Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიელ ტერორისტს სამოქალაქო ომის პროვოცირება ჰქონდა განზრახული ერაყში


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა იმის შესახებ,

რომ გასულ თვეს ხელში ჩაუვარდათ წერილი, რომელშიც ერაყში მოქმედი ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფება დახმარებას სთხოვს "ალ-ყაიდას" ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაძევების საქმეში.

ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენელმა ერაყში, გენერალმა მარკ კიმიტმა განაცხადა, რომ ხსენებული წერილი, რომლის შესახებ ცნობა ორშაბათის ნომერში გამოაქვეყნა გაზეთმა "ნიუ-იორკ ტაიმსმა", დაწერილია ერაყში მოქმედი იორდანიელი ტერორისტის, აბუ მუსაბ ალ-ზარქავის მიერ [მარკ კიმიტის ხმა]: "დარწმუნებული ვართ, რომ ზარქავია ამ წერილის ავტორი. როგორც შევიტყვეთ, წერილი კურიერს მიჰქონდა ერაყიდან სხვა ქვეყანაში ჩასატანად, და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში შევძლებთ ამ წერილის გამოქვეყნებას".

ამ ცნობამ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია ალ-ზარქავი, რომელსაც კარგა ხანია უკვე შეერთებული შტატები "ალ-ყაიდის" მოკავშირედ მიიჩნევს. ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ალ-ზარქავის ყოფნა ერაყში იმის დასტურად მოიხსენია, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი შესაძლოა საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყო დაკავშირებული.

ალ-ზარქავის 17-გვერდიან წერილში ნათქვამია, რომ თავდასხმები ერაყში მცხოვრები შიიტი უმრავლესობის სალოცავებსა და სათვისტომოს ლიდერებზე შეიარაღებულ კონფლიქტს გამოიწვევს შიიტებსა და სუნიტებს შორის, რაც სამოქალაქო ომში გადაიზრდება და აიძულებს კოალიციის ძალებს დატოვონ ერაყი.

თეთრი სახლის პრეს-დივანმა სკოტ მაკკლელანმა განაცხადა, რომ ხსენებული წერილი ცხადყოფს, რომ ციტატა: "ერაყია მთავარი ფრონტი ტერორიზმთან მიმდინარე ომში".

წერილში, ალ-ზარქავი აღიარებს, რომ სულ უფრო რთულდება ერაყელების გადაბირება, რომ ისინი კოალიციის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს შეუერთდნენ.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია და ერაყში განთავსებული კოალიციის ლიდერები ალ-ზარქავის წერილს მიიჩნევენ იმის დასტურად, რომ ერაყი, გლობალური ტერორიზმის წინა ხაზზე იყო იმთავითვე. ასეთივე აზრი გამოთქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმაც.

"ისინი ცდილობენ რა შეიძლება მეტი ტერორისტი მიიზიდონ ერაყში და შექმნან ახალი ტერორისტული ორგანიზაციები, რათა ჩვენ ვერ შევძლოთ დასახული მიზნის მიღწევა. მაგრამ ამას ისინი ვერ შესძლებენ", უთხრა კორესპონდენტებს კოლინ პაუელმა.

ალ-ზარქავი იორდანიის დედაქალაქში 2002 წელს ამერიკელი დიპლომატის, ლოურენს ფოლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. წერილში ალ-ზარქავი აღნიშნავს, რომ თვითმკვლელი ტერორისტების ხელით ერაყში 25 აფეთქება მოაწყო.

ხსენებული წერილის ასლი ამერიკელ სამხედროებს გასულ თვეს ჩაუვარდათ ხელში, როცა ქურთების შეიარაღებულმა რაზმმა "ალ-ყაიდის" კურიერი ჰასან გიული დააპატიმრა ჩრდილოეთ ერაყში.

შოტლანდიის წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტის ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტის, მაგნუს რანსტორპის აზრით, თავად ალ-ზარქავი არ უნდა იყოს "ალ-ყაიდის" წევრი, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ლიდერი იორდანიაში შექმნილი დაჯგუფებისა, რომელიც ამ ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის მონარქიას ეწინააღმდეგება, იმთავითვე ჩაება ბრძოლაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეერთებული შტატების ყოფნის წინააღმდეგ [მაგნუს რანსტორპის ხმა]: "ალ-ზარქავი არის სალაფისტი, ვაჰაბისტური სკოლის მიმდევარი ფანატიკოსი სუნიტი, და ამ ხალხისგან სულაც არაა გასაკვირი რელიგიური სიმბოლოების განადგურება, რათა გართულდეს ერაყში დემოკრატიის დამკვიდრება. ეს იქნება ძალადობის ცალკეული აქტები, რაც განარისხებს სხვადასხვა სათვისტომოს, გამოიწვევს არეულობას, ხოლო ყოველივე ეს გაუადვილებს მათ ოპერაციების განხორციელებას დასავლეთის, და განსაკუთრებით შეერთებული შტატების წინააღმდეგ".

ალ-ზარქავი თავის წერილში იმასაც აღიარებს, რომ სუნიტების უცხოეთიდან მართვადმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ჯერჯერობით ნაკლებად შესძლეს თავიანთ რიგებში ერაყელების გადაბირება.

ამასობაში, ძალადობას ერაყში არ უჩანს ბოლო. სამშაბათს, დანაღმული ავტომანქანა პოლიციის შენობასთან აფეთქდა ქალაქ ისკენდერიაში, რის შედეგად 50-დე ადამიანი დაიღუპა; ათობითაა დაჭრილი.
XS
SM
MD
LG