ჰომოსექსუალია, რომელთა შორის ბევრი აქტიურად მონაწილეობს სოციალიზმის მშენებლობაში. ნუთუ შეიძლება ამდენი ადამიანის დაპატიმრება?"

თავის ბოლო წერილში ინგლისელი კომუნისტი კატეგორიულად მოითხოვს სტალინისგან "სახალხოდ გამოხატოს თავისი ავტორიტეტული აზრი ამ საკითხის მიმართ". ბელადმა ეს წერილები, მართლაც, წაიკითხა, მაგრამ თავის ნაშრომებში "მარქსიზმის ჰომოსექსუალური ხაზის" განვითარება არ ისურვა - იგი მაშინ ენათმეცნიერებით უფრო იყო გატაცებული. ინგლისელი ჟურნალისტის წერილებს კი სტალინმა ასეთი კომენტარი დაურთო: "არქივში. იდიოტი და დეგენერატი. სტალინი."

"იდიოტად" და "დეგენერატად" ბელადმა, ცხადია, ჰარი ვაიტი მოიხსენია. რამდენიმე კვირაში წერილების ავტორი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. დღეს რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ვაიტს ბედმა გაუღიმა - იმხანად იგი თავისუფლად შეეძლოთ თავისი "ანომალიური სექსუალური მოთხოვნების" დასაკმაყოფილებლად რომელიმე საბჭოთა ბანაკში გამოემწყვდიათ, იქ, სადაც 1992 წლამდე, სანამ რუსეთის ხელისუფლებამ სექსუალურ უმცირესობათა დასჯის ეს მუხლი არ გააუქმა, "სექსუალურ დისიდენტებს" გზავნიდნენ. ზოგიერთი რუსი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ამ მუხლით ზოგჯერ საბჭოთა სისტემის მიმართ არალოიალურად განწყობილ იმ ადამიანებსაც ასამართლებდნენ, რომელთაც ჰომოსექსუალობასთან არაფერი ჰქონდათ საერთო. და პირიქით, "გამოჭერილი" ჰომოსექსუალი საბჭოთა ხელისუფლებისთვის მშვენიერი მასალა გახდა კაგებეს რიგების გასაზრდელად. სექსუალურ უმცირესობათა "შემჩნეული" წარმომადგენლები ხშირად იძულებულები ხდებოდნენ "სუკის" ინფორმატორებად ემუშავათ.

მაქსიმ გორკის წინასწარმეტყველების მიუხედავად, "პედერასტების დაპატიმრებით" ფაშიზმის დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საბჭოთა კოდექსში ამ ცვლილების შეტანის შემდეგ იოსებ სტალინს ადოლფ ჰიტლერმაც მიჰბაძა და ჰომოსექსუალების დევნა დაიწყო. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სტალინისა და ჰიტლერის ეს "სინქრონული აქცია" განაპირობა არა იმდენად ტოტალიტარულმა რეჟიმმა, რომლის მამამთავრები ყველგან და ყოველთვის ალმაცერად უყურებდნენ ჰომოსექსუალებს, რამდენადაც სტალინსა და ჰიტლერს შორის ჩამოყალიბებულმა ფარულმა ვნებამ... იმან, რაც, შესაძლებელია, არც კი გაუაზრებიათ კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების დიქტატორებს. ამ ვნების შესახებ ერთი კვირის შემდეგ ვისაუბროთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG